საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტმა ინოვაციური მეთოდი შეიმუშავა და ახალი ტექნოლოგიები შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში, უნიკალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დიფრაქციული ელემენტის საფუძველზე, ინოვაციური პოლარიმეტრული მეთოდი შემუშავდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოგონება საშუალებას იძლევა, ჩატარდეს სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის სრული ანალიზი და დროის რეალურ მასშტაბში განისაზღვროს პოლარიზაციის მდგომარეობის განაწილება და დისპერსია.

უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა გამოგონება გამოიყენება სხვადასხვა კონსტრუქციასა და დეტალში დაძაბული მდგომარეობის განაწილების დასადგენად, ობიექტიდან არეკლილი სინათლის პოლარიზაციის მდგომარეობის განსაზღვრის საფუძველზე.

სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიის ხელმძღვანელის, დოქტორ ბარბარა კილოსანიძის განცხადებით, სწორედ არეკლილი სინათლის პოლარიზაციის ანალიზით კეთდება დასკვნა, აქვს თუ არა კონსტრუქციას დაძაბული მდგომარეობა და რამდენად არსებობს ობიექტის დეფორმაციისა და ნგრევის საშიშროება.

„შემუშავებული მეთოდის საფუძველზე შესაძლებელი იქნება სპეციალური მოწყობილობის შექმნა საველე პირობებში მონიტორინგის ჩასატარებლად მშენებლობისა თუ ენერგეტიკის დარგის ისეთ მნიშვნელოვან კონსტრუქციებზე, როგორიცაა შენობები, ხიდები, გვირაბები, კაშხლები, რეაქტორები და სხვა. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, თუ მოხდება ახალი მოწყობილობის წარმოებაში დანერგვა. საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა და მისმა კიბერნეტიკის ინსტიტუტმა დაამტკიცა, რომ ეს ინოვაცია ეფექტიანია“, - განაცხადა ბარბარა კილოსანიძემ.

ინოვაციური პოლარიმეტრული მეთოდის საფუძველზე, ლაბორატორიაში, ასევე, შეიქმნა უნივერსალური პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული გამოსახულების ასტროპოლარიმეტრი, როგორც წერტილოვანი, ასევე განფენილი ასტრონომიული ობიექტების შესასწავლად. ასტროპოლარიმეტრი გამოირჩევა კომპაქტურობით, სწრაფმოქმედებით, მაღალი სიზუსტითა და დაბალი თვითღირებულებით. ამჟამად ასტროპოლარიმეტრი აპრობაციას აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გადის.

სტუ-ის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში შეიქმნა კიდევ ერთი უნიკალური ტექნოლოგია - მნიშვნელოვანი დოკუმენტების, ფულადი ნიშნებისა და სხვადასხვა საწარმოო პროდუქციის გაყალბებისგან მაღალი დონის პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული დაცვის სისტემა. მას მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია და სხვა სისტემებისგან განსხვავებით, მისი გაყალბება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ეს უნიკალური სისტემა დამცავი პოლარიზაციულ-ჰოლოგრაფიული ელემენტებისა და ოპტოელექტრონული ამომცნობი მოწყობილობისგან შედგება.

„ლაბორატორიაში შექმნილ მარეგისტრირებელ მასალაზე სხვადასხვა პოლარიზაციის მდგომარეობის მქონე ლაზერის კონებით იწერება პოლარიზაციული ჰოლოგრამა - დამცავი ელემენტი. კონკრეტული პროდუქტისთვის ვიყენებთ პოლარიზაციის მდგომარეობის საიდუმლო კომბინაციას, რომლის შექმნის შესაძლებლობა უსასრულოდ ბევრია - რამდენიმე მილიარდი. ნამდვილობის დასადგენად, ამომცნობ მოწყობილობაში პოლარიზებული სინათლის კონით ვასხივებთ დამცავ ელემენტს და დიფრაქციის შედეგად ფორმირდება ორი დიფრაგირებული კონა. პოლარიზაციის მდგომარეობის კომბინაცია, ნამდვილობის შემთხვავაში, ადეკვატური უნდა იყოს დამცავი ელემენტის ჩამწერი კონების პოლარიზაციის მდგომარეობის კომბინაციისა. ეს კომბინაცია ამომცნობი მოწყობილობის მონაცემთა ბაზაში ინახება“, - განმარტავს ბარბარა კილოსანიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორია 1964 წელს ცნობილმა მეცნიერმა, პოლარიზაციული ჰოლოგრაფიის ფუძემდებელმა შერმაზან ყაყიჩაშვილმა დააარსა. მისი კვლევები პოლარიზაციულ ჰოლოგრაფიაში მეცნიერული აღმოჩენად დარეგისტრირდა. ქართველი მეცნიერის ჰოლოგრამების ნაწილი პარიზის ჰოლოგრაფიის მუზეუმის მუდმივმოქმედ ექსპოზიციაშია დაცული. მისი ჰოლოგრამების დიდი კოლექცია, მათ შორის იმპულსური ლაზერის გამოყენებით მის მიერ 40 წლის წინ შექმნილი უნიკალური წრიული ჰოლოგრაფიული ავტოპორტრეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიაში ინახება.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
სილქნეტის სამთვიანი აქცია უფასო ინსტალაციაზე ამოქმედდა