UNDP-მ შემოსავლების სამსახურსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს 41 000 აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

საქართველოს მიღწევები ოზონის შრის დაცვის საქმეში დაგეგმილ მაჩვენებლებს აღემატება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაეროს განვითარების პროგრამიდან (UNDP) აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ოზონის მსოფლიო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამა გარემოსდაცვით ინსპექტორებს, მებაჟეებსა და მაცივარ-ტექნიკოსებს უახლეს აღჭურვილობას გადასცემს.

„ოზონის მსოფლიო დღეს, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, ხაზს უსვამს საქართველოს მიღწევებს ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების საქმეში და პასუხისმგებლიანი მოხმარებისა და წარმოების დანერგვაში.

დღეს, ოზონის შრის დაცვის უფრო ფართო პროგრამის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამამ 41,000 აშშ დოლარის ღირებულების უახლესი აღჭურვილობა გადასცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. მაცივარაგენტების ახალი იდენტიფიკატორების მეშვეობით განხორცილდება ოზონდამშლელი ნივთიერებების საქართველოს საზღვარზე გადაადგილების რეგულირება, ხოლო მაცივარაგენტების აღმდგენი მოწყობილობები, მრავალჯერადი გამოყენების ცილინდრები და გაჟონვის პორტატული დეტექტორები დაეხმარება მაცივარ-ტექნიკოსებს, როგორც საოჯახო, ასევე საწარმოო დანადგარების დიაგნოსტირებასა და გამართვაში.

ოზონის შრის დაცვის საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მხარდაჭერით ასევე გაიმართა ონლაინ დისკუსია ახალგაზრდა ეკო-ლიდერებთან, რომლებიც ჩართულები არიან გარემოსდაცვითი განათლებისა და ცხოვრების მწვანე სტილის პოპულარიზაციაში.

„ოზონის შრის წარმატებული დაცვა და აღდგენა იმის მაგალითია, რომ სასიკეთო შედეგების მიღწევა შესაძლებელია, თუ მსოფლიო ლიდერები თავის გადაწყვეტილებებში მეცნიერულ მონაცემებს დაეყრდნობიან და მოქმედებასაც არ დააყოვნებენ.

კლიმატის ცვლილების მიერ შექმნილი საფრთხე კიდევ უფრო მძაფრია, მაგრამ, მსოფლიოს ერთიანობა, რომელიც აუცილებელია პლანეტის დასაცავად, ამ საკითხში კვლავაც არაა მიღწეული. ოზონის მსოფლიო დღეს, გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ ეს დრო იწურება“, - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.

ცნობისთვის, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად ეხმარება საქართველოს ვენის კონვენციისა და მონრეალის ოქმის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. ამ მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ თანმიმდევრული პოლიტიკის გატარების შედეგად, ქვეყანამ საგრძნობლად შეამცირა ოზონდამშლელი ნივთიერების მოხმარება. 2013-2020 წლებში ამ ნივთიერებების წლიური მოხმარება 5.21 ტონიდან 2.4 ტონამდე შემცირდა, რის შედეგადაც საქართველომ წინასწარ დაგეგმილ მაჩვენებელზე, წლიურ 2.97 ტონაზე უკეთეს შედეგს მიაღწია. 2030 წლისთვის საქართველო შეძლებს, მთლიანად ამოიღოს მოხმარებიდან სახიფათო ოზონდამშლელი ნივთიერებები.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, გატარდა საკანონმდებლო რეფორმები ოზონდამშლელი ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, ტრანზიტისა და გამოყენების მონიტორინგისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად. ამოქმედდა მაცივარაგენტების რეციკლირებისა და შესაბამისი მოწყობილობების მომსახურების ცენტრები, რომელთა აღჭურვა და მაცივარ-ტექნიკოსების, მებაჟეებისა და გარემოსდაცვითი ინსპექტორების გადამზადება ასევე UNDP-ის დახმარებით განხორციელდა. გარდა ამისა, UNDP-ის მხარდაჭერით, საქართველოში შეიქმნება ოზონდამშლელი ნივთიერებების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა.

ვენის კონვენცია და მონრეალის ოქმი გაეროს პირველი კონვენციებია, რომელთაც მსოფლიოს ყველა სახელმწიფო შეუერთდა. ამ წარმატებული საერთაშორისო ხელშეკრულებების განხორცილებამ პრაქტიკულად გადაარჩინა სტრატოსფერული ოზონის შრე, რომლის გაქრობასაც მეცნიერები 2050 წლისთვის წინასწარმეტყველებდნენ. ბოლო დროის მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ოზონის შრის თანდათანობით აღდგენა 2000 წელს დაიწყო და ზოგიერთ უბანზე 10 წელიწადში 1-3 პროცენტს აღწევს. 2030 წლისთვის ოზონის შრე სრულად აღდგება დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და საშუალო განედებზე. 2050 წლისთვის ნავარაუდევია ოზონის შრის აღდგენა სამხრეთ ნახევარსფეროში, ხოლო 2060 წლისათვის პოლუსებზე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი