წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები დღეს ბათუმში ჩავიდნენ, სადაც, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თავისუფალი საქართველოდან“ აცნობეს, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მანდატებისთვის - ბათუმიდან რომან ჯიქია, ქობულეთიდან რუსუდან ოქროპირიძე, ქედა, ხულო, შუახევის ოლქიდან კი დალი ტაკიძე იბრძოლებენ. რაც შეეხება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს, „თავისუფალი საქართველოდან“ ბათუმში, სულიკო მიქელაძეა წარდგენილი, ხოლო ქედა, ხულო, შუახევის ოლქში ბაადურ რიჟვაძის კანდიდატურა დასახელდა.
კახა კუკავას განცხადებით, პარტიას საკმარისი რესურსი გააჩნია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ეფექტური შედეგი აჩვენოს.
„ჩვენი პარტია თანდათან იკრებს ძალებს და საკმარისი რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებში ეფექტური შედეგი აჩვენოს. ამის შესაძლებლობას კი, ჩვენი მხარდამჭერები გვაძლევენ, მათი აქტიურობა და თანადგომა დღითიდღე მზარდია. მზად ვართ ამომრჩევლებს ინტერესები არ გავუცრუოთ და მათივე ინტერესები არჩევნებამდეც და მის შემდეგაც მაქსიმალურად დავიცვათ“, - განაცხადა კახა კუკავამ.
მხარდამჭერებთან შეხვედრისას, სიტყვით დეპუტატობის კანდიდატებიც წარსდგნენ. რომან ჯიქიას განცხადებით, საქართველოში და მათ შორის, აჭარის რეგიონში ქვეყნის საწინააღმდეგო პოლიტიკა უნდა დასრულდეს.
„აჭარის რეგიონის ეკონომიკური ნგრევა ჯერ კიდევ ასლან აბაშიძის დროს დაიწყო, როდესაც გემშენებელი ქარხანა ნაწილ-ნაწილ გაიყიდა და დაინგრა. ამ პრობლემის მოგვარებაზე დღემდე არავის უზრუნია, არა და პრობლემა - პრობლემად რჩება. საქართველოს ფაქტობრივად თევზსაჭერი სეინერი აღარ გააჩნია, მხოლოდ ერთია დარჩენილი და ისიც იმდენად ამორტიზირებულია, რომ სადაცაა გაჩერდება, ასევე განადგურებულია თევზის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც ერთ დროს ქართული ეკონომიკის ერთ-ერთ ძლიერ მხარეს წარმოადგენდა.
დღეს, საქმე იქამდე მივიდა, რომ თევზჭერის ლიცენზიას, საკუთარ ქვეყანაში თურქული კომპანიებისგან 400 დოლარად ვყიდულობთ, როდესაც ამ ლიცენზიის მოპოვება 40 ლარი ღირდა. საგულისხმოა ისიც, რომ ნადირობის ლიცენზიის მოპოვებასაც, დღეს თურქეთის მხარე განკარგავს, მაშინ, როდესაც საკუთარ ქვეყანაში ამის გაკეთება ქართველ ადამიანს არ შეუძლია“, - განაცხადა რომან ჯიქიამ და აღნიშნა, რომ მისი დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ამ და სხვა მტკივნეული პრობლემების მოგვარებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
დალი ტაკიძის თქმით კი, რეგიონში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში განვითარების ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს.
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. მზად ვარ აჭარის მაღალმთიან რეგიონში უმუშევრობის პრობლემებს ჩემს ამომრჩეველთან ერთად ვებრძოლო და რეგიონიდან ადამიანების გადინების ტენდენცია მაქსიმალურად შევაფერხო“, - განაცხადა დალი ტაკიძემ.
ქობულეთის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებულ რუსუდან ოქროპირიძეს კი მიაჩნია, რომ ხალხის მიმართ გაცემული დაპირებები ხელისუფლებამ ვერ შეასრულა და მის ნაცვლად, ქვეყნის სათავეში პატრიოტული ძალები უნდა მოვიდნენ.
„ჩვენს გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იყოს. „თავისუფალმა საქართველომ“ ეს არაერთხელ დაადასტურა. მჯერა, მხარდამჭერები სწორ არჩევანს გააკეთებენ და იმ პოლიტიკურ ძალას მისცემენ ხმას, რომელიც ქვეყნის განვითარების მომავალზეა ორიენტირებული“, - განაცხადა რუსუდან ოქროპირიძემ.
სულიკო მიქელაძის განცხადებით კი, „თავისუფალი საქართველო“ ის ერთადერთი პარტიაა, რომელმაც ეროვნულ ღირებულებებს არ გადაუხვია და ქართული სულისკვეთების ერთგულ, მთავარ პოლიტიკურ ძალად რჩება.
„რამდენიმე ათეული წელია, რაც „თავისუფალი საქართველო“ მის პოლიტიკურ სვლას ღირსეულად განაგრძობს. ეს არის ძალა, რომელმაც ქართულ სინამდვილეში დაამტკიცა ყველაზე მთავარი - ეროვნული ფასეულობა, რომელიც გადასინჯვასა და პოლიტიკურ „ფერიცვალებას“ არ ექვემდებარება“, - აღნიშნა სულიკო მიქელაძემ.
ბაადურ რიჟვაძის აზრით კი, 2020 წლის არჩევნები ქვეყნისა და რეგიონის პოლიტიკური განვითარებისთვის გარდამტეხი იქნება.
„საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში მისი უშუალო წვლილი შეიტანოს, ამისთვის კი სწორი არჩევანის გაკეთებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამემამულეები ისეთ არჩევანს გააკეთებენ, რომელიც ხვალინდელი დღის იმედიანი გარანტი იქნება“,- გადანაცხადა ბაადურ რიჟვაძემ.
„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, ხვალ, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები ქობულეთში ჩავლენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას „იაფი მედიკამენტების“ პროგრამის ფარგლებში წამლებს გადასცემენ.