გიორგი კანდელაკი მთავრობას - გააუქმეთ კარანტინი და დაუშვით რეგულარული ფრენები „გამწვანებულ“ ქვეყნებში

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ პროგნოზი გამართლდა - „ქართული ოცნების“ მთავრობამ განზრახ შექმნა ვითარება, რომელშიც ქვეყანა დიდწილად მაინც დახურულია, ფრენები კი ძალიან ცოტა და ძალიან ძვირი იქნება.

მისივე თქმით, ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თბილისი-მიუნხენის რეგულარული რეისის განახლების შემდეგ ბილეთის ფასი 4,000-დან 7,100 ლარამდე ეღირება, საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.

„ევროპული საქართველოს სახელით, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამგვარი ვითარება ,,ოცნების“ მთავრობის ორი მავნებლური ნაბიჯის შექმნის შედეგად შეიქმნა:

პირველი - კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვა: „აირზენას“ და, განსაკუთრებით, „ვიზეარს“, რომლის რეგულარული ფრენების განახლებას უამრავი ადამიანი იმედის თვალით შეყურებდა, ფრენები გერმანიასა და საფრანგეთში არჩევნებამდე არაფორმალურად აუკრძალეს. მეორე - დისკრიმინაციული და ანტიკონსტიტუციური კარანტინის ძალაში დატოვება: ავიაკომპანიების ფასწარმოქმნაში რეისების სიხშირე, მგზავრთა ნაკადი და კონკურენცია მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომელთა შეზღუდვით მთავრობა განზრახ იწვევს ბილეთების ასტრონომიულ გაძვირებას“, - განაცხადა კანდელაკმა.

ამასთან, კანდელაკი გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეები იმდენივეს ხარჯავდნენ საზღვარგარეთ რამდენიც უცხოელ ვიზიტორებს შემოქონდათ ქვეყანაში, რაზეც კანდელაკმა განაცხადა, რომ „ეს მტკნარი სიცრუეა“.

„ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ტურისტებმა თითქმის ოთხჯერ მეტი ფული დახარჯეს, ვიდრე ჩვენმა მოქალაქეებმა საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მას ავიწყდება, რომ ადამიანები მხოლოდ დასვენების მიზნით არ მოგზაურობენ - უამრავი ადამიანი ვერ გადის და შემოდის ქვეყანაში ოჯახურ თუ პირად საქმეზე მთავრობის მიერ დაწესებული ბრიყვული და ანტიკონსტიტუციური შეზღუდვების შედეგად. კარანტინის აბსურდულობის წარმოსაჩენად, თუ წარმოვიდგენთ მდგომარეობას, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან, ხოლო მათი დედა ,,გამწვანებული“ ქვეყნებიდან ერთ-ერთის, მაშინ ბავშვები უნდა მოთავსდნენ კარანტინში დედა კი - არა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას დაუკმაყოფილოს მოთხოვნილი სიხშირეები „გამწვანებულ“ ქვეყნებში ყველა ავიაკომპანიას, განსაკუთრებით კი „ვიზეარს“. მოხსნას დისკრიმინაციული კარანტინის მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეებისთვის, თუკი ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს მთავრობის მიერ გამწვანებულ ქვეყნებში. ასევე მოვუწოდებთ ე.წ. გამწვანებული ქვეყნების ნუსხაში შეიყვანოს კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მქონე ქვეყნები, პირველ რიგში კი პოლონეთი“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა