კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთავარი სწორება გააკეთა განათლებაზე, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კონკურენტუნარიანები იყვნენ

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, მცხეთაში მათი კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს. აღნიშნულის შესახებ კალაძემ მცხეთაში, მმართველი პარტიის მიერ მოსახლეობისთვის მცხეთის, დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, შალვა კერესელიძის წარდგენისას ისაუბრა.

კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ასევე ისაუბრა 2012 წლიდან მოყოლებული „ქართული ოცნების“ მიღწევების შესახებ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მცხეთას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც რეგიონს ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. ტურიზმის გარდა, ყურადღება ექცევა მოსახლეობისთვის კონკრეტულ საჭიროებებს, რომელზე მუშაობაც აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაში და ერთად ყველა იმ პრობლემას გადავლახავთ, რომელიც ჯერ კიდევ მოსაგვარებელია. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემის მყისიერად მოგვარება სახელმწიფო რესურსებისა და ჩვენი მცირე ეკონომიკის პირობებში რთულია, თუმცა, ყველანი კარგად ვხედავთ, რომ სახელმწიფო წლების მანძილზე გვერდში უდგას საკუთარ მოქალაქეებს, ზრუნავს მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, უქმნის პირობებს, რათა პროდუქცია აწარმოოს, ან მზარდ ტურისტულ სექტორში იმუშაოს და საკუთარ ოჯახში შემოსავალი შეიტანოს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთავარი სწორება გააკეთა განათლებაზე, რათა ჩვენი შვილები და შვილიშვილები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან კონკურენტუნარიანები იყვნენ და შემდეგ მათი განათლება გამოვიყენოთ ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება დაიწყო, კერძოდ, კი პედაგოგებს ანაზღაურება გაეზარდათ, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მისივე თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და დარწმუნებული ვარ, მას ექნება თქვენი მხარდაჭერა და თქვენი თანადგომა. ერთმა ადამიანმა, სადაც არ უნდა იყოს, ეს იქნება პოლიტიკა, სპორტი, ბიზნესი, შეუძლებელია მიაღწიოს წარმატებას, თუ მას ზურგს არ უმაგრებს ძლიერი გუნდი. აქაც, თუ არ იქნება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა, შეუძლებელი იქნება წარმატებაზე საუბარი. მჯერა, როგორც ეს 2012 წლიდან მოყოლებული ყველა არჩევნებზე ხდებოდა, მცხეთა ყოველთვის ამბობდა თავის სათქმელს, ამ არჩევნებშიც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, აქაც ღირსეულად გამოვალთ, ღირსეულად გავიმარჯვებთ“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა