„ლიდერფუდის“ დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე პროკურატურას  მიმართავს

შპს „ლიდერფუდის“ დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე პროკურატურას დავით ზეიკიძის მიმართ „ცრუ დასმენის ფაქტზე“ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

შპს „ლიდერფუდის“ დამფუძნებელი ირაკლი დუმბაძე მიიჩნევს, რომ დავით ზეიკიძემ და მისმა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა, სასამართლო დავების წაგების შემდეგ უკვე საბოლოოდ დაკარგეს სახე და სახიფათო თამაშში შევიდნენ.

„ლიდერფუდის“ დამფუძნებელი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„მათი ეს უსაფუძვლო ხმაური მიჩენს ეჭვს, რომ დავით ზეიკიძე და მისი ადვოკატი, არჩილ კბილაშვილი, ორი ინსტანციის სასამართლოს წაგების შემდეგ, უკვე უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედებას სხვადასხვა მაქინაციებით ცდილობენ და ჩემი და ჩემი ადვოკატის მიმართ კორუფციასთან დაკავშირებული ცრუ ბრალდებები, დავით ზეიკიძის დანაშაულებრივი გეგმის შენიღბვას ემსახურება.

ბოლო რამდენიმე თვეა ყურადღებით ვაკვირდები დავით ზეიკიძის ქმედებებს და დღითი-დღე ვრწმუნდები, რომ სწორედ დავით ზეიკიძე ცდილობს კორუფციული გზების მონახვას და უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების მოხდენას. პრევენციის მიზნით კი, მეტი დამაჯერებლობისთვის, იმას, რასაც თავად ცდილობს, მე მაბრალებს, რაც კორუფციულ სისტემაში ნამუშევარი ადამიანისთვის, აპრობირებული მეთოდია. ამას ისიც ადასტურებს, რომ დავით ზეიკიძის ადვოკატი, ყოფილი გენერალური პროკურორი, საკითხის სამართლებრივი გზით გაძღოლის ნაცვლად, პიარზე გათვლილი პასკვილების წერითაა დაკავებული, რაც სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

რა თქმა უნდა, 90-იანი წლების პოლიციის ჩინოვნიკის მხრიდან, ეს მაქინაციები გასაკვირი არაა, თუმცა დღეს სხვა რეალობაა და მე არავის მივცემ შესაძლებლობას, შავზე თეთრი მიმტკიცოს. რადაც არ უნდა დამიჯდეს, ბოლომდე ვიბრძოლებ საკუთარი სიმართლის დასადასტურებლად. როგორც დიპლომატიურ კორპუსს, ისე არასამთავრობო სექტორს და სახალხო დამცველს, ყველას დეტალურ ინფორმაციას მივაწვდი, რასაც ამ საეჭვო პროცესების თაობაზე ვფლობ და თუ დანაშაულებრივი ჩარევით ვინმე სამართლიანი სასამართლოს უფლებას წამართმევს, არაფერზე დავიხევ უკან და დავას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც განვაგრძობ. ხოლო რაც შეეხება იმ ცრუ ბრალდებებს, რასაც დავით ზეიკიძისგან ვისმენთ, მე აუცილებლად მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა გაირკვეს, რა სამართლებრივი საფუძველი გააჩნიათ ასეთი ბრალდებების გასაჟღერებლად და როდესაც აღმოჩნდება, რომ ეს მხოლოდ მათი წინასწარგნზრახული სიცრუეა სასამართლო დავაში გამარჯვებული მხარის დისკრედტაციის და უზენაეს სასამართლოზე ზემოქმედების მოსახდენად, სამართლებრივი შეფასება მიეცეს მათ ქმედებებს და დაიწყოს სისხლისამართლებრივი დევნა მძიმე დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად პროკურატურას წარედგინება როგორც სოციალურ, ისე ბეჭვდით მედიასა და ტელე-ეთერებთ გავრცელებული ინტერვიუები, სადაც დავით ზეიკიძე პირდაპირ გვადანაშაულებს მე, ჩემს ადვოკატს და კონკრეტულ მოსამართლეებს კორუფციულ გარიგებაში.

„ლიდერფუდთან“ დაკავშირებული პროცესი, სამწუხაროდ, ერთგვარ სანახაობას დაემსგავსა, რადგან დავით ზეიკიძე ყველაფერს კადრულობს იმისათვის, რომ ხელში ჩაიგდოს კომპანიის 100% წილი და ჩემი შრომით ფეხზე დაყენებული და წარმატებული კომპანია, მაფიოზური (სწორედ ასე უწოდებს თავის თავს) გზებით სრულად მიისაკუთროს. ეს მდგომარეობა ჩემს ოჯახზე უმძიმეს მორალურ წნეხს ახდენს, მაგრამ როგორც ადრეც აღვნიშნე, მე სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ ხმამაღლა მივმართო საზოგადოებას, ყველა ლეგიტიმურ ორგანოსა თუ პირს, რომ თუ დღეს მე დამერღვა სამართლიანობა, ეს შეუქცევადად მოხდება ხვალ ნებისმიერის მიმართ, ხოლო სამართლიანობა რომ მშვიდობის უპირობო საწინდარია ეს ყველას კარგად უნდა მოგვეხსენებოდეს!

დავით ზეიკიძის მხრიდან, მუქარა, ცრუ ბრალდებები და შანტაჟი, ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან ამას არც უშუალოდ სასამართლოს დარბაზში მორიდებია. თუმცა, სააპელაციო დავების წაგების შემდეგ, უკვე გაუგონარს კადრულობს და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საკუთარი მზაკვრული გეგმის შენიღბვის მიზნით, თხზავს ისტორიებს და სრულიად აბსურდული დანაშაულების ჩადენაში მდებს ბრალს. პარადოქსია, მაგრამ მადანაშაულებს ის კაცი, რომელმაც 90-იან წლებში ქვეყნის ღლეტვით დაგროვილი ნადავლით, დღეს ყველას და ყველაფრის მოსყიდვას ცდილობს რათა უკანონოდ მიისაკუთროს და კარგად განიმტკიცოს სხვისი წვალებით ნაშენები ბიზნესი.

ვინ თუ არა მე, კარგად ვიცნობ დავით ზეიკიძეს და მის მაფიოზურ სტილს. სწორედ მე და ჩემს მეუღლე - ინგა ზეიკიძეს გვიხდება მთელი იმ ტალახის ატანა, რასაც ეს კაცი ამხელა მონდომებით ისვრის. ალბათ ძნელი დასაჯერებელია, რომ მამა (დავით ზეიკიძე) საკუთარ შვილზე და სიძეზე დღემდე ავრცელებს ისეთ ბინძურ ჭორებს, რომ თითქოს ჩვენ ნარკომანები, ნარკომოვაჭრეეები, ქურდები და სხვა ათასი სისაძაგლის ჩამდენები ვართ. დავით ზეიკიძე, თავისი წარსული უნარ-ჩვევების გამოყენებით, საკუთარი ნათესავების „დავერბოვკება“-დაშენებითაა დაკავებული, ახდენს ზეწოლას ადამიანებზე, რომ ჩემზე ტყუილი ათქმევინოს. ცდილობს რამენაირად შეფუთოს თავისივე ფანტაზიაში მოხარშული სისულელე, რომ თითქოს უპოვარი შემიფარა და მე, უმადურმა გავძარცვე და გავაკოტრე. არადა, მას, რომ სინდისი და ღირსება გააჩნდეს, წესით, კარგად უნდა ახსოვდეს თუ რა კაპიტალს ფლობდა მისი ოჯახი ჩემს მიერ შპს „ლიდერფუდის“ დაარსებამდე და განვითარებამდე, რა მოცულობის თანხები აქვთ ჩემი წილიდან მიღებული და რის ხარჯზე გახდნენ იმ ქონების მფლობელნი რასაც დღეს ფლობენ. იქნებ, მათი ფინანსური ან აკადემიური ინტელექტის წყალობით ანდა მუხლჩაუხრელი, პატიოსანი შრომით?

დიახ, ბატონო დავით, სწორედ ამ „უმადური“ სიძის შრომით შექმნილ კომპანიას ხართ დაპატრონებული და ამ შრომის შედეგად ფლობს თქვენი ოჯახი ქონებას, რომელსაც ასე მზაკვრულად იყენებთ ისევ ჩემს წინააღმდეგ.

თქვენ არ ხართ, ის კაცი, რომელიც დღემდე ბოროტად იყენებთ პოლიციელის სახელს, შეურაცხყოფთ სამართალდამცავი ორგანოებს, იტყუებით რა მათი სახელით და ამტკიცებთ, რომ ყველაფრის მიღწევა შეგიძლიათ, რამდენადაც თქვენი გავლენის ქვეშ გყავთ ყველა.

თქვენ არ ხართ, ის კაცი, რომელმაც „ლიდერფუდიდან“ ჩემი წასვლის შემდეგ 200-ზე მეტი თანამშრომელი აიძულეთ სამსახური დაეტოვებინათ, რათა ჩემი ნამოღვაწარი გაგექროთ და ისტორია წაგეშალათ, რასაც დღემდე აგრძელებთ?!

თქვენ არ ხართ, ის კაცი, რომელიც 2 წლის განმავლობაში კომპანია „ლიდერფუდი“ 90-ანი წლების ჩეკისტურ დაწესებულებად აქციეთ და დოკუმენტების შეთითხვნით, სხვადასხვა პროგრამული მანიპულაციით, თანამშრომლებზე ზეწოლით და დასკვნების შეკვეთით, ჩემზე კომპრომატების შექმნას ამაოდ ცდილობთ. დიახ ამაოდ, რადგან არავინ მოგცემთ უფლებას თქვენს ფანტაზიებში შექმნილი სიბინძურე, დანაშაულად „შემომტენოთ“?!

თქვენ არ ხართ ის კაცი, რომელმაც არაერთი აუდიტორი გამოიცვალეთ, რომ როგორმე, ვინმესთვის თქვენს ფანტაზიასთან მიახლოებული დასკვნა დაგეწერინებინათ, თუმცა გულწრფელად ვუთანაგრძნობ მათაც, რადგან თქვენს ფანტაზიაშიც არ ხართ ჩამოყალიბებული და ჩემივე კომპანიიდან ხან 10, ხან 20 და ხან 18 მილიონის მითვისება გინდათ შეათითხნინოთ?!

დიახ, დღეს თქვენ აკოტრებთ და ნელ-ნელა ანგრევთ იმ კომპანიას, რომელიც ჩემი 24/7 არაადამიანური შრომით შევქმენი და ამიერკავკასიაში ყველაზე წარმატებულ ხორცპროდუქტების კომპანიად ვაქციე. ყველაზე კარგად თქვენ იცით რომ ეს ასეა, რადგან ამ წარმატებას მთელი ოჯახი და სანათესაო იზიარებდა თქვენი ბიჭების გარდა, რომლებიც ბოღმამ ისე დააბრმავა, რომ თქვენი ერთადერთი ქალიშვილის წინააღმდეგ წაგაქეზეს, საკუთარ დას და დის შვილებს წარმოუდგენელი ზეწოლის ქვეშ აცხოვრებენ და არც მოკვლის მუქარას ერიდებიან. დიახ, ბატონო დავით, სწორედ ამ წარმატებამ დაბოღმა და გააბოროტა თქვენი ხელმოცარული ვაჟები, რომლებიც მთელი ცხოვრება მამიკოს ჩრდილის ქვეშ ცხოვრობდნენ, არაფერი შეუქმნიათ, არაფრისთვის მიუღწევიათ და ბუნებრივია, ყელში გაეჩხირათ სიძე, რომლის ფონზე მათი უსაქმურობა და უუნარობა კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა. სწორედ ამის გამო აგირიეს გონება ათასი შეთხზული ამბებით ხანდაზმულ ასაკში მყოფ კაცს და საკუთარი მზაკვრული მიზნების მისაღწევად, მთელი ქვეყნის სამასხარაო და დასაცინი გაგხადეს. დიახ დასაცინი და შესაბრალებელი, რადგან ნამდვილად შესაცოდია მამა, რომელმაც ისე დაკარგა სახე, რომ საკუთარ ერთადერთ ქალიშვილს და მის შვილებს შანტაჟისა და მუქარისათვის იმეტებს. ისიც იკადრეთ, რომ ხელის ჭუჭყის, ფულის გამო, უკვე შვილიშვილების დაპირისპირებას აანონსებთ, არასრულწლოვანი ბავშვების ღვარძლით მოწამვლას ცდილობთ და ქონების გამო ერთმანეთთან დაპირისპირებისაკენ უბიძგებთ. ჩემი და თქვენი ქალიშვილის გაზრდილი შვილები ამას არასოდეს იკადრებენ, თქვენი გაბოროტებული ვაჟების ზეგავლენით კი ყველაფერი მოსალოდნელია. ბავშვების სახელის გასვრაც კი იკადრეთ, რაც ცხადად მიანიშნებს, როგორ აგონიაში ხართ. ეს სხვა, გაცილებით სერიოზულ მენტალურ პრობლემებზე მიანიშნებს, რომელთა შესწავლას ვფიქრობ, სპეციალური ცოდნა ჭირდება.

ჩემთან მიმართებაში ყველაფერი გასაგებია, მაგრამ როგორ ბედავთ ან რა ნამუსი გაძლევთ უფლებას თქვენ და თქვენს ვაჟებს, რომ საკუთარ შვილს და დას, ჩემს მეუღლეს, ათას სისაძაგლეს აბრალებთ და ამით გინდათ მისი თქვენდამი პროტესტი გაამართლოთ, რომელმაც არ დაიჯერა თქვენი ბინძური ჭორების და სიმართლის ერთგული დარჩა?! მართლა გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში ვინმე ამას დაიჯერებს?

თქვენ ცდილობთ საზოგადოება დაარწმუნოთ, რომ თითქოს შვილები ან შვილიშვილები განაღვლებთ და მათთვის წილების სამართლიანად გადანაწილებაზე ზრუნავთ. ეს იმ ფონზე, როდესაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მათი მდგომარეობით არც კი დაინტერესებულხართ. პირიქით, მათ სიცოცხლესთან დაკავშირებით მუქარებს გვითვლიდით. ბატონო დავით, თუ ეხლა ვინმეს წინდახედულობა მართებს, ეს სწორედ თქვენ ხართ, რადგან თუ ვინმე, თქვენს მიერ საკუთარი ოჯახის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს არ გაპატიებთ, ეს სწორედ თქვენი შვილიშვილები იქნებიან, რომლებიც, მიუხედავად თქვენი მავნებლური წაქეზებისა, აუცილებლად იპოვიან საერთო ენას, ეყვარებათ ერთამნეთი და არანაირი წილების გამო არ დაკარგავენ ღირსებას და ერთმანეთის პატივისცემას.

რაც არ უნდა ეცადოთ სამართლიან კაცად წარმოაჩინოთ თავი, არ გამოგივათ, რადგან ყველამ ყველაფერი იცის. ყველა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, პროკურატურამ თუ პოლიციამ, უკვე იცის როგორ ემუქრებით და აშანტაჟებთ ფულის გამო თქვენს საკუთარ ქალიშვილს და მის არასრულწლოვან შვილებს. ერთადერთი რაშიც გეთანხმებით ისაა, რომ მე, თქვენს სიძედ თავს აღარ ვთვლი, მაგრამ კვლავ ვარ თქვენი ქალიშვილის, ინგას ერთგული მეუღლე, იმ ინგასი, რომელმაც ცხადად დაინახა ქონების გამო როგორ დაკარგეთ სახე და ბოლომდე გვერდში მიდგას, იმ ინგასი, რომლის მხარდაჭერის და წარმოუდგენელი სიძლიერის გარეშე, ალბათ ვერაფერს შევძლებდი და რომელსაც თქვენი სიხარბის და ყველაფრის კადრების გამო უზომოდ ატკინეთ გული და შეარცხვინეთ. ურთულესი არჩევანის წინაშე დააყენეთ, მაგრამ მან ზუსტად იცის სადაა სიმართლე და სწორედ ამიტომ მაძლიერებს და სიმართლის დასაცავად, ამ უსამართლო ბრძოლაში, დიდ მოტივაციას მაძლევს.

თქვენ და თქვენნაირი ადამიანები ქმნიან ამ ქვეყანაში ნიჰილიზმს, უიმედობას სამართლიანობის და ადამიანურობის მიმართ! იმასაც უპრობლემოდ კადრულობთ, რომ საკუთარი მადის დასაკმაყოფილებლად და ჩემს მიმართ ჩადანილი დანაშაულების გასამართლებლად, საკუთარ შვილიშვილებს ბოროტად იყენებთ და ერთმანეთის სიყვარულის ნაცვლად, სიძულვილს უნერგავთ! და ყოველივე ამის მერე, კვლავ მუქარის ტონით გველაპარაკებით. ცილისწამების უზარმაზარი კასკადისა და ცრუ დასმენის გამო აუცილებლად მოგიწევთ სამართალდამცავებისათვის პასუხის გაცემა, რადგან მე არც კორუფციაში და არც ჩემივე შექმნილი ქონების მოპარვაში ცრუდ დადანაშაულებას არ გაპატიებთ. უბრალოდ თქვენგან განსხვავებით, მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ და ქურდულ-განგსტერული მეთოდით გარჩევების ნაცვლად, ჩემი სიმართლის დასადასტურებლად პროკურატურას მივმართავ, სადაც თქვენს მიერ საჯაროდ და წერილობით გავრცელებული ცრუ დასმენის ფაქტებზე, საკმაოდ მოცულობით მასალებს წარვადგენ და მოვითხოვ დაუყოვნებლივ იქნას შესწავლილი თქვენი და თქვენი ადვოკატის არჩილ კბილაშვილის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებები, რომელიც, როგორც ჩანს თქვენი ზეწოლოთ ერთი მხრივ ხალხს კორუფციაში ადანაშაულებს და მეორე მხრივ, მათთან მიდის და ებოდიშება, ჩემმა მარწმუნებელმა მაიძულა ამ ინფორმაციის გავრცელება და სხვა გზა არ მქონდაო. სხვათაშორის, ეს ინფორმაცია მთელმა ქალაქმა იცის და თქვენი ვითომ ძალიან მაგარი გარემოცვის მეშვეობით დავიჯერო ჯერ თქვენამდე არ მოსულა? ასეა ბატონო დავით, თქვენივე უახლოესმა გარემოცვამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ის ერთადერთი ადამიანი ჩამოეშორებინათ თქვენგან, ვინც მართლა ზრუნავდა თქვენზე. რომ არა თქვენი ზღვარსგადასული, ამორალური ცილისწამებები, შესაძლოა ისევ დამრჩენოდა თქვენს მიმართ თანაგრძნობა, თუმცა დამერწმუნეთ, თქვენს მიერ მოძულებული ქალიშვილისთვის, მაინც ძალიან მძიმეა იმის ყურება, ფულის გამო როგორ გაგაბოროტეს, გაგაბაიბურეს ამხელა კაცი და მთელი ქვეყნის დასაცინი გაგხადეს თქვენმა ხელმოცარულმა ვაჟებამა, რომლებიც ჩემი შრომის ხარჯზე მილიონების შოვნის იდეამ იმდენად შეიპყრო, რომ საბოლოოდ დაკარგეს სახე და თქვენც სიბერე გაგიმწარეს.

მაშ ასე ბატონო დავით, თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ პასკვილების წერა და არარსებული ფაქტების გამოგონება, მე კი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩემი უფლებების დასაცავად და სიმართლის დასადასტურებლად, კვლავ სამართლებრივი გზებით ვიბრძოლებ და იმის მიუხედავად, რომ მუდმივად მემუქრებით სამართალდამცავ ორგანოებში თქვენი გავლენით და მიმტკიცებთ, რომ როცა თქვენ გადაწყვეტთ, მაშინ დააჭერინებთ ჩემ თავს, მე მაინც მექნება სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინი და იმის იმედი, რომ თქვენი ეს გავლენები პროკურატურასა და პოლიციაზე, ისეთივე მითი და გამოგონილი ტყუილია, როგორც ჩემს მიერ ვითომ 18 მილიონის მოპარვა და მოსამართლეების მოქრთამვა. სიმართლე ერთია. მჯერა, რომ მისი დამალვა ან ინტერპრეტირება შეუძლებელია. ის თავის თავს არ დამალავს და საბოლოოდ მაინც გაიმარჯვებს”, - აღნიშნულია ირაკლი დუმბაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა