სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა

უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების მიზეზებსა და მხარეების სავარაუდო მიზნებზე, მომხდარსა და მიმდინარე ამბებზე, ერევნისა და ბაქოს ხედვებზე, ასევე იმაზე თუ რამდენად დიდია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების განახლების პერსპექტივა, „ინტერპრესნიუსი“ გლობალიზაციისა და რეგიონალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელს, სტეპან გრიგორიანს ესაუბრა.

- ბატონო სტეპან, ამ დღეებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირებაზე ბევრი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. საომარი მოქმედებების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. თქვენი აზრით, რეალურად რა ხდება და რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რაც ხდება?

- თავიდანვე უნდა ითქვს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი დაპირისპირება არ ხდება მხარეებს შორის მთიანი ყარაბაღის სასაზღვრო ზოლზე. ამჯერად სამხედრო მოქმედებებს ადგილი ჰქონდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე, სომხეთის ჩრდილოეთით მდებარე პავუჟის ოლქში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია.

ის, რომ აზერბაიჯანელებმა პირველებმა დაიწყეს სამხედრო მოქმედებები ამის მტკიცებას არ დავიწყებ, რადგან სწორად შენიშნეთ, ასეთ შემთხვევებში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. გასაგებია, რომ ორივე მხარე მომხდარზე სარკისებურად განსხვავებულ სურათს ხატავს.

მე ახლა მხოლოდ იმას გეტყვით თუ რატომ ვარ დარწმუნებული, რომ საომარი მოქმედებები აზერბაიჯანელებმა დაიწყეს. საქმე ისაა, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით არსებული სტატუს-კვო სომხეთს და ყარაბაღს აწყობს. ეს არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.

ერევანისა და სტეპანაკერტის ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ვითარებას მთიან ყარაბაღში. ჩვენ გვაწყობს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არც იმის წინააღმდეგი ვიქნებით, თუ ეს მოლაპარაკებები თუნდაც 100 წელი გაგრძელდება.

ასეთ ვითარებაში არასასურველ მდგომარეობაშია ჩაყენებული აზერბაიჯანული მხარე. ბაქო უკმაყოფილო იმით, რომ მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს. სულ რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ალიევმა ეუთო დაადანაშაულა უმოქმედობაში. ჩემთვის გასაგებია თუ რატომ შეიძლება ყოფილიყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარე. მე კი არ ვადანაშაულებ აზერბაიჯანულ მხარეს, არამედ ვცდილობ სიტუაციის ანალიზს.

კარგად მესმის ბაქოს უკმაყოფილებისა და გაღიზიანების მიზეზი.

ისიც მესმის, რომ მათ თავისებურად ესმით ყარაბაღის პრობლემა. ჩვენ, ისევე როგორც ისინი, დარწმუნებული ვართ ჩვენს სიმართლესა და სისწორეში. მაგრამ ფაქტია, რომ სიტუაციის გამწვავება სწორედ მათი მხრიდან ხდება.

- ახლა მაინც რა მოხდა?

- მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები, ისინი ამისთვის დაისაჯნენ. რამდენიმე სიმაღლიდან, რომელსაც ადრე ისინი იკავებდნენ, იქნენ განდევნილი. საქმე ისაა, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის ეს მონაკვეთი მხარეებს შორის დაფიქსირებული და დელიმიტირებული არაა.

სხვადასხვა მონაცემებით, სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა. სხვათა შორის, ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი სიმაღლეა. ეს ის სიმაღლე გახლავთ, საიდანაც მანამდე ხშირად იცხრილებოდა სომხური სოფლები.

ასევე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ადრეც იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევები ყარაბაღშიც და აქაც ტავუჟის ოლქში, რომელიც, სხვათა შორის, საქართველოს ესაზღვრება. მაგრამ მომხდარი თვისობრივად იმით განსხვავდება, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ სერიოზული დანაკლისი განიცადა. გარდა იმისა, რომ მათ სიმაღლეები დაკარგეს, მათ მათივე მონაცემებით 17 სამხედრო მოსამსახურე დაეღუპათ. ჩვენი მონაცემებით, 4 სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ჩვენი მონაცემები ობიექტურია. სომხეთში მომხდარი რევოლუციის შემდეგ ხალხი ხელისუფლებას მოტყუების საშუალებას არ მისცემს. მეტსაც გეტყვით, ხელისუფლება ამას არც გააკეთებს. ჩვენთან ახლა რამეს დამალვა გამორიცხულია. აზერბაიჯანში სხვანაირი ტრადიციაა. საზოგადოებაც სხვანაირია და ხელისუფლებაც სხვანაირია.

მთავარი ახლა სხვა რამაა - აზერბაიჯანმა დიდი შეცდომა დაუშვა. მოგეხსენებათ, ახლა ტელეხიდები ხშირად იმართება. ამას წინათ მქონდა დებატები აზერბაიჯანის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან სოფიკ ზულფიგაროვთან და მე მაშინ მათ ვუთხარი - როცა ამბობთ, რომ ჩვენს შორის ომია, თქვენ ცდებით, როცა გგონიათ, რომ სომხეთს სერჟ სარგსიანი მართავს და არა ნიკოლ ფაშინიანი.

სარგსიანი კორუმპირებული და მთლიანად დისკრედიტირებული მმართველი იყო, მას რასაც მოსკოვიდან ეტყოდნენ, იმას აკეთებდა, ფაშინიანი კი ხალხის მიერაა არჩეული. მოხდა სომხეთზე თავდასხმა და მან გასცა ბრძანება ცეცხლი გაეხსნათ.

- რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ლოკალური დაპირისპირება აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ქვეყნებს შორის ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს?

- ჩემი აზრით, მომხდარს ფართომასშტაბიანი ომი არ მოჰყვება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აზერბაიჯანულ აგრესიაზე საპასუხო დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო. ასეთ ვითარებაში არა მგონია აზერბაიჯანმა ახლა გარისკოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყება. რომც დაიწყოს, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო სერიოზული დანაკარგები ექნებათ.

ვფიქრობ, მომხდარის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ სომხეთი აღმოჩენილიყო ახლო აღმოსავლეთის არასტაბილურ ზონაში ჩართული. თურქეთსა და აზერბაიჯანს სურთ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წყდებოდეს არა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის კონტექსტში, არამედ უფრო ფართო, ახლო აღმოსავლეთის არასტაბილური ზონის ფარგლებში.

ვიმეორებ - როგორც ჩანს, მომხდარის მთავარი იდეა ამაში მდომარეობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სომხეთმა მკაცრად უპასუხა, არა მგონია, რომ მომხდარს ამ თვალსაზრისით გაგრძელება მოჰყვეს.

"ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით