გიორგი გახარია - წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილს გადაეცემა საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა "დირსის" კომპლექსში დევნილი მოსახლეობისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სხვა გზა, მშვიდობის გარდა.

გიორგი გახარიას განცხადებით, მიზანი არის ქვეყნის სრული დეოკუპაცია, რამაც ქვეყნის ყველა მოქალაქე უნდა გააერთიანოს.

„დღეს, არის 7 აგვისტო, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე. დღე, როცა დაწყებულმა ომმა ჩვენ დაგვაკარგინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ჯარისკაცები, დაგვაკარგინა საქართველოს ტერიტორიის 20%. რა თქმა უნდა, უაღრესად სიმბოლურია, როცა დღეს, რუსეთის მიერ 12 წლის წინ ოკუპირებულ ქვეყანაში, ჯერ კიდევ უამრავი დევნილი გვყავს, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოს ზრუნვა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ზღვაში წვეთია, როცა დღეს ასეთი სიხარულით ბავშვებთან ერთად და პირველ რიგში, ბავშვების გამო, ჩვენს დევნილებს გადავცემთ 251 საცხოვრებელს, ადამიანებს, რომლებსაც ამ ომის შედეგად მოუწიათ საკუთარი სახლები დაეტოვებინათ და რომლებიც დღემდე არიან ჭერის გარეშე. რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ეს არის ზღვაში წვეთი, მაგრამ ამ ბავშვების მომავლისთვის უნდა გავაგრძელოთ და ასეთი დღეებიც უნდა ვიზეიმოთ.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 13 წლის შემდეგ სახელმწიფომ დევნილებს გადასცა 21 000-ზე მეტი საცხოვრისი და წელს, წლის ბოლომდე კიდევ 2 000 დევნილი მიიღებს ახალ საცხოვრებელ ფართს, ეს მაინც არაფერი არ არის,რადგან ჩვენი ვალია, თითოეული ქართველის, საქართველოს თითოეული მოქალაქის, გარდა იმისა, რომ ვიზრუნებთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ, რომ ყველანი ერთად, მშვიდობით დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს ძველ სახლებში და ეს დაგვრჩეს აქ, როგორც დამატებითი საჩუქარი.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, არ არსებობს სხვა გზა, მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომა არის ის, რომ დავიბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით ყოველდღიური შრომით, ყოველდღიური სწავლით, ამ ბავშვების მომავლით, მათი განათლებით და რაც მთავარია, წარმატებული, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობით. საქართველოს ყველა ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, წლების განმავლობაში, საბოლოო მიზნის მიღწევამდე და ეს მიზანი არის ქვეყნის სრული დეოკუპაცია, უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიდგეთ ერთად, ეს ის მიზანი უნდა იყოს, რომელმაც უნდა გააერთიანოს საქართველოს თითოეული მოქალაქე.

გილოცავთ ამ დღეს და ამ ბავშვების სიხარული მინდა გავაზავოთ იმ მწუხარებით და იმ ქედის მოხრით, რომელსაც იმსახურებენ ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ვაჟკაცები, რომლებმაც შეწირეს თავისი ძვირფასი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას და საქართველოს მთლიანობას. მინდა ამ ბავშვებს ვუსურვო პირველ რიგში, რომ ამ ქვეყანას აღარ დაჭირდეს სიცოცხლის გაღება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა