ირაკლი ხმალაძე - ჩვენი პოლიტიკა არ და ვერ იქნება ინდივიდუალური ტრანსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული, რადგან ეს ამ ქალაქის განვითარების ინტერესების ღალატია

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის კრიტიკოსებს მიმართავს და თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგიას კიდევ ერთხელ განმარტავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტის სფეროში შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ინდივიდუალური ტრანსპორტით სარგებლობის შემცირებაში ხედავს.

მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა კერძო ავტომანქანების აკრძალვას არ ნიშნავს, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო ავტომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა ქალაქის განვითარების ინტერესებს ეწინააღმდგება და შესაბამისად, ის მერიის პრიორიტეტი ვერ იქნება.

„ყველას, ვინც ბრაზობთ ჩემზე და თბილისის მერიაზე, ყველას, ვინც ლოგიკა ვერ დაიჭირეთ თუ რატომ ვიქცევით ასე, ვისაც არ გჯერათ, რომ სწორია ის, რაზეც ვსაუბრობთ და ვაკეთებთ, ასევე, მათ, ვინც აგრესიას გამოხატავთ - მოკლედ განგიმარტავთ, რაში მდგომარეობს თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის არსი. პირველ რიგში, მეც ვარ რიგითი მოქალაქე და შემდეგ, დროებით სახელმწიფო მოხელე. შესაბამისად, ყველაფერი ის, რასაც აკეთებს მუნიციპალიტეტი, პირდაპირ მეხება მეც, როგორც ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს და მერწმუნეთ, ყველა გადაწყვეტილებას, პირველ რიგში, მოქალაქის თვალით ვაფასებთ და ვიღებთ.

ფაქტია, რეფორმირების გარეშე სატრანსპორტო სისტემა ვეღარ გაძლებს, ქალაქი ვერ დაიტევს მანქანების იმ ნაკადს, რომლის იმპორტირებაც ყოველწლიურად ხდება. ფაქტია ისიც, რომ არავის გვემეტება ეს ქალაქი მუდმივი საცობებისთვის და არავის გვემეტება ჩვენი შვილები ამ გამონაბოლქვით მოწამვლისთვის. შესაბამისად, გამოსავალი უნდა მოინახოს. გამოსავალი კი ერთადერთია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირება“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

ვიცე-მერის განმარტებით, დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კერძო ავტომობილით გადაადგილებასთან შედარებით, ბევრად უფრო კომფორტული გახდეს.

„ეს არ არის ჩემი მოგონილი. ეს არის გზა, რომელიც განვითარებულმა ქალაქებმა გაიარეს და სამწუხაროდ, სხვა გზა არ არსებობს. რაც უფრო ფართო იქნება გზა, რაც უფრო იაფი და კომფორტული იქნება პარკირება, მით უფრო მეტი იქნება ავტომობილი, საცობი და გამონაბოლქვი. ეს მსოფლიო გამოცდილებით დადასტურებული ფაქტია. ვისაც სჭირდება საკუთარი ავტომობილით მგზავრობა - იმგზავროს, არავინ უშლის, მაგრამ ჩვენი პოლიტიკა არ და ვერ იქნება ინდივიდუალური ტრანსპორტის ხელშეწყობაზე ორიენტირებული და ამას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ეს ამ ქალაქის განვითარების ინტერესების ღალატია“, - აცხადებს ვიცე-მერი.

მისი თქმით, მერია მომავალშიც შეეცდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა გაიზარდოს.

ჩვენ ვცდილობთ და ვეცდებით, გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება და შემცირდეს კერძო მანქანების მოხმარება და ეს იმის ხარჯზე, რომ გაცილებით კომფორტული გავხადოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა ეს არ ნიშნავს კერძო მანქანების აკრძალვას - უბრალოდ, კერძო ავტომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტი არ არის და ვერც იქნება, რადგან ეს ქალაქის განვითარების ინტერესებს ეწინააღმდეგება. ივლიან თუ არა მაინც კერძო მანქანები, ეს გაღელვებთ? რა თქმა უნდა, ივლიან და იარეთ თქვენც. ჩვენ მხოლოდ იმას ვეცდებით, რომ თქვენთვისაც უფრო კომფორტული იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ვიდრე კერძო ავტომობილით, სხვა არაფერი“, - აცხადებს ვიცე-მერი.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან