საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი ნორვეგიაში გააგრძელებს სწავლას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული ვლადიმერ ბირკაძე ერთ-ერთია საქართველოდან, ვინც ნორვეგიული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ჰიდროენერგეტიკის განვითარების დარგში მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, სწავლას მსოფლიოში ცნობილ ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (NTNU) გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჰიდროენერგეტიკის განვითარების შესწავლით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს ოთხი სამაგისტრო სტიპენდია შესთავაზა.

ნორვეგიის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აქცენტი ორ ქართულ სახელმწიფო უნივერსიტეტზე გაკეთდა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც სამშენებლო, ასევე, ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის სტუდენტებს - ბაკალავრებსა და მაგისტრებს - შესაძლებლობა აქვთ, სწავლა NTNU-ის ჰიდროენერგეტიკის განვითარების საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამაზე გააგრძელონ და ნორვეგიის ცნობილ უნივერსიტეტში მეცნიერების მაგისტრის ხარისხი მოიპოვონ.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე აღნიშნავს, საქართველო ყოველთვის გამოირჩეოდა ჰიდროენერგეტიკის დარგში მოქმედი მაღალი რანგის სპეციალისტებით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სასწავლო პროცესის ინტერნაციონალიზაცია და ამ პროცესში სტუდენტთა მოტივაცია და მხარდაჭერაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ლიდერია სტუდენტთა უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მობილობის კუთხით. ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატება ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ სასტიპენდიო პროგრამაში, ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით, უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატებაა, რაც აუცილებლად სასიკეთოდ გამოადგება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებას“, - აცხადებს დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, NTNU-ის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, სწავლის ხანგრძლივობა ორი აკადემიური წელია. სტუდენტები და მკვლევრები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ სამაგისტრო პროგრამას, შეძლებენ ასევე წარმატებით დასაქმდნენ კერძო და საჯარო სექტორში.

25 წლის ვლადიმერ ბირკაძემ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მშენებლობის სამაგისტრო პროგრამა დაამთავრა. მისი სპეციალიზაცია ჰესებისა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობაა.

„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რომელმაც შესაძლებლობა რეალობად აქცია. NTNU-ში სწავლა 15 აგვისტოდან დაიწყება.კოვიდ პანდემიის გამო, პირველი სემესტრი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. იანვრიდან კი ნორვეგიაში, ტრონჰეიმში გავემგზავრები. განსაკუთრებით მხიბლავს ის, რომ მომეცემა შესაძლებლობა, გავიღრმავო ცოდნა ჰესების თანამედროვე წესითა და სტანდარტებით დაპროექტების კუთხით. ჩვენს ქვეყანას აქვს ჰიდრორესურსი, რომელიც მაქსიმალურად რაციონალურად უნდა გამოვიყენოთ. სწორედ ამიტომ მინდა მშენებლობისა და კონსტრუირების ინოვაციური მეთოდების, საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა, რომ მიღებული ცოდნა სამომავლოდ ჩემს ქვეყანაში გამოვიყენო“, - ამბობს ვლადიმერ ბირკაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა