"თავისუფალი საქართველო" კერძო სკოლების დაფინანსების საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენს

"თავისუფალი საქართველო" კერძო სკოლების დაფინანსების საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელს წარადგენს. პარტიის ლიდერის, კახა კუკავას განცხადებით, სახელმწიფო კერძო სკოლების მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ეწევა, როდესაც კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ერთმანეთისგან განასხვავებს. „სახელმწიფო კერძო სკოლების მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკას ეწევა, როდესაც კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებს ერთმანეთისგან განასხვავებს. საქართველოში არსებული კერძო სკოლები საკმაოდ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ, ვინაიდან სახელმწიფო სკოლებში სასწავლო პროცესი არაეფექტურად ხორციელდება, ამის გამო ძალიან ბევრი მშობელი თავიანთი შვილების სწავლას კერძო სკოლებში ამჯობინებს, სახელმწიფო კი ამ დროს გამორჩევით „სამართალს“ ეწევა. ის კერძო სკოლების მოსწავლეებზე, მხოლოდ ნაწილობრივ იღებს ფინანსური (ვაუჩერის სახით) ზრუნვის ვალდებულებას და პრიორიტეტულ აქცენტს, საჯარო სკოლების მოსწავლეებზე აკეთებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კუკავამ.

მისი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი დისკრიმინაციული მიდგომის გამოსწორება, საკონსტიტუციო სასამართლოს გზით არის შესაძლებელი.

„ჩვენ ვაპირებთ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ და მოვითხოვოთ ამ მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრა, მით უმეტეს, რომ ამის პრეცედენტი, უკვე არსებობს. გასულ წლებში სასამართლომ დაადგინა - სახელმწიფო, როდესაც არის კერძო სტრუქტურის კონკურენტი, ისინი თანაბარი უფლებებით უნდა სარგებლობდნენ. სწორედ ამ პრინციპის საფუძველზე გაუქმდა ადრინდელი პრაქტიკა, სახელმწიფო დაცვის გარკვეული კერძო პრივილეგიები. ამ პირობის გათვალისწინებით კი, კერძო და სახელმწიფო სკოლები თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ, მით უმეტეს, რომ სახელმწიფო სკოლებს ბაზური დაფინანსების სახით, კერძო სკოლების მიმართ ისედაც დიდი უპირატესობა გააჩნიათ“,- განმარტავს კახა კუკავა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერის ამ პოზიციას, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ელზა ბადაშვილიც იზიარებს.

„სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს და დღეს არსებული მიდგომა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად იარსებებს მოსწავლეების ერთმანეთისგან განსხვავება, რაც დაუშვებლად მიმაჩნია“, - განაცხადა ელზა ბადაშვილმა.

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარის, მანანა ნიკოლეიშვილის პოზიციით კი, სახელმწიფო, საჯარო და კერძო სკოლების მიმართ გაუმართლებელ პოლიტიკას ეწევა.

„სახელმწიფოს პოზიცია არის ანტიკონსტიტუციური, ეს ვითარება კი, უკვე ათეული წლებია გრძელდება. კონსტიტუციაში ნათლად წერია, რომ სწავლის უფლება ყველას აქვს, კონსტიტუციაში, ასევე დაფიქსირებულია, რომ სწავლის ფორმის არჩევაც სრულიად თავისუფალია. ამ დროს კი, საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლება განსხვავებას აკეთებს საჯარო და კერძო სკოლებთან მიმართებაში და მოსწავლეებს კატეგორიებად ყოფს, ვიღაცას ვაუჩერის დაფინანსების სახით, მეტი ერგება და ვიღაცას ნაკლები, რაც კატეგორიულად მიუღებელია“,- აცხადებს მანანა ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციას „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს