ვახტანგ კალოიანის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ირგვლივ არსებული ვითარება ჯანდაცვის სამინისტროს გაუაზრებელი პოლიტიკის მაგალითია

„ევროპული საქართველოდან“ აჭარის უმაღლეს საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ექიმი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრის ირგვლივ არსებული ვითარება ჯანდაცვის სამინისტროს გაუაზრებელი და არათანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მაგალითია.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრი შერჩეულია COVID ეპიდემიაზე რეაგირების ერთ -ერთ წამყვან ცენტრად, მისი ამ პირობებში დატოვება უპასუხისმგებლობაა და საფრთხეს უქმნის პაციენტების უსაფრთხო მკურნალობას.

როგორც კალოიანი აღნიშნავს, ამასთან დაკავშირებით სამედიცინო საზოგადოება ჯერ კიდევ მარტში მოუწოდებდა ხელისუფლებას რეაგირებისკენ.

„სამწუხაროდ, ეს ადასტურებს ჩვენს შიშს ჰოსპიტალური სექტორის მოუმზადებლობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ის შედეგები, რაც გვაქვს, ეპიდემიოლოგიური სამსახურის დამსახურებაა“,- აცხადებს ვახტანგ კალოიანი.

მისი თქმით, საჭიროა ახალი შენობის აშენება, რათა პაციენტებს სათანადო პირობებში მოემსახურონ.

ვახტანგ კალოიანმა ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდა, დააკმაყოფილოს შემდეგი პირობები: გასაჯაროვდეს COVID პანდემიაზე რეაგირების ხარჯები, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს COVID -ზე რეაგირების და მომზადების დეტალური გეგმა და არა ეკლექტური მსჯელობები მასმედიით, ინფექციურ პათოლოგიათა და შიდსის ცენტრს ახალი შენობის აშენებამდე მიეცეს უსაფრთხოდ და ნორმალურად ფუნქციონირების საშუალება.

შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფო აივ/შიდსის პროგრამიდან დროებით გავიდა. როგორც მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, გადაწყვეტილების შესახებ კლინიკის ხელმძღვანელობის მხრიდან სამინისტროს წინასწარი ინფორმირება არ მომხდარა, რის გამოც ტიკარაძემ არ გამორიცხა, რომ ინფექციური საავადმყოფო კანონის მიხედვით დაჯარიმდეს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა