მთავრობამ ინფექციური საავადმყოფოსთვის ახალი შენობა შეიძინა, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და ასევე მიმდინარეობს რემონტის საკითხის მოგვარება, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ინფორმაციას, თითქოს „ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით და შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება აღარ შეუძლია“.
ტიკარაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ მკურნალობას. მისივე თქმით, აივ-ინფექციის პროგრამიდან გასვლას წინასწარი წერილობითი მიმართვა სჭირდება, რაც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს არ გაუკეთებია და საჭიროა დამატებით ინფორმაციას დაველოდოთ.
„როგორ პირობებში მუშაობს ინფექციური საავადმყოფო, ჯანდაცვის სამინისტროს ამაზე არაერთხელ, არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული და სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და მათთვის ჩვენ ახალი შენობა შევიძინეთ, რომელიც 40 მილიონის ღირებულებისაა და ასევე მსოფლიო ბანკის ფარგლებში გარკვეული ჯგუფი მუშაობს დეტალურად იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ახალ შენობაში დაიწყოს რემონტი, რათა მათ მიეცეთ იმ პირობებში მუშაობის საშუალება, რომელიც ნებისმიერი ნორმალური კლინიკის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო და ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ვზრუნავთ. რაც შეეხება კოვიდპაციენტებს, არანაირი რისკი მათ არ შეეხებათ და ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ მკურნალობას შესაბამის კლინიკებში. რაც შეეხება აივ-ინფექციის შემთვევას, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კლინიკა, რომელიც ტოვებს ამ პროგრამას, ვალდებულია სოციალურ სააგენტოს მიმართოს წერილობით, რომ ის ტოვებს პროგრამას 2 თვით ადრე, რაც თენგიზ ცერცვაძეს არ გაუკეთებია და აქედან გამომდინარე მე ჯერ დაველოდები დამატებით ინფორმაციას. სხვა შემთხვევაში, თუ კლინიკა ტოვებს პროგრამას, მას კანონის ფარგლებში ერიცხება 10%-იანი ჯარიმა, წინა წლის შესრულებული სამუშაოების ფარგლებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.