ირაკლი ბერაია - ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება, ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა,-ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლისთავთან დაკავშირებით საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.

ის რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებებზე საუბრობს და განმარტავს, რომ რუსეთი აგრძელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, სამხედრო წვრთნებს და დე-ფაქტო ანექსიის პროცესს.

„ჩვენ დავკარგეთ ჩვენი სამხედროები, სამართალდამცავები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩემი მშობლიური ქალაქიდან - სენაკიდან აგვისტოს ომს შეეწირა კაპრალი ლევან თეფანია და კაპრალი თემურ ბოკუჩავა, რომლებიც გმირულად დაეცნენ ცხინვალის მისადგომებთან, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეები ჯონი და როლანდ ქარდავები, მეირა ინჯგია, რომლებიც ემსხვერპლნენ სენაკზე განხორციელებულ რუსულ ავიადარტყმას. საქართველოში დამატებით გაჩნდა 30,000 დევნილი, უკონტროლო ტერიტორიებს დაემატა ახალგორი და კოდორის ხეობა, 130 ზე მეტი სოფელი. განხორციელდა საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და უკანონო აღიარება რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსული აგრესიის შედეგად დარღვეულია არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, არამედ სერიოზული საფრთხის წინაშეა რეგიონული და მთლიანად ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოება.

ოკუპანტ სახელმწიფოს კვლავ შეუსრულებელი აქვს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთი აგრძელებს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციას, სამხედრო წვრთნებს, დე-ფაქტო ანექსიის პროცესს, ხელს უშლის ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის სრულად განხორციელებას და ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას ოკუპირებულ რეგიონებში“,-აღნიშნავს ირაკლი ბერაია.

მისი შეფასებით, გარდა ამისა, უხეშად ირღვევა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ეთნიკური ნიშნით წამების, არაადამიანური მოპყრობის და მკვლელობის შემთხვევები, რასაც ადასტურებს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, აგრეთვე ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება უკანონო ტყვეობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფსბ-ს ე.წ. სასაზღვრო ბაზაზე.

თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის და ადგილობრივი მოსახლეობის იზოლაციის მიზნით ადგილი აქვს გადასასვლელების უკანონო ჩაკეტვას, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს - მავთულხლართების გავლებას და სხვა უკანონო ხელოვნული ბარიერების აღმართვას. გრძელდება ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავებები. ოკუპირებულ ცხინვალში კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩებიან ზაზა გახელაძე, ხვიჩა მღებრიშვილი და გენადი ბესტაევი.

ქართული კვალის წაშლის მიზნით ნადგურდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ეთნიკური ქართველების სახლები. სკოლის მოსწავლეებს ეკრძალებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღება. ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი კვლავაც მოკლებულია საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნების შესაძლებლობას.

ოკუპირებული რეგიონებიდან გართულებული ან შეუძლებელია სამედიცინო ევაკუაციები ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, რითაც გამოწვეულია გარდაცვალების გახშირებული ფაქტები. ყოველივე ეს გაუსაძლისს ხდის კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ისედაც რთულ ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, რასაც კიდევ უფრო ართულებს რფ-ს მიერ პანდემიის პერიოდში დაწესებული უკანონო შეზღუდვები და პროვოკაციული ქმედებები“,-აღნიშნავს ბერაია.

მისი შეფასებით, დეოკუპაციისთვის და ქვეყნის გამთლიანებისთვის საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს კონფლიქტის მოგვარების მშვიდობიან, თანმიმდევრულ, პრაგმატულ და პრინციპულ პოლიტიკას, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს.

„ჩვენი პასუხი ოკუპაციაზე არის მშვიდობა, დეესკალაცია, შერიგება და ჩართულობა, საერთაშორისო ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია რუსეთზე ზეწოლის გაზრდის და ვალდებულების შესრულების იძულების მიზნით, უწყვეტი განვითარება და ძლიერი ქართული დემოკრატია.

აუცილებელია, რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, შეცვალოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უკანონო გადაწყვეტილება, გადადგას ქმედითი ნაბიჯები კონფლიქტის დიალოგის გზით მოწესრიგებისა და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით, ხელი არ შეუშალოს შერიგების პროცესს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის დახმარების ძალისხმევას.

ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი საყრდენია შერიგება, ომით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა. ჩვენი გულები და ფიქრები არის ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან - ქართველებთან, აფხაზებთან, ოსებთან, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან. იმ პირობებში, როდესაც საოკუპაციო ძალა ცდილობს ისინი დააშინოს იარაღით და შეაკავოს ხელოვნური ბარიერებით, ჩვენ მათ ვთავაზობთ ყველა შესაძლებლობას ღირსეული აწმყოსა და მომავლისთვის, ყველა სიკეთეს რაც უზრუნველყოფილია მავთულხლართებს გამოღმა მცხოვრები მათი თანამემამულეებისთვის. ჩვენი ნაბიჯები ემყარება მათ საჭიროებებს, მათ სწრაფვას განვითარებისა და უკეთესი მომავლისკენ. კონფლიქტი და დაშორიშორება არ შედის არც ქართველების, არც აფხაზების და ოსების ინტერესებში.

საქართველო ყოველდღიურად აძლიერებს დემოკრატიას, ავითარებს ეკონომიკას, სწრაფი ტემპებით მიისწრაფვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ და სარგებლობს ინეგრაციის პროცესში მიღებული უმნიშვნელოვანესი სიკეთეებით. წარმატებები, რასაც ვაღწევთ, თანაბრად ეკუთვნის საქართველოს ყველა მოქალაქეს. ამ წარმატებებს ვაღწევთ საქართველოს ყველა მოქალაქის სახელით და ყველა მოქალაქის საკეთილდღეოდ - რასაკვირველია ჩვენი აფხაზი და ოსი თანამემამულეების სახელით და მათ საკეთილდღეოდ. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, სადაც დაცულია თითოეული მოქალაქისა და ეთნიკური ჯგუფის ღირსება, უფლებები და იდენტობა. მავთულხლართები, რომლებიც ჩვენ გვყოფს აუცილებლად ჩამოიშლება. ჩვენ გვაქვს საერთო წარსული და ჩვენ ასევე გვაქვს ბევრად უფრო საინტერესო საერთო მომავალი ერთიან ევროპულ სახელმწიფოში, სადაც დაცულია ყველა ადამიანის ღირსება და უზრუნველყოფილია თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა“,-წერს ბერაია სოციალურ ქსელში. ​

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა