აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს

როგორია ტურისტული სეზონი აჭარაში და რა სიახლეებს სთავაზობს რეგიონი დამსვენებლებს. აღნიშნულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე ესაუბრა.

- როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი აჭარაში ეპიდემიის ფონზე?

- წელს განსხვავებული ტურისტული სეზონი გვაქვს, რაც გამოიხატება იმაში, რომ წელს განსაკუთრებით ორიენტირებული ვართ შიდა ტურიზმზე, რადგან ჯერ კიდევ მთელი მსოფლიო ებრძვის კოვიდ 19-ს. მსოფლიოში რეგულარული ფრენები შეზღუდულია. სწორედ, ახლა მუშავდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოგზაურობის პროტოკოლი. დღეს, მოგზაურობისთვის ტურისტი და ყველა ქვეყანა ირჩევს მიმართულებას, სადაც არის დაბალი კოვიდ სტატისტიკა. ამ კუთხით ჩვენს ქვეყანას ნამდვილად საამაყოდ აქვს საქმე, რადგან საქართველოში ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ერთ სულ მოსახლეზე დაინფიცირებული პირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი პიარ და მარკეტინგული აქტივობა რეგიონისთვის სწორედ კოვიდ სიტუაციის მართვა და ის სტატისტიკაა, რომელიც გვაქვს. ის, რომ ჩვენი ქვეყანა წამყვან რეიტინგულ მედია პლატფორმებზე სახელდება, როგორც ევროპის ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულება, არის უმნიშვნელოვანესი და გვაძლევს ძალიან დიდ პრიორიტეტს დღევანდელ კონკურენტულ გარემოში.

წელს განსხვავებული სეზონია და ტურიზმის სფერო როგორც სექტორისგან, ასევე სახელმწიფოსგან ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვს. პრიორიტეტია სტანდარტების დანერგვა, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოდ ტურისტების მიღებისთვის. როგორც იცით, 15 ივნისს გაიხსნა შიდა ტურიზმი და ივლისის ბოლოსთვის გადაიდო საერთაშორისო მოგზაურებისთვის საზღვრების გახსნა. აღნიშნული საკითხი ჯერ კიდევ მუშავდება, რადგან სიტუაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში, როგორც სახმელეთო მეზობლებთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკმაოდ გართულდა. შესაბამისად, სახელმწიფო გადაწყვეტილება გაიხსნება თუ არა საზღვარი, რომელიმე ქვეყანასთან იქნება დამოკიდებული იმ ქვეყანაში პანდემიის მდგომარეობაზე.

ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო მოგზაურების ვერც რიცხვს და ვერც შემოსავლებს ვერ ჩავანაცვლებთ შიდა ვიზიტორების რაოდენობით. თუმცა წელს, შიდა ტურიზმი პრიორიტეტულია. მნიშვნელოვანია, რომ მოვერგოთ რეალობას, შევიმუშაოთ ტურისტული პროდუქტები და სერვისები, რომლებიც გათვლილი იქნება ჩვენს თანამოქალაქეებზე. 2019 წელს რეგიონში 1 980 000-ზე მეტი შიდა მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც გულისხმობდა 11%-იან ზრდას 2018 წელთან შედარებით. აჭარის რეგიონი საქართველოში შიდა ვიზიტორების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებდა. ვფიქრობთ, რომ საქართველოს მოქალაქეები, ვინც ზაფხულში საზღვრებს ტოვებდა და მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, იმოგზაურებენ საქართველოში და აქედან გამომდინარე, ველოდებით, რომ აჭარის რეგიონშიც ძალიან ბევრი ვიზიტორი ჩამოვა. ამიტომ ორმაგი პასუხისმგებლობა გვაქვს, როგორც სახელმწიფოს, ისე ტურიზმის სექტორს, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ უსაფრთხო გარემოს შექმნა. აღნიშნულ საკითხს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით უდგება კერძო სექტორი, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება შრომის პირობების ინსპექციის სამსახურის და მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან ობიექტების შემოწმება და შესაბამისად, მონიტორინგი კოვიდ სტანდარტების შესაბამისობასთან. აჭარის რეგიონში უკვე არის სასტუმროები და კვების ობიექტები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს სტანდარტებს. რა თქმა უნდა, სტანდარტების დანერგვის პროცესი გრძელდება.

- როგორია მოლოდინი, რამდენად წარმატებული სეზონი იქნება ტურისტული თვალსაზისით და იმოქმედებს თუ არა მსოფლიოში შექმნილი ვითარება ამ კუთხით?

- მსოფლიოში შექმნილი ვითარება, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ჩვენს რეგიონზეც, რადგან ტურიზმი ზოგადად არის მოგზაურობა და ადამიანების შემოდინება. ჩვენ ამ ეტაპზე დადასტურებით არ შეგვიძლია ვთქვათ, რა ფორმით იქნება ვირუსი თუნდაც შემოდგომაზე. თქვენ იცით, რომ ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაცია გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, შემოდგომაზე ვირუსის ახალი ტალღა იყოს. დიდი სიფრთხილით ეკიდება აღნიშნულ საკითხს ყველა ქვეყანა, მათ შორის ჩვენი ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ ტურისტულ სეზონს და ვფიქრობთ, რომ იმ მოცემულობაში, რაც დღეს არის მთელ მსოფლიოში, ჩვენი ქვეყანა წარმატებულად ართმევს თავს კოვიდ სიტუაციას. მეორე რიგში ჩვენ ეს გამოწვევა უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. ქართველებმა პირველ რიგში უნდა ვიმოგზაუროთ ჩვენს ქვეყანაში.

- რა გამოწვევების წინაშე დადგა რეგიონი კორონავირუსის პანდემიის გამო და როგორ გაუმკლავდა მას?

- ძალიან დიდი გამოწვევაა ის, რომ საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შემცირდა და ეს ძალიან დიდი დარტყმაა ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ავიაციის სექტორს, ტურიზმის სექტორს და ზოგადად ეკონომიკას პანდემიამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. პირველ რიგში, მთავარი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ვირუსთან ბრძოლის ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტშია ჩართული. ეს გახლავთ საკარანტინო სივრცეების მართვა, რომელიც გახლავთ ერთგვარი ფილტრი, როგორც ჩვენი თანამოქალაქეების, ასევე ვირუსის ადგილზე გავრცელების კუთხით. ჩვენ ჯამში 9000-ზე მეტ პირს ვუმასპინძლეთ აჭარის საკარანტინო სივრცეებში. დაახლოებით 28 სასტუმროში იყო საკარანტინო სივრცედ მოწყობილი. დღეს ეს რიცხვი შემცირებულია, რაც ძალიან კარგია. გვაქვს დაახლოებით 13 სასტუმრო დარჩენილი, სადაც სავალდებულო კარანტინს დაახლოებით 1350 მოქალაქე გადის. რადგან ეს პროცესი გრძელდება და ვირუსი ჯერ კიდევ ჩვენთანაა, პრიორიტეტი ენიჭება იმ ქვეყანას და ძლიერად მიიჩნევა ქვეყანა, რომელიც ამ ეტაპზე თან მართავს პანდემიას და პარალელურად მუშაობს ტურიზმის აღდგენის ნაბიჯებზე.

- რას სთავაზობს წელს ჩამოსულ ტურისტებს აჭარა და რა სიახლეებია რეგიონში?

- პირველი, რაც დღეს შიდა ტურისტს აინტერესებს, არის სტანდარტი და უსაფრთხოება. ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაქსიმალურად მეტი ობიექტი, სადაც იქნება სტანდარტი დაცული იმისათვის, რომ ვიზიტორებმა მაქსიმალურად უსაფრთხოდ დაისვენონ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ჩვენთან ჩამოსულ ვიზიტორებს შევთავაზოთ რაღაც განსხვავებული და ახალი, რითაც მოგზაურობას უფრო საინტერესოს გავხდით. ჩვენ ვმუშაობთ შიდა ტურიზმის სტიმულირების კუთხით, რომელიც ბათუმში მოგზაურებს ძველ უბნებს, საინტერესო ადგილებსა და სხვადასხვა მიზიდულობის ცენტრებს გააცნობს, სადაც შეეძლებათ მოგზაურობა, სიახლეების ნახვა და ახალი თვალით შეხედვა. ასევე მთიან აჭარაში ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც არ გაჩერებულა. ეს გახლავთ ტურისტული ბილიკები, ახალი და საინტერესო ადგილები. ჩვენ ძალიან აქტიურად მოვახდენთ ამ ახალი ადგილების პოპულარიზაციას.

- რისი დათვალიერებაა შესაძლებელი მთიან აჭარაში წელს ტურისტებისთვის?

- ძველი მარშრუტები გაუმჯობესდა, მანიშნებლები, დაფები, რუკები შეიცვალა. ასევე, ჩვენ გვაქვს რამდენიმე ფორმატის ახალი მარშრუტი. ერთ-ერთი ახალი მარშრუტია ქობულეთში, რომელიც ძალიან განსხვავებულია და ქართველებისთვისაც იქნება აღმოჩენა. ეს გახლავთ კინტრიშის ხეობიდან ჭვანის ხეობაში გარდამავალი მარშრუტი, რომელიც ალპური ზონით ისტორიულ ხეობებს აკავშირებს ერთმანეთთან. თქვენ იცით, რომ კინტრიშის ხეობა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფართობია, რომელიც ტყითაა დაფარული. კინტრიშის ხეობა ძალიან გამორჩეულია, რაც მოგზაურს აძლევს საშუალებას არ მოიწყინოს. მოგზაურობა იწყება ისტორიული ხეობიდან, სადაც ვიზიტორს დახვდება როგორც ხინოწმინდის მონასტერი, ასევე თაღოვანი ხიდები, ამავდროულად კოლხური ტყე. ასევე, ტურისტებს ექნებათ საშუალება გაიარონ ულამაზესი ტყის მასივი და შემდეგ უკვე მოხვდნენ ძალიან ლამაზ ხედებზე. ეს გახლავთ ალპური ზონა, სადაც ტბისყელის ნახვაა შესაძლებელი. ეს ბილიკი გადადის ჭვანის ხეობაში, ჯვარიმინდორში. ულამაზესი მარშრუტია, სადაც ღრუბლებზე მაღლა მოგზაურობ. ჭვანის ხეობაში არის ერთადერთი უნიკალური ხის თაღოვანი ხიდი, რომელიც ჰობიტების სამყაროში გამოგზაურებს. ჭვანის ხეობა ასევე, გამოირჩევა მეფუტკრეობით. განუყოფელი ტურისტული პროდუქტია ქობულეთისა და შუახევის კულინარია. ძალიან ბევრი კერძია, რომელიც ძალიან ბევრი ქართველისთვის არის უცნობი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნონ. ასევე, აუცილებლად უნდა გამოვყო ჭვანის ხეობის ფოლკლორი, რომელიც აღადგინეს ძველი ტრადიციული ჩანაწერებიდან და შექმნეს ახალი მუსიკალური პროგრამა, რომელიც უნიკალური მოსასმენია. ეს გახლავთ მხოლოდ ერთი მარშრუტი, რომელიც არის 3 და 5 დღიანი სალაშქრო მარშრუტი.

ჩვენ ასევე გვაქვს ახალი, მოკლე მარშრუტები. მაგალითად, უჩხოს მიმართულება, რომელიც ახალია და ძალიან საინტერესოა. ეს გახლავთ კანონიონის სისტემა და ჩანჩქერებზე დაშვების ლოკაციები. ასევე, ჩვენ ვმუშაობთ მარშრუტზე, რომელიც უჩხოს ხეობიდან ღორჯომის ხეობაში გადავა. ღორჯომის ხეობის მიმართულებით ჩვენ არ გვქონდა მარშრუტი და ეს არის ახალი მარშრუტი. თქვენ იცით, რომ ღორჯომის ხეობაში მოსახლეობას ჰყავს ბევრი ცხენი, საკმაოდაა მოთხოვნა საცხენოსნო ტურიზმზე და ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას.

- რა სიახლეებს გეგმავთ მთიანი აჭარის ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით?

- წელს, რამდენიმე საინტერესო პროექტს ვანხორციელებთ მთიანაჭარაში. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანო ქედის გარდამავალი ბილიკების დეტალური შესწავლა, სადაც შეიქმნება ახალი მარშრუტები და ლოკაციები. ქედაში 20-მდე ჩანჩქერია, რომელიც არ იყო შესწავლილი და გაზომილი. დღეს, საბოლოოდ უკვე გვაქვს მონაცემები ყველა ამ ჩანჩქერის შესახებ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტშიც გვაქვს პროექტი, რომელიც ახალი ტურისტული მარშრუტების შესწავლას გულისხმობს. ჩვენ წელს ასევე გვაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხიხანის ციხეზე ბილიკის დაპროექტებას გულისხმობს. ხიხანის ციხე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება, რომლის განვითარებაზეც ტურიზმის დეპარტამენტი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთდ მუშაობდა. ჩვენ ძალიან მალე ეს პროექტიც გვექნება. ასევე ჩიხურის მთის ხეობა, სადაც უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნის კუთხით მიმდინარეობს მუშაობა და ჩვენ ამ პროექტის პირველადი ვარიანტი ივლისის დასაწყისში გვექნება.

რეგიონში გვაქვს 4 დაცული ტერიტორია და ეროვნული პარკი. მე მოვუწოდებ ყველა ქართველს, რომ აუცილებლად იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში. ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს, რომლიც შესახებაც ინფორმაციის მოძიება ჩვენს საინფორმაციო ცენტრებსა და ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ციცქიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა