ვანო მთვრალაშვილი - ბოლო თვენახევარში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავზე ფასი საშუალოდ 30 თეთრით, ბრენდირებულ სადგურებზე კი 5-8 თეთრით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ბოლო თვენახევრის განმავლობაში არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასის საშუალოდ 30 თეთრით, ხოლო ბრენდირებულ სადგურებზე 5-8 თეთრით მატება საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდამ განაპირობა.

როგორც ვანო მთვრალაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საწვავის ფასის ზრდის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა, ფასების ზრდა ცალსახად ერთ ფაქტორს- ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების მნიშვნელოვან მატებას უკავშირდება.

„უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე, ბენზინზე, დიზელზე ბოლო ორი თვეა სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. პანდემიიდან გამომდინარე მაისის შუა რიცხვებამდე სახეზე იყო ნავთობის ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა, რაც ამ პერიოდში ნავთობის მოხმარების მნიშვნელოვანმა შემცირებამ გამოიწვია, თუმცა მას შემდეგ რაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყო მსოფლიოს ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ, გაიხსნა ეკონომიკა, ამასთან შედგა „ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის“ (OPEC) შეთანხმება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების შემცირების შესახებ, ფასები გაიზარდა. ამ პროცესმა გამოიწვია ის, რომ საქართველოში საცალო ქსელში, როგორც ბრენდირებული, ისე არაბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურების შემთხვევაში, დაიწყო ფასების მატება. პირველი ტალღა ფასების მატების არაბრენდირებულ გასამართ სადგურებს შეეხო, რადგან ისინი მარაგების გარეშე ოპერირებენ“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

რაც შეეხება საწვავის ფასებთან დაკავშირებულ მოლოდინებს, მისი განმარტებით, პროგნოზირება საკმაოდ რთულია და მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გლობალურ ტენდენციებზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს