შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - ჯერ თენგო ბარბაქაძის მიმართ განხორციელდა ძალადობა, შემდგომ ხიდის ეპიზოდში, როცა დაინახა მოძალადეები, გააჩერეს მანქანა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი, გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა. ადვოკატი „ინტერპრესნიუსთან და „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ: „ძალადობა ჯერ თენგო ბარბაქაძის მიმართ განხორციელდა, ხოლო ხიდთან, როდესაც მოძალადეები დაინახა, მანქანა გააჩერეს და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი“.

ადვოკატ გიორგი ფოფხაძის ინფორმაციით, გუშინ ღამით იმ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება მოხდა, სადაც ჩხუბის ეპიზოდი იყო ასახული და თენგო ბარბაქაძე სასამართლოს განჩინებით, დღეს დილით დააკავეს.

„თენგო ბარბაქაძე დააკავეს დღეს დილით. ჩემთვის უცნობია, თუ რას ედავება გამოძიება. როდესაც ბრალს გადმოგვცემენ მხოლოდ ამის შემდეგ მეცოდინება კვალიფიკაცია. ალბათ, აქ საუბარია ძალადობის მუხლზე, ვინაიდან სხვა დანარჩენთან შემხებლობა არ ჰქონია. მონაწილეობდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, ჯერ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, შემდგომ ხიდის ეპიზოდში, როდესაც დაინახა მოძალადეები, გააჩერეს მანქანა და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. გუშინ ვიდეოჩანაწერების დათვალიერება მოხდა, სადაც ასახული იყო ჩხუბის ეპიზოდი და სასამართლოს განჩინებით დილით დააკავეს," - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, თენგო ბარბაქაძე ხიდზე მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, თუმცა გიორგი შაქარაშვილი არ უნახავს. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ თენგო ბარბაქაძეს გიორგი შაქარაშვილთან არავითარი პრეტენზია არ ჰქონია, ვინაიდან შაქარაშვილს არც თენგო ბარბაქაძეზე და არც მის მეგობრებზე არ უძალადია. ამასთან, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მერსედესის მარკის ავტომობილში მჯდომ არცერთ ადამიანს „ხელში არაფერი არ ეჭირა“ და თავად მანქანის მფლობელი, ძიუდოისტი გიორგი ტატიაშვილი დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა.

„ხიდის ინციდენტი შესაძლოა დავყოთ რამდენიმე ეტაპად იმიტომ, რომ იქ რამდენიმე მანქანა მონაწილეობდა. როდესაც ის ინციდენტი მოხდა, სადაც თენგო ბარბაქაძე მონაწილეობდა, იყო თუ არა ადგილზე გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი, ეს უცნობია, ვინაიდან, თვითონ ბარბაქაძეს არ უნახავს და რომც დაენახა, მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ ექნებოდა, ვინაიდან ის არ იყო იმ მოძალადეების რიცხვში, რომელმაც იძალადა თენგო ბარბაქაძესა და მის მეგობრებზე. არავის არაფერი არ ეჭირა, ეს იყო მერსედესის მარკის მანქანა, რომელიც იყო ძიუდოისტის მფლობელობაში და თვითონ ტატიაშვილი არ მონაწილეობდა არცერთ დაპირისპირებაში. ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ გადმოვიდა და მანქანას არ სცილდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს, რომ მიიღო მონაწილეობა ფიზიკურ დაპირისპირებაში. მის მიმართ იძალადეს, აქვს დაზიანებები ფეხზე და ხელზე. შემდგომ თქვა, რომ მეგობრების წამოსაყვანად წასვლისას დაინახეს მოძალადეები და ისევ შევიდნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში," - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. დაკავებულებს ედავებიან ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა რბევა, იარაღის გამოყენება, სახელმწიფო წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა, ასევე ედავებიან თავისუფლების უკანონო აღკვეთას, ხულიგნობასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას. დაკავებულებს შორის არიან: ვასილ მახარაძე, არჩილ გაგნიძე, თენგო ბარბაქაძე, საბა ჩხარტიშვილი, ირაკლი მუმლაძე, ნიკა ჟვანია, ირაკლი წაქაძე.

19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2020
ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ტერაბანკის ინოვაციური ბოტის საკომუნიკაციო კამპანიამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება