ადვოკატი - სააპელაციო სასამართლოში გიორგი რურუას პოლიტიკური და უკანონო განაჩენის გაუქმებას ვითხოვთ

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მსჯავრდებულის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ საქმის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა დაუსაბუთებელი და პოლიტიკური განაჩენი გამოიტანა, რის გაუქმებასაც სააპელაციო სასამართლოში ითხოვენ.

„გავასაჩივრეთ ვალერიან ბუგიანიშვილის პოლიტიკური განაჩენი, რომელიც იყო დაუსაბუთებელი და და შეიძლება ითქვას, სასაცილოც კი, რადგან მოსამართლემ დაამახინჯა მოწმეების ჩვენებები. კერძოდ, დაცვის მხარის მოწმეებს დააბრალა ისეთი რამ, რაც მათ ფიზიკურად არ უთქვამთ. პოლიციელებთან მიმართებაში თვალი დახუჭა და საერთოდ არ შეაფასა მათი ჩვენების ის ნაწილი, სადაც დადასტურდა, რომ ისინი იტყუებოდნენ ან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს იძლეოდნენ. ასევე შეფასების გარეშე დატოვა და საერთოდ არც კი იმსჯელა მოწმეთა ნაწილის ჩვენებებზე. მათი ჩვენებები, ამ შემთხვევაში, გამამართლებელი მტკიცებულება იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი - მოსამართლე არ შეეხო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას. ამ დასკვნის თანახმად, ჩადებულ ცეცხლსასროლ იარაღზე არ აღმოჩნდა გიორგი რურუას თითის ანაბეჭდები. შესაბამისად, ეს დასკვნა გიორგი რურუას უდანაშაულობას ცალსახად ადასტურებდა. მოსამართლემ განაჩენში ერთი წინადადებაც კი არ მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იზიარებს ან გაზიარების შემთხვევაში რა პოზიცია გააჩნია ამ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის მოსალოდნელი იყო ამ შინაარსის განაჩენის გადმოცემა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ბუგიანიშვილი გადაწყვეტილებას არ იღებდა საქმესთან არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, არამედ მას თავიდანვე დაკვეთილი ჰქონდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა გიორგი რურუასთვის და ეს გააკეთა კიდეც. ვითხოვთ ამ პოლიტიკური და უკანონო განაჩენის გაუქმებას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სააპელაციო სასამართლოში დაგვხვდებიან უფრო მიუკერძოებელი და ობიექტური მოსამართლეები, ვიდრე იყო ვალერიან ბუგიანიშვილი, მაგრამ დაცვის მხარის ვალდებულებაა გავასაჩივროთ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნება გიორგი რურუას საქმეში მის საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, გიორგი რურუას ბრალი სსკ-ის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მას პატიმრობა 4 წლის ვადით შეეფარდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს