სოფო შამანიდის განცხადებით, პრემიერმა ქვეყანაში არსებული პრობლემები კანდიდატების წარდგენისას აღმოაჩინა

„ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის სოფო შამანიდის განცხადებით, პრემიერმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში არსებული პრობლემები კანდიდატების წარდგენისას აღმოაჩინა.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო - პრემიერი გახარია მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს რეგიონებში. რა აღმოაჩინა ამ კამპანიის დროს პრემიერმა გახარიამ და რას პირდება მოსახლეობას?

პრემიერმა გახარიამ აღმოჩინა, რომ ბათუმში ბოლო 8 წელი მხოლოდ "ფული კეთდებოდა" (ვინ აკეთებდა ამ ფულს, არ დაუკონკრეტებია - ს.შ.) და რომ ამიერიდან "მორჩა მარტო ფულის კეთების დრო, უკვე აუცილებელია, ვიფიქროთ ბათუმის იერსახეზე და რაც დღეს დაგვრჩა, ის მაინც შევინარჩუნოთ". ანუ, მხოლოდ ფულს კი აღარ გააკეთებენ, არამედ შეეცდებიან, რაც ამ 8 წელიწადში გადარჩა, შეინარჩუნონ.

პრემიერმა გახარიამ რვა წლის თავზე ბოლოს და ბოლოს აღმოაჩინა, რომ რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია და რუსთავის მოსახლეობას "ჰაერის სისუფთავის მართვის გეგმას" დაჰპირდა. აქვე ისიც აღმოაჩინა, რომ თურმე კომპანიები რუსთავში "არაკეთილსინდისიერად იქცეოდნენ" უკანასკნელი 8 წელი და ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანეს ქალაქი. და ისიც აღიარა, რომ "არავინ ფიქრობდა სისტემურად, ეკოლოგიურად, გარემოზე ზიანის შემსუბუქებაზე", - განაცხადა სოფო შამანიდმა.

მისივე თქმით, პრემიერმა 8 წლის განმავლობაში პრობლემების მხოლოდ აღმოჩენა შეძლო და უსასრულო დრო დასჭირდება ამ პრობლემების მოგვარებისთვის, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი გეგმა, როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან.

„პრემიერმა გახარიამ აღმოაჩინა, რომ გლეხს თურმე ჯერ კიდევ უჭირს და დაჰპირდა მას, რომ აწი დაიწყებს ფიქრს იმაზე, როგორ გააძლიეროს გლეხი და გადააქციოს ძლიერ ფერმერად.

პრემიერმა გახარიამ აღმოაჩინა, რომ თურმე ქედაში სასმელი წყლის პრობლემაა. აქვე ისიც აღმოაჩინა, რომ მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირებაც პრობლემა ყოფილა. აღმოაჩინა, რომ თურმე არც გზები ყოფილა მოწესრიგებული. ისიც აღმოაჩინა, რომ გლეხებს მიწა არ ჰქონიათ რეგისტრირებული, რაც თურმე დიდ პრობლემებს უქმნით მათ.

პრემიერმა გახარიამ ასევე ამ წინაასაარჩევნო კამპანიის დროს აღმოაჩინა, რომ "ძირითადი ამოცანა არის ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი ბავშვების განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია, ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს".

ძვირფასო პრემიერო, თუკი თქვენ 8 წლის თავზე პრობლემების მხოლოდ აღმოჩენა შეძელით, რამდენი წელი დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოაგვაროთ?

არ დაიღალოთ, მე გეტყვით - უსასრულობა. რატომ? იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი გეგმა, როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან; იმიტომ რომ „ქართული ოცნების“ მთავრობაში არ არიან პროფესიონალები, ვინც იცის საქმის კეთება; იმიტომ რომ ეს მთავრობა ვერ იღებს გადაწყვეტილებას "იმ კაცთან" შეუთანხმებლად, "ის კაცი" კი არც ისე მარტივი მოსახელთებელია მისი ქვეშევრდომებისთვისაც კი; იმიტომ რომ ამ ხელისუფლების მთავარი ამოცანა "ფულის კეთებაა" - პრემიერს ვციტირებ; იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ არ იცის საქმის კეთება; და ბოლოს, მარტივად, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას უბრალოდ არ უყვარს ეს ქვეყანა, არ ადარდებს ხალხი, არ ფიქრობს მათზე.

აბა სხვა რითი უნდა აიხსნას ის, რომ პრემიერმა გახარიამ მხოლოდ ახლა, 8 წლის თავზე აღმოაჩინა, რა აწუხებს ხალხს?!“, - აცხადებს სოფო შამანიდი.

ინფორმაციას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი