დავით სერგეენკო - ჩემთვის მინისტრობა პირველი დღიდან დისკომფორტი იყო

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის დავით სერგეენკოს განცხადებით, მისთვის მინისტრობა პირველი დღიდან დისკომფორტი იყო.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განმარტა, ჯანდაცვის მინისტრის პროფესიული სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 3-4 წელიწადია და დროსთან ერთად შრომის ეფექტურობა კლებულობს.

„ყველა პროფესია თანაბრად საპატივსაცემოა, მაგრამ ჯანდაცვის მინისტრის პროფესიული სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 3-4 წელიწადი, ასეა მთელ მსოფლიოში. ორად-ორი ქვეყანა იყო გამონაკლისი. ისე მოხდა, რომ მე თითქმის 7 წელი ვიყავი. ამ შემთხვევაში, გვინდა თუ არ გვინდა, შრომის ეფექტურობა კლებულობს. წამოსვლამდე, თითქმის წლინახევრის განმავლობაში პერიოდულად, ბოლოსკენ გახშირებული ტენდენციით პრემიერ-მინისტრთან მქონდა ამაზე საუბარი, თხოვნა“, - აცხადებს სერგეენკო.

წამყვანის კითხვაზე, შეუძლია, თუ არა მას დაასახელოს კონკრეტული პროექტი, რომელზეც ფიქრობს, რომ უკეთ განხორციელება შეიძლებოდა და ეს არ გამოუვიდა, დავით სერგეენკომ უპასუხა, რომ უფრო შედეგიანად და ეფექტიანად იყო გასაკეთებელი უფასო მედიკამენტების პროგრამა.

„ამის თქმა ნებისმიერ პროექტზე შემიძლია. უკეთესად ყველა საქმის გაკეთება შეიძლება, მაგრამ აქ გადამწყვეტი, რომელიმე კონკრეტული პროექტის გაკეთება ან არგაკეთება არ ყოფილა. თუმცა, ვფიქრობ, მაშინ ძალისხმევა არ დამიკლია, მაგრამ აუცილებლად უფრო შედეგიანად და ეფექტიანად იყო გასაკეთებელი უფასო მედიკამენტების პროგრამა, რომელიც ამუშავდა, მაგრამ ბევრად უფრო ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო გეოგრაფიულად. პრინციპში, ეს ბოლო პროექტია, რომელიც მინისტრობის პერიოდში გავაკეთე და თავად მაქვს დანაკლისის გრძნობა. არ მაქვს იმის პრეტენზია, რომ გამორჩეული და გამონაკლისი ვარ. მართალი გითხრათ, ჩემთვის მინისტრობა პირველი დღიდან დისკომფორტი იყო. მქონდა ვალდებულების შეგრძნება, ჩემი ქვეყნის სიყვარული და გუნდისადმი პასუხისმგებლობა“, - აცხადებს სერგეენკო.

როგორც ის აღნიშნავს, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა.

„მე მაშინ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღე იმ მიზეზის გამო, რომელიც მოგახსენეთ, ვეღარ ვაკეთებდი საქმეს ისე, როგორც საჭირო იყო. რაც შეეხება იმას, რამდენად უკეთესი და ეფექტიანი პროექტები განხორციელდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუნდაც ერთი მიზეზის გამო, რადგან თავს დაგვატყდა პანდემია, რომელმაც საერთოდ შეცვალა დღის წესრიგი არა მარტო ჩვენთან, არამედ მთლიანად. არა მხოლოდ ჯანდაცვაში, არამედ არ დარჩა სფერო, რომელსაც არ შეეხო. ასე, რომ დაგეგმილი პროექტების ბევრი დეფორმაცია მოხდა და ერთადერთი საზრუნავი ეს გვქონდა“, - აცხადებს დავით სერგეენკო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა