დავით კირკიტაძე - ჩვენი გამარჯვების შემდეგ, სააკაშვილი იქნება პრემიერი - მან შეძლო ერთხელ ქვეყნის კრიზისიდან, ჭაობიდან გამოყვანა და დღეს სწორედ ასეთ კრიზისში ვართ

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის და მისი პარტიისთვის ზუგდიდი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრია. როგორც კირკიტაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სააკაშვილს რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, ზუგდიდი ერთ-ერთი ქალაქი იქნებოდა, სადაც საარჩევნო კამპანიაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ იქნება ზუგდიდში ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატი. ყველაზე მეტი კანდიდატობის მსურველი გვყავს ზუგდიდში. ძალიან მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილისთვისაც და ჩვენთვისაც ზუგდიდი, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური ცენტრია ჩვენი ქვეყნის. ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, მაქსიმალურად ზუსტად შევასრულოთ ზუგდიდელების დაკვეთა. განსაკუთრებით სენსიტიურია სააკაშვილისთვის ზუგდიდი. მას განსაკუთრებულად უყვარს სამეგრელო, ზუგდიდი და ბუნებრივია, ის ძალიან წუხს, რომ პირადად არ შეუძლია უშუალოდ იყოს ამ პროცესების მონაწილე. მას რომ ჰქონდეს საშუალება, საქართველოში საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყოს ჩართული, ალბათ, რამდენიმე ქალაქთან ერთად ზუგდიდიც იქნებოდა ერთ-ერთი, სადაც ის პირადად მიიღებდა აქტიურ მონაწილეობას“,- განაცხადა კირკიტაძემ.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ახლა კამპანიას - „დაავალე მიშას“, კირკიტაძე ამბობს, რომ ხალხს აინტერესებს, როგორ მოაგვარებს ამა თუ იმ პრობლემას მიხეილ სააკაშვილი და „კამპანიის არსიც ეს არის“

„აბსოლუტურად ყველა ცივილურ ქვეყანაში, იქ, სადაც საპარლამენტო ქვეყნებია, მიღებული პრაქტიკაა, როდესაც პარტია ასახელებს მის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, მის ჩრდილოვან კაბინეტს და ისე წარდგება ამომრჩევლის წინაშე. ჩვენ ამომრჩეველს არ უნდა მოვატყუოთ და არ უნდა დავმალოთ ის რეალობა, რაც არის. ჩვენი გამარჯვების შემდეგ სააკაშვილი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმიტომ, რომ მან შეძლო ერთხელ ქვეყნის კრიზისიდან და ჭაობიდან გამოყვანა და დღეს სწორედ ასეთ კრიზისში ვართ, როგორც იყო საქართველო 2003 წელს და კიდევ უფრო მწვავე კრიზისშიც.

რაც შეეხება კამპანიას, რომელიც დავიწყეთ, ჩვენ, ვინც დავდივართ და ველზე ვართ, უამრავი ადამიანი გვხვდება, ასევე უამრავი რუსთაველი მწერს - „მე ამას დავავალებდი მიშას“, „მე ამ პრობლემის მოგვარებას დავავალებდი მიშას“. მოქალაქეებს აინტერესებთ, როგორ ფიქრობს მიხეილ სააკაშვილი ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებას. ეს არის ამ კამპანიის არსი“,- განაცხადა კირკიტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა