ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ტრაგედიით სპეკულაცია, ვერსიებით მანიპულაცია და სუს-ის დისკრედიტაცია, დაუშვებელია

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ოპონენტები თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობენ. მისი თქმით, ამ მიზნით უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის დისკრედიტაცია დაუშვებელია.

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, იცით, რომ გარკვეული განცხადებები გაკეთდა და სუს-მა გაავრცელა განცხადება. ცხადია, მძიმე ტრაგედიაა და ოჯახს კიდევ ერთხელ მივუსამძიმრებ, თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ ტრაგედიით პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულაცია, ვერსიებით მანიპულაცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაცია არის დაუშვებელი. სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს სჩვევიათ პოლიტიკური მიზნებისთვის ყველა საშუალების გამოყენება და ხდება იმ სამსახურის და სამწუხაროდ, კონკრეტული პირების დისკრედიტაცია,რომელთა უწყებას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფო, თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისთვის და ადამიანებს, რომლებიც იქ მუშაობენ თავიანთი სიცოცხლე არაერთხელ გაურისკავთ ქვეყნის ინტერესებისთვის. მე მესმის, რომ ოჯახის წევრები ძალიან მძიმე ემოციურ ვითარებაში არიან, თუმცა, პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თემებით სპეკულაცია და ერთგვარი ჩარევა იკვეთება.

ასევე, შევეხები იმ განცხადებებს და მოწოდებებს, რაც უკავშირდება თითქოსდა იარაღით ვაჭრობას, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური მიზნები, აქ არის თემები, სადაც ჩვენ ძალიან ფრთხილი და მოზომილი უნდა ვიყოთ, მითუმეტეს, როცა ვსაუბრობთ რეალობას აცდენილ ფაქტებზე და ცხადია, როცა საქმე ეხება ჩვენს მეზობლებს და მათ შორის არსებულ კონფლიქტებს, ჩვენი ქვეყნის მიზანმიმართულად ჩართვის სურვილი ააშკარავებს მათ პოლიტიკურ მიზანს. კითხვები შეიძლება არსებობდეს, ამ კითხვებზე პასუხს მიიღებს დაზარალებული ოჯახი, მაგრამ უაპელაციოდ უწყების დისკრედიტაცია პოლიტიკური მიზნებისთვის არის მიუღებელი. ვხვდებით რა, რომ საარჩევნო ვითარებაში ვართ, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს აწყობთ იმ ინსტიტუტების დისკრედიტაცია, რომელზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა. ვინც ერკვევა სახელმწიფო უსაფრთხოების საქმიანობაში, მათ იციან, რომ ამ გზაზე მუდმივად ხდება ამ უწყების ტრანსპორტის გადაადგილება შესაბამისი სამუშაო დისლოკაციების გათვალისწინებით, ამიტომ მოვუწოდებ ყველას, რომ ტრაგედიებით მუდმივად პოლიტიკური მიზნებისთვის სპეკულაცია არის მიუღებელი", - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისათვის, აღნიშნულ საკითხზე განცხადება დღეს სუს- მაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ შემთხვევასთან სუს-ს არანაირი შემხებლობა არ გააჩნია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა