დავით ბაქრაძე - კვლევებით მკაფიო სურათი ჩანს - ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ჯამურად უგებს

"ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, პანდემიის გამო პოლიტიკური სურათის არევა მოხდა.

როგორც ბაქრაძემ IRI-ის მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკურ რეიტინგებზე კომენტირებისას, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, აპრილში, მაისსა და ივნისში ხელისუფლების მხარდაჭერა იყო პიკზე, ხოლო ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ქვემოთ იწევდა, რადგან ბაქრაძის თქმით, როდესაც ქვეყანა საფრთხის წინაშეა, კონსოლიდაცია ხელისუფლების გარშემო ხდება.

„როცა სამი თვის განმავლობაში ოპოზიცია საერთოდ აღარ აკრიტიკებს ხელისუფლებას, მისი რეიტინგი მატულობს. დროსთან ერთად ხდება მმართველი პარტიის რეიტინგის შემცირება და ოპოზიციის დაბრუნება პოლიტიკურ ველზე, ეს ტენდენცია ნათელია.

კვლევებს თუ შევხედავთ, მკაფიო სურათი ჩანს, რომ პროსახელისუფლებო არხების მიერ შეკვეთილი კვლევებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს 50%-ზე მეტი და არის ყველა სხვა კვლევა, სადაც „ქართული ოცნება“ არის 40%-ზე ქვემოთ და ოპოზიცია ჯამურად უგებს. თუ მეკითხებით, რომელიც კვლევის მჯერა, რა თქმა უნდა, მე მჯერა იმ კვლევების, რომლებსაც ატარებენ ძალიან განსხვავებული ორგანიზაციები და ყველა მათგანი აჩვენებს ერთ სურათს. სურათიდან ამოვარდნას აჩვენებს მარტო ის კვლევები, რომელსაც პირდაპირ ხელისუფლების დაკვეთით ატარებენ სახელისუფლებო არხები“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე განცხადებით, რაც მეტად შეძლებს ოპოზიცია კოორდინირებას და გაერთიანებას, მით გარანტირებულად წააგებს „ქართული ოცნება“. ამასთანავე, ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ღირებული პარტნიორია კოალიციურ ხელისუფლებაში.

„რაც შეეხება მოგების შანსებს, „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ზომით არის უფრო მსხვილი პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, მაგრამ მოსაგებად მისი რესურსი არ არის საკმარისი და ამას ყველა კვლევა ადასტურებს, ამიტომ ჩვენთვის დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ოპოზიციის შეთანხმება, გაერთიანება, იმიტომ რომ თუ ერთ მხარეს დგას ხელისუფლება თავისი 35-40%-ით, მეორე მხარეს არის დარჩენილი 60-65%, ამიტომ რაც მეტად შეძლებს ოპოზიცია კოორდინისრებასა და გაერთიანებას მით გარანტირებულად წააგებს „ქართული ოცნება“. განსხვავებები გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ღირებული პარტნიორი კოალიციურ ხელისუფლებაში და ჩვენ ვალდებულებებს, რომელიც უკავშირდება თბილისში ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერას ჩვენ სრულად შევასრულებთ“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მიზანი ქვეყანაში ორპოლუსიანი მოდელის შეცვლაა.

„თქვენ ახსენეთ წინა წლების კვლევები, სადაც ასევე ერთნიშნა რიცხვზე იყო „ევროპული საქართველო“ და შემდეგ 11% მიიღო ადგილობრივ არჩევნებზეც და საპარლამენტო არჩევნებზეც. რა თქმა უნდა, 11 %-იც არ არის ის რაც ჩვენ გვინდა და ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში შევცვალოთ ორპოლუსიანი მოდელი და ვიყოთ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც დაეხმარება ქვეყანას, რომ გადავიდეს მრავალპარტიულ კოალიციურ ხელისუფლებაზე იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის მომავლისთვის, რომ ერთი სუპერპარტიის ნაცვლად, რომელიც აკონტროლებს და თავის ჭკუაზე აქცევს ყველაფერს, ქვეყანაში იყოს რამდენიმე პარტიისგან შემდგარი კოალიცია, ამიტომ იმ შედეგის გამეორებითაც კი, რომელიც წინა წლებში იყო, „ევროპული საქართველო“ უდავოდ იქნება სერიოზული მოთამაშე კოალიციურ ფლანგზე, თუმცა ჩვენი ამოცანაა უფრო ზემოთ წასვლა და ამის საფუძველი გვაქვს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" (IRI)-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 36% არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“, 15 % კი- „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს.

კერძოდ, კითხვაზე: ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, 36%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 15 %-მა - „ნაციონალურ მოძრაობა“.

დანარჩენი ხმები კი ასე გადანაწილდა - „ევროპული საქართველო -თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, „ახალი საქართველოსთვის -სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4%, „პატრიოტთა ალიანსი“- 4%, „ლეიბორისტული პარტია“- 3%. ამომრჩეველთა 23 % კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს. რაც შეეხება სხვა პარტიებს - „სამოქალაქო მოძრაობას“ აქვს 2%, „ლელო საქართველოსთვის“- 2%, „გირჩი“ - 2%, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%, სხვა პარტია- 2%, არცერთი- 3%.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი