ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა კოვიდ-19-ის ინფექციის პრეჰოსპიტალურ ეტაპზე პრევენციისა და კონტროლის გაიდლაინი, სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დოკუმენტი შეიმუშავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საერთაშორისო პროგრამის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში 140 სპეციალისტი მომზადდა, რომლებმაც ინფექციის გავრცელების პრევენციისა და მედპერსონალის პირადი უსაფრთხოების დაცვის შესახებ სპეციალური კურსი გაიარეს.
„პოსტ კრიზისულ პერიოდში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, ყველა ძალისხმევა ჯანდაცვის სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ უნდა მიიმართოს. ჯანდაცვის მუშაკების - ფრონტის ხაზზე მყოფი ადამიანების დაცვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ შეაქვთ მნიშვნელოვანი წვლილი COVID-19– ის წინააღმდეგ ბრძოლაში. მოხარული ვართ, რომ ტრენინგის მონაწილეებმა თეორიული ცოდნასთან ერთად პირადი დამცავი აღჭურვილობის სწორად გამოყენების უნარებიც შეიძინეს“, - განაცხადა საქართველოში ჯანმო-ს წარმომადგენელმა სილვიუ დომენტემ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადებული 140 სპეციალისტი, თავის მხრივ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ცენტრის 7000-ზე მეტ თანამშრომელს - სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალსა და სოფლის ექიმებს გაუზიარებს ცოდნას. გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი კოვიდ-19-ის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესახებ განახლებულ გაიდლაინებს პერმანენტულად გაეცნობა.