მაია ცქიტიშვილი - არჩილ ჯაფარიძის თანამდებობიდან წასვლა არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე არჩილ ჯაფარიძის სურვილის შესახებ იცოდა.

მინისტრის თქმით, გუბერნატორი თანამდებობიდან წასვლას კორონავირუსამდეც აპირებდა, თუმცა შემდგომში თავი შეიკავა, რადგან მისი აქტიური ჩართულობა იყო საჭირო.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირდება, თუ არა ჯაფარიძის გადაწყვეტილება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მას კონფლიქტი ჰქონდა მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან, მაია ცქიტიშვილი პასუხობს, რომ არჩილ ჯაფარიძის გადაწყვეტილება რაიმე ტიპის კონფლიქტთან კავშირში არ არის და მან თანამდებობა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

ცქიტიშვილის თქმით, მისთვის უცნობია, ჯაფარიძის სამომავლო გეგმების შესახებ.

"სამწუხაროდ, ახლა, სტიქიამაც მოგვისწრო, თუმცა ეს მისი გადაწყვეტილებაა. შემიძლია, გითხრათ, რომ არჩილ ჯაფარიძის გადაწყვეტილების მიუხედავად მისი გუნდი, გუბერნიის ადმინისტრაცია, ონის მუნიციპალიტეტის მერიც ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ძალიან საწყენია ბატონმა არჩილმა რომ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. ბუნებრივია, ყველა საჯარო მოხელე ოდესღაც ამ პოზიციას ემშვიდობება და ამასაც უნდა შევეჩვიოთ. დაახლოებით 4 წელია, რაც ამ პოზიციაზეა. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა ამ მხარეში, მაგრამ სხვა გეგმები აქვს ცხოვრებაში. მიზეზი არის ის, რომ 4 წელი საჯარო სამსახურში არის საკმაოდ ბევრი. ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირის წასვლა ყოველთვის შეიძლება რაღაცას დაემთხვეს. არანაირ კონფლიქტს არ უკავშირდება მისი წასვლა. ასევე მოვისმინე ერთ-ერთი ვერსია, რომ თითქოს სტიქიის ლიკვიდაციის პროცესს უკავშირდება და გეტყვით, ამასაც არ უკავშირდება. ეს არის ბატონი არჩილის პირადი გადაწყვეტილება და მოდით, შევეჩვიოთ, რომ ჩვენც, ნებისმიერ თანამდებობაზე მყოფი ადამიანები პირველ რიგში, ვართ ადამიანები და გვაქვს ჩვენი გარემოებები, გეგმები და პატივი ვცეთ ამ გადაწყვეტილებებს",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა