მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს უნდობლობას უცხადებს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი საგამოძიებო უწყებისა და პროკურატურის წარმომადგენლებს, ვისაც გუშინ ესაუბრა, მატყუარებს უწოდებს და აცხადებს, რომ ისინი უღირსად იქცევიან. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მათ ჰყავთ წყაროები და კავშირებიც აქვთ, რომლითაც სატელეტიდან გადაღებული ფოტომასალა მოიპოვეს.

ადვოკატი საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს მიმართავს და უნდობლობას უცხადებს.

„არათუ ნდობა, პირდაპირ გეუბნებით, გუშინ ვისაც გესაუბრეთ, ერთი მისხალი ნდობაც კი აღარ მექნება თქვენ მიმართ იმიტომ, რომ ძალიან მატყუარები და არასანდო ადამიანები ხართ. გუშინ ჩვენ პირადი საუბრებიც გვქონდა და შეთანხმებულებიც ვიყავით, რომ ორი დღე გვინდოდა. დღეს ვაპირებდი მივსულიყავით, მაგრამ დღის ბოლომდე არ მოიცადეთ. გამოდიხართ და ამბობთ იმას, თითქოს უარი განვაცხადე წყაროს დასახელებაზე. მატყუარები და ცრუპენტელები ხართ! გუშინ უარი არ მითქვამს და თქვენთან სასაუბროდ მოვედი. თქვენ არ ხართ გამომძიებლები, თქვენ ხართ იმის შემსრულებლები, რასაც უფროსები გავალებენ. რაც შეეხება წყაროს, მე გუშინაც განვაცხადე, რა თქმა უნდა, ამას კუდს მოაბამენ, თითქოს ფოტოშოპია და გადაკეთებულია“,- განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, ის შესაბამის ფოტომასალს საელჩოებში გადააგზავნის და დამოუკიდებელ ექსპერტიზაზეც წარადგენს.

„ბევრი წერილი, რომელსაც ვითომ აშშ-ში აგზავნიან, შინაარსობრივად არ არის იმ მოცემულობის, რასაც საზოგადოებას აწვდიან. მეც მყავს ჩემი წყაროები, ჩემი კავშირი მაქვს ძალიან ბევრ ადამიანთან. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, როდესაც ერთ მხარეს წარმოადგენ, აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს ქმედებების განხორციელებას სხვადასხვა პოზიციებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, გული მწყდება, როდესაც გელოდებიან, სიტყვას გათქმევინებენ და მერე უნდათ, რომ ცრუპენტელა, მატყუარა წარმოგაჩინონ. ძალიან გული მწყდება გუშინდელ წარმომადგენლებზე, რომელთანაც გვიანობამდე ვსაუბრობდი და აღარ ვაპირებ თქვენთან არანაირ თანამშრომლობას. ძალიან მალე ბევრ სიურპრიზს განახებთ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი ფაქტი დამისახელეთ, რომელიც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ობიექტური შეჭმარიტებით დადგინდა, თუნდაც „მაჩალიკაშვილის საქმე“, „სარალიძის საქმე“ „მამალაძის ან შაქარაშვილის საქმე“. მე და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი ყოველთვის ვითხოვდით, რომ ეს ყველაფერი გამოთხოვილიყო. არავითარი მოლაპარკება არ მიდის, არავისთან არაფერი გაუკეთებიათ. საქმის ჩვენებშიც ჩანს, რომ იქ არავითარი ავტომობილი არ იდგა, უბრალოდ გადაფარვა უნდათ. კიდევ ბევრ სიურპრიზს ნახავთ“,-განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს ერთ-ერთი ტელეკომპანიის საშუალებით მის მიერ გასაჯაროებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოსთხოვა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ რამიშვილმა პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა ფოტომასალა, რომელიც მისი თქმით, სატელიტიდანაა გადაღებული და სოფელ მაწევანის ტერიტორიას 2020 წლის 19-22 ივლისს ასახავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა