ვასო ურუშაძე - „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, კორონავირუსის თემას გამოიყენებს და შეეცდება, შექმნილი ვითარება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს

მმართველი პარტია, სავარაუდოდ, გამოიყენებს კორონავირუსის თემას და შეეცდება, შექმნილი ვითარება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ს თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ სასურველი შედეგის მისაღებად არჩევნებზე დაბალი აქტივობა სჭირდება, შესაბამისად, არ არის გამორიცხული აქტივობის შესამცირებლად გამოიყენოს პროპაგანდის ინსტრუმენტები.

კერძოდ, ყოველდღიურად კორონავირუსის რისკებისა და საფრთხეების შესახებ თავად გაავრცელოს ან ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელებას, გაამკაცროს რეგულაციები და გაზრდილი ტესტირების შედეგად გაზარდოს ინფიცირებულთა საერთო სტატისტიკა.

„ამ მიმართულებით აქტივობა მმართველმა პარტიამ ჯერ კიდევ 1 სექტემბერს დაიწყო, როცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი შეხვდა ბათუმის კლუბების წარმომადგენლებს და მოსთხოვა ღამის ღონისძიებების გაუქმება. შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლებს სთხოვეს, ეს ყველაფერი არ გაეხმაურებინათ, რამაც უფრო მეტად შეაშინა საზოგადოება და გააჩინა პანიკის საფუძველი. ამას ემატება მთავრობის მიერ, ყოველდღიურად, გამოცხადებული ახალ-ახალი რეგულაციები და დღეში რამდენჯერმე მოქალაქეებისთვის დაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. ყველაფერი ეს, ერთად, მოსახლეობაში პანიკის ახალი ტალღის შექმნას უწყობს ხელს“, - განაცხადა ურუშაძემ.

როგორც ვასო ურუშაძემ განმარტა, ქართული ოცნება შეეცდება არჩევნების მიღმა დატოვოს ამომრჩევლის ერთი მესამედი, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო გამოკითხვებით საკუთარ არჩევანში ჩამოყალიბებული არაა.

„მმართველ პარტიას არ სჭირდება საარჩევნო უბნებზე სიურპრიზები, ამიტომ შეეცდება ეს ამომრჩეველი, რომელიც ზოგადად, არჩევნების და კონკრეტულად, პოლიტიკური სუბიექტების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, არჩევანის წინაშე დააყენოს. კორონავირუსის გავრცელების საფრთხით შექმნას ისეთი საზოგადოებრივი ფონი, რომ უმოტივაციო ამომრჩეველმა არჩევანი საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე გააკეთოს და საერთოდ არ მივიდეს არჩევნებზე“, - აღნიშნა ურუშაძემ.

მისივე თქმით, პროპაგანდის შედეგად კორონავირუსით შეშინებული ამომრჩეველი, იქნება ის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერი თუ ის, ვინც არ იცის ხმას ვის აძლევს, არჩევნებზე თუ არ მივა, მმართველი პარტია შედეგს უფრო კარგად გააკონტროლებს.

„ქართულ ოცნებას“ უკვე დათვლილი ჰყავს თავისი მხარდამჭერები, რომელებიც მის წინაშე ვალში არიან (იგულისხმება მოგებული ტენდერები, გაცემული აქვს დახმარებები, ეკონომიკურად და ფინანსურად მათზე დამოკიდებული ამომრჩეველი და ა.შ), პარტიული აქტივი და ადმინისტრაციული რესურსი (იგულისხმება ბაღის და სკოლის მასწავლებლები, საბიუჯეტო და სიპების თანამშრომლები და სხვა), რომლებსაც მუქარითა და დაშინებით ყველა ხელისუფლება სათავისოდ იყენებს. მმართველი პარტია აპირებს თითოეულ უბანზე საშუალოდ 300-500 ხმის მობილიზაცია გააკეთოს. რეალურად, დაშინება-მუქარა ხელისუფლების ხელში წარმოადგენს ბერკეტს, რომლითაც ის ამ რაოდენობის ხმების მობილიზებას უბნებზე შეძლებს. მსგავსი ბერკეტი არ გააჩნია ოპოზიციას, ამიტომ კორონავირუსის პირობებში მათ შეიძლება გაუჭირდეთ დაშინებული საკუთარი ამომრჩევლის უბნებზე მობილიზება.“- განმარტა ურუშაძემ.

როგორც ვასო ურუშაძე აღნიშნავს, უკვე არსებობს სქემა, რომლითაც ქართული ოცნება არჩევნების დღეს აპირებს მუშაობს.

„საუბარია კოორდინატორების ორგანიზებულ და შეთანხმებულ მოქმედებაზე. კერძოდ, ნახევარ საათში ერთხელ კოორდინატორები რიგ-რიგობით, უკვე გაწერილი გრაფიკით, უბნებზე მიიყვანენ 20-25 მხარდამჭერს, კომისიის წევრები საარჩევნო უბნებზე გააჭიანურებენ პროცედურებს, რითაც კორონავირუსის პირობებში (იგულისხმება დისტანციის დაცვის პირობა; პერიოდული სადეზინფექციო სამუშაოები) შექმნიან მუდმივ რიგებს და ამითაც შეეცდებიან დააგდონ აქტივობა,“- განაცხადა ვასო ურუშაძემ.

მისივე შეფასებით, აღნიშნული სქემით არჩევნების ჩატარება საერთაშორისო დონეზე გააჩენს კითხვის ნიშნებს გაყალბებასთან დაკავშირებით და დადგება არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას. „თუ ეს სქემა განხორციელდა, მიღებული შედეგი არ იქნება საქართველოს ამომრჩევლის მიერ გამოხატული პოლიტიკური ნება, რაც დღის წესრიგში დააყენებს არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის საკითხს,“ - განაცხადა ურუშაძემ, რომლის კომენტარსაც სამოქალაქო პლატფორმა ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა