გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ახალ ხელმძღვანელს საქართველოში, მარეკ შჩიგელს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს სადამკვირვებლო მისიის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმის როლზე რეგიონული უსაფრთხოების, ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფაში.

„შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების დაკავების ბოლოდროინდელ შემთხვევებს.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების აღდგენის მნიშვნელობას და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს მთავრობის ურყევი ნება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გახსნის აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

მარეკ შჩიგელმა გიორგი გახარიასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წარმატებული ბრძოლა Covid-19-ის წინააღმდეგ. მისივე თქმით, ლუგარის სამედიცინო კვლევითი ლაბორატორიის საქმიანობა აღიარებულია ევროკავშირის წევრი სახელწმიფოების მიერ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი