გენერალური პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ოთხი ბრალდებულის დამნაშავედ ცნობაზე განცხადებას ავრცელებს

გენერალური პროკურატურა ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებებში - ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ოთხი ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ტ.ღ. და გ.ს. დამნაშავედ ცნო. ამავე განაჩენით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დამნაშავედ იქნა ცნობილი კ.ჩ. და პ.ყ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, ქ.თბილისი, გალის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გ.ს.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, ცოტნე გამსახურდიას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რა დროსაც ტ.ღ.-მ ასევე დაზარალებულს თავის არეში ყავარჯნები ჩაარტყა, ხოლო დანის მსგავსი საგნით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. ტ.ღ.-მ და გ.ს.-მ ცოტნე გამსახურდიას სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს, თუმცა, შემთხვევის ადგილზე შეკრებილი ხალხის სიმრავლის გამო განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

ასევე, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს და ტ.ღ.-ს მიერ ჩადენილ ქმედებას პ.ყ. და კ.ჩ. შეესწრნენ და ნამდვილად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუმცა აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა გ.ს., ტ. ღ., კ. ჩ. და პ.ყ. 2019 წლის 20 დეკემბერს დააკავეს. გ.ს.-ს და ტ.ღ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად), ხოლო კ.ჩ.-ს და პ.ყ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად ტ.ღ.-ს და გ.ს.-ს 15-15 წლით, კ.ჩ.-ს 5 წლით, ხოლო პ.ყ.-ს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა