გიგი წერეთელმა აზერბაიჯან-სომხეთის სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელთან ონლაინ შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით, ეუთოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენელს, ელჩს ანდრეს კაზპრჩიკს ონლაინ ფორმატში, ესაუბრა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ეუთოს წარმომადგენელმა სამხედრო დაპირისპირების პროცესზე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა და კონფლიქტურ ადგილზე არსებული ვითარება გააცნო. აღინიშნა, რომ პირველი შეტაკების დროს საერთაშორისო ჩართულობით, მხარეების დროებით დაზავება და ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდა, თუმცა დღეს დილიდან საბრძოლო მოქმედებები კვლავ განახლდა და ორივე მხარემ საარტილერიო შეტევა განახორციელა.

გიგი წერეთელმა ონლაინ შეხვედრისას აღნიშნა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და უშუალოდ ასამბლეის პრეზიდენტი, ბოლო წლების განმავლობაში გარკვეულ მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობს. ეს შეეხება როგორც ქვეყნის ლიდერებთან ასევე საპარლამენტო წარმომადგენლებთან კომუნიკაციებს, რომლის მიზანსაც მხარეებს შორის ნდობის გაჩენა და კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი სირთულეების შემსუბუქება წარმოადგენს. კონკრეტული შედეგის მისაღწევად საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან ცალკეული პოლიტიკოსების შეხვედრისთვის და დისკუსიისთვის რამდენიმე ინიციატივაც მომზადდა.

„სამშვიდობო მოლაპარაკებების მცდელობების მიუხედავად, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ მხარეებს შორის ნდობის აღდგენის და მოლაპარაკებების მაღალი დონის შეხვედრებს ითვალისწინებდა , 12 ივლისს სიტუაციის და პროცესების გამწვავება მოხდა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს. არსებული საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის პროცესს მძიმე დარტყმას აყენებს და ვითარების განმუხტვას აფერხებს. რაც იმის პერსპექტივას, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს, დროში ახანგრძლივებს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ონლაინ შეხვედრაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და დიპლომატმა აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე უმთავრესია შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამხედრო და სამოქალაქო პირების მსხვერპლი და მხარეები დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას. გიგი წერეთელის განცხადებით, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების და ეუთოს სპეციალური მექანიზმის არსებობის, ჯერჯერობით კონფლიქტის მოგვარების პროცესში პროგრესი არ არსებობს, პირიქით, ადგილი აქვს ვითარების გამწვავებას. მისივე განცხადებით, ის მანდატი, რომელიც ეუთოს მინსკის ჯგუფს აქვს, მუდმივ მონიტორინგს არ გულისხმობს და ვერ ადგენს იმ მხარეს, რომელმაც შეთანხმება დაარღვია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის კომპონენტი კიდევ უფრო გაძლიერდეს, რათა სამხედრო ინციდენტების პრევენცია მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ გიგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით, სამხედრო შეტაკებების დაწყებისთანავე განცხადება გააკეთა და მხარეებს დეესკალაციისაკენ და სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა