ორს პლუს ოთხი - ხელშეკრულება, რომელმაც გერმანია გააერთიანა

12 სექტემბერს 30 წელი სრულდება მოსკოვში ე.წ. „ორს პლუს ოთხი - ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან. ამ ხელშეკრულებამ, რომელსაც ორივე გერმანულმა სახელმწიფომ და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა მთავარმა ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა მოაწერა ხელი, შესაძლებელი გახადა გერმანიის კვლავ გაერთიანება. „ერთმა ქართველმა გაყო გერმანია - ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გამართლებული, თუ მეორე ქართველი მას კვლავ გააერთიანებს“ – იხუმრა ედუარდ შევარდნაძემ, ამ ხელშეკრულების ერთ-ერთმა არქიტექტორმა და თავისი იუმორით ეს რთული ისტორიული ტვირთი საბავშვო თამაშივით წარმოაჩინა.

გერმანიის ისტორიისათვის ფუნდამენტური როლის გარდა ამ ხელშეკრულებამ დიპლომატიური საფუძველი ჩაუყარა ერთიან და თავისუფალ ევროპას. ის ფართო ხედვა, რომელსაც იგი მოიცავს, დღესაც მნიშვნელოვანია.

1945 წელს ოთხმა დიდმა სახელმწიფომ დაიტოვა უფლება, ერთ დღეს ერთად გადაეწყვიტათ გერმანიის ბედი. მათი ქმედების ფაქტობრივი შედეგი გახლდათ არა მხოლოდ ყოფილი მტრული სახელმწიფოს, არამედ მთელი ევროპის გაყოფა, რომლის დროსაც ქვეყნები ესტონეთიდან ბულგარეთამდე საბჭოთა კავშირის გავლენის ზონაში მოექცა.

რევოლუციურ 1989 წელს კი ეს ერები მოსკოვის ბორკილებისგან გათავისუფლდნენ და ამით დაიწყეს დემოკრატიული მმართველობის საფუძვლების შექმნა. ნათელი იყო, რომ ეს ნიშნავდა უპრეცედენტო მასშტაბის გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. მაგრამ ღია და რისკებით აღსავსე საკითხად რჩებოდა ის, თუ რა სახით და რა მასშტაბით უნდა განხორციელებულიყო ეს ცვლილებები. ხალხი დარწმუნდა თავის ძალაში, მაგრამ კონტინენტის მთლიან აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ განთავსებული იყო საბჭოთა ჯარები და იარაღი. არაერთგან ეს გამოყენებული იყო როგორც ძალაუფლების იარაღი, რამაც გაამწვავა კონფლიქტები, რომლებიც დღესაც გადაუჭრელია.

ამ გარემოებებში ოთხი დიდი სახელწიფოს 1945 წლის შეთანხმებას ძველი ისტორიის ელფერი ჰქონდა. მაგრამ მისი კარგი მიზნებისთვის გამოყენება გახდა შესაძლებელი. მართალია ორივე გერმანული სახელმწიფო იცავდა თავის უფლებას, თავად გადაეწყვიტა საკუთარი მომავალი, თუმცა ასევე მზად იყვნენ, ეს ამ „ოთხთან“ თანამშრომლობით განეხორციელებინათ. ასეთი მიდგომა შეიძლება სწრაფად გადაზრდილიყო კონფლიქტებში, თუმცა ეს ასე არ მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირის მმართველ რგოლში მიხეილ გორბაჩოვი და ედუარდ შევარდნაძე რეალისტურად აფასებდნენ სიტუაციის საფრთხეებსა და აუცილებლობებს. მათ ასევე გააჩნდათ ნდობა, რომ მათი დასავლეთელი პარტნიორები ყველა საკითხს ისე გადაწყვეტდნენ, რომ ეს მიმართული იქნებოდა საკითხების პარტნიორულ და აქედან გამომდინარე გრძელვადიან მოგვარებაზე. საბჭოთა კავშირი, რომელიც შეიძლება წაგებული აღმოჩენილიყო, მათი სიბრძნის წყალობით ახალი წესრიგის თანაავტორი გახდა.

გერმანიამ კი რიგი ვალდებულებები აიღო თავის თავზე: მან საბოლოოდ აღიარა პოლონეთის დასავლეთი საზღვარი, უარი თქვა მასობრივი განადგურების იარაღის შეძენაზე და თავისი იარაღის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების საწინააღმდეგოდ გამოყენებაზე; გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში, ყოფილი გდრ-ის ტერიტორიაზე არ განთავსდებოდა სხვა ქვეყნის ჯარები ან ატომური იარაღი; საბჭოთა ჯარებს შეეძლებოდათ აღმოსავლეთში იმ დრომდე დარჩენა, სანამ ცალკე ხელშეკრულება მათ გაყვანას არ დაარეგულირებდა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ გაერთიანებულ გერმანიას უფლება ეძლეოდა, საკუთარი სურვილით აერჩია, თუ რომელ ალიანსებს შეუერთდებოდა.

მიუხედავად ამ წარმატებებისა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილებები აშკარად გარდაუვალი და შეუქცევადი იყო, შევარდნაძეს მზარდი წინააღმდეგობა შეექმნა მოსკოვის იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ კონფრონტაციული მიდგომით იგი იმპერიას შეინარჩუნებდა. ამის შედეგად მან დატოვა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვეში. მაგრამ დარჩა დიდი ნდობა და პირადი მეგობრობა მას და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰანს-დიტრიხ გენშერს შორის. ამ მეგობრობის შედეგად 1992 წლის აპრილში გენშერი საქართველოში ჩამოვიდა, სადაც შევარდნაძეს ახალი როლი და პასუხისმგებლობა ჰქონდა ნაკისრი. 2+4-ხელშეკრულებას ამით პირდაპირი კავშირი აქვს თბილისში პირველი უცხო ქვეყნის საელჩოს გახსნასა და იმ ძლიერ თანამშრომლობასთან, რომელიც მას შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს.

დიპლომატიური ტექსტები ჩვეულებრივ შეიცავს მონაკვეთებს, რომლებიც შეიძლება ლამაზ სიტყვებად, ტექსტის გაფორმებად იყოს აღქმული. თუმცა 2+4-ხელშეკრულების შემთხვევაში ევროპის ხედვა, რომელიც მასშია მოცემული, უდიდეს ნაწილში მართლაც რეალობად იქცა: ჰელსინკის კონფერენციის პრინციპებზე დაფუძნებული მშვიდობის სამართლიანი და მდგრადი წესრიგი; ყველა სახელმწიფოს უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისი გათვალისწინება; ქვეყნების მზადყოფნა, არ განიხილონ ერთმანეთი მოწინააღმდეგეებად, არამედ ჰქონდეთ ნდობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთდამოკიდებულება.

სწორედ ასეთი თანაცხოვრება აქვს დღეს ევროპის ხალხთა უმრავლესობას. ჩვენი კონტინენტის უდიდეს ნაწილში ხალხმა გადალახა ისტორიული მტრობა ისე, რომ ახალი თაობებისთვის ეს მტრობა გაუგებარი გახდა. მაგრამ ამ ზოგად ფონზე მკვეთრად გამოიკვეთება ასევე საწინააღმდეგო მაგალითებიც. მათი ნაწილი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთის აქტიურ ქმედებებთან: ყირიმის ანექსია, სეპარატიზმის ხელშეწყობა აღმოსავლეთ უკრაინაში, საქართველოს ტერიტორიაზე მისი ჯარების უკანონო განთავსება, რეგიონებისა და დასახლებების მავთულხლართით გაყოფა. ზოგიერთ ამ კონფლიქტს თავისი ფესვები ეთნიკური შიშის ჯერ კიდევ გადაულახავ წარმოდგენებში აქვს.

რუსეთმა, რომელიც ამაყობს იმით, რომ დიდი ისტორიის მემკვიდრეა, იქნებ ერთ დღესაც კვლავ აღმოაჩინოს თავის განძის სკივრში 2+4-ხელშეკრულება და ამით პარიზის ქარტია და ეუთოს სხვა დოკუმენტები, რომლებიც შემდგომ იქნა მიღებული. ევროპა, რომელიც მთლიანად ამ დოკუმენტებზეა დაფუძნებული, ყველას გამარჯვებულად აქცევს.

ჰუბერტ ქნირში

გერმანიის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა