ეკატერინე ციმაკურიძე - პარლამენტის მუშაობის წესები დაიხვეწა, თუმცა ის ჯერ ისევ ვერ ახერხებს აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული მძლავრი ინსტრუმენტები

მე-9 მოწვევის პარლამენტი რამდენიმე თვეში მუშაობას დაასრულებს და საკანონმდებლო ორგანო ახალი შემადგენლობით განაგრძობს საქმიანობას. არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მიმდინარე მოწვევის პარლამენტის მუშაობის მონიტორინგი ჩაატარა.

რა პრობლემები გამოიკვეთა საკანონმდებლო საქმიანობაში და მონიტორინგის შედეგების მიხედვით, როგორი უნდა იყოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, ამ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ „დემოკრატიის ინდექსის“ თავმჯდომარეს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- რა ძირითადი პრობლემები გამოიკვეთა მიმდინარე მოწვევის პარლამენტის მუშაობაში?

- პრობლემა, რომელიც დაკვირვების დასაწყისიდანვე ადვილად შესამჩნევი იყო, არის პარლამენტის სუსტი როლი საქართველოს საპარლამენტო მოწყობაში. პარლამენტის მუშაობის წესები დაიხვეწა და საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლას პარლამენტის როლის გაძლიერება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ პარლამენტი ჯერ ისევ ვერ ახერხებს აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული მძლავრი ინსტრუმენტები.

განსაკუთრებით სუსტია პარლამენტი მთავრობაზე კონტროლის განხორციელების საქმეში. ამასთან, პრობლემაა ისიც, რომ პარლამენტი ხშირად არ არის მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვის და პოლიტიკური დებატების პლატფორმა. ხშირად პარლამენტი უბრალოდ ვერ ხედავს საკუთარ როლს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით. ამ და სხვა მხრივ პარლამენტი ვერ ჩამოყალიბდა ადგილად, სადაც საზოგადოების ინტერესები სათანადოდ იქნება ასახული.

ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა პარლამენტის მუშაობის არაეფექტიანობაც. პარლამენტის, მისი კომიტეტების საქმიანობა ხშირად არ არის შედეგზე ორიენტირებული. კანონპროექტების საერთო რაოდენობის დაახლოებით ნახევარი დაჩქარებული წესით განიხილება, რაც საკითხის გარშემო სიღრმისეული მსჯელობის და კრიტიკული ანალიზის შესაძლებლობას ამცირებს. საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში პარლამენტმა საერთოდ ვერ დაინახა საკუთარი მნიშვნელოვანი როლი და შეწყვიტა ფუნქციონირება.

- თქვენ მიერ ჩატარებული მონიტორინგის მიხედვით, რამდენად არის გათვალისწინებული მოქალაქეების ინტერესები და მოთხოვნები საპარლამენტო საქმიანობის დროს?

- პრობლემაა, რომ მოქალაქეების ინტერესები თითქმის არ არის გათვალისწინებული პარლამენტის დღის წესრიგში. ამაზე რამდენიმე გარემოება მეტყველებს. მოქალაქეების ასობით განცხადება, რომელიც პარლამენტში ყოველდღიურად შედის, არ აისახება პარლამენტის საქმიანობაზე. დეპუტატები უმეტეს შემთხვევაში გადაამისამართებენ მოქალაქეებს სხვადასხვა უწყებაში.

მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება არც მაშინ ხდება, როცა საზოგადოებრივი ორგანიზაციების დიდი ნაწილი აყენებს კონკრეტულ მოთხოვნას ან მოქალაქეები საპროტესტო აქციების ფორმით მოითხოვენ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტას. გასულ წელს ასეთი იყო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონმდებლობა. მოქალაქეების ამ მოთხოვნის შესრულება მხოლოდ მრავალთვიანი პროტესტის შედეგად და უცხოელი პარტნიორების ჩართულობით და მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა. ამასთან, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლის არჩევაც საზოგადოებრივი მოთხოვნების უგულებელყოფით მოხდა.

- რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის თანაშრომლობას, რა ტენდენცია იკვეთება ამ მიმართულებით პარლამენტის მუშაობაში?

- სუსტი დემოკრატიის მაჩვენებელია ის, რომ პარლამენტში გადაწყვეტილებები ხშირად ცალმხრივად მიიღება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ არის საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის შედეგი. საპარლამენტო უმრავლესობა ხშირად არც ოპოზიციის ბოიკოტზე რეაგირებს და არ მიდის რაიმე დათმობაზე. ამას ისიც ემატება, რომ საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციების თუ დეპუტატების ინიციატივები ხშირად არ ხდება განხილვის საგანი. გასული წლის საშემოდგომო სესიის განმავლობაში ოპოზიციის ინიცირებული 16 კანონპროექტიდან მხოლოდ ერთი იქცა კანონად. მხარდაჭერილი არ იყო და ხშირად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვის საგანიც არ გამხდარა ოპოზიციის მიერ საგამოძიებო კომისიების შექმნის მოთხოვნა.

- საპარლამენტო ოპოზიცია თითქმის ნახევარი წელია ბოიკოტის რეჟიმშია. აყენებს თუ არა ეს ზიანს პარლამენტის ეფექტიან მუშაობასა და ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს?

- გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტში ბოიკოტის მექანიზმი მასშტაბურად და ხანგრძლივად გამოიყენება, ის ზიანს აყენებს დემოკრატიულ პროცესს. საპარლამენტო უმრავლესობას უჩნდება შესაძლებლობა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოპოზიციის კრიტიკული შენიშვნების, კითხვების და მსჯელობის გარეშე მიიღოს. ამიტომ, რაოდენ მნიშვნელოვან საკითხზეც არ უნდა აცხადებდეს ოპოზიცია ბოიკოტს, თუ გონივრული დროის გასვლის შემდეგ აშკარაა, რომ ბოიკოტი თავის მიზანს ვერ აღწევს, ის კარგავს აზრს და ბოიკოტს მხოლოდ დამაზიანებელი ეფექტი რჩება. ერთი მხრივ, ოპოზიციის ხანგრძლივ ბოიკოტს არ მოაქვს შედეგი, ოპოზიცია ვერ აღწევს იმ მიზანს, რის გამოც იმყოფება ბოიკოტის რეჟიმში, მეორე მხრივ, რაც უფრო ხანგრძლივად გრძელდება ბოიკოტი, მით უფრო დამაზიანებელი ხდება ის დემოკრატიული პროცესისთვის. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია სულ უფრო ხშირად უშვებს გამონაკლისს და ერთვება პლენარული სხდომების მუშაობაში. თუმცა, ვფიქრობ, ეს არ არის საკმარისი და ბოიკოტის მექანიზმი ოპოზიციამ მხოლოდ გამონაკლისის სახით, ძალიან ფრთხილად და გონივრული ვადით უნდა გამოიყენოს.

- რამდენად გამჭვირვალეა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა რიგითი დაინტერესებული ადამიანებისთვის და რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის ინფორმაცია დეპუტატების საქმიანობის შესახებ?

- თითოეული დეპუტატის საქმიანობა პარლამენტში და მოქალაქეებთან საბოლოოდ განაპირობებს პარლამენტის საქმიანობის ეფექტურობას. ხშირად გვსმენია, რომ მოქალაქეები არ იცნობენ საკუთარ წარმომადგენელს პარლამენტში. ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ დეპუტატების შესახებ ინფორმაცია რთულად ხელმისაწვდომია და ძალიან მწირია. მოქალაქეს არ აქვს შესაძლებლობა პარლამენტის ვებ-გვერდზე მიაკვლიოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს მისი არჩეული ყოველდღიურად.

უცხო ქვეყნების კარგი პრაქტიკა მოწმობს, რომ საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი ამ მხრივ ძალიან არაინფორმაციულია. საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე დეპუტატის და მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მხოლოდ გარკვეული ნაწილი ქვეყნდება და ისიც გაბნეულია იმგვარად, რომ სიღრმისეული კვლევის გარეშე მოქალაქე ვერ გაიგებს რას საქმიანობს მისი რჩეული. უცხო ქვეყნების კარგი გამოცდილებით პარლამენტის ვებ-გვერდზე იქმნება თითოეული დეპუტატის პროფილი სადაც მისი საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყნდება და მუდმივად განახლდება.

- რა არის თქვენი მთავარი რეკომენდაციები, რათა მომავალი მოწვევის პარლამენტის მუშაობა გაუმჯობესდეს?

- ვფიქრობ, პირველი, რაც ახალმა პარლამენტმა უნდა გააკეთოს არის ინდივიდუალური დეპუტატების ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ანგარიშების გამოქვეყნების და რეგულარულად განახლების სისტემის შექმნაა. ეს ხელს შეუწყობს ცალკეული დეპუტატების გააქტიურებას, მათი მხრიდან ინიციატივების გაჩენას, მათ მეტ ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში და გაზრდის დეპუტატის ანგარიშვალდებულებას ამომრჩევლის მიმართ.

მორიგი მოწვევის პარლამენტმა სერიოზულად უნდა იმუშაოს საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის მუშაობის ეფექტიანობის გასაზრდელად და პარლამენტის წამყვანი როლის დამკვიდრებისთვის, რომელიც კარგად ასახავს ამომრჩევლის ნებას და უნდა დამკვიდრდეს ძლიერი პარლამენტი, რომელიც თავად არის ხალხი, ხალხის სახე და წარმომადგენელია, ხოლო მთავრობის - მაკონტროლებელი და არა უბრალოდ მისი გაგრძელება.

ლიკა რუაძე

„ინტერპრესნიუსი“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა