მეუფე დანიელი - აფხაზეთი, სამაჩაბლო და  ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სვლის გამო, დაკარგული აქვს, აღდგება ჩვენი მტკიცე, ჭეშმარიტი სარწმუნოებით

რაც უფრო მალე აღორძინდება ჩვენი სულიერება, რაც უფრო მალე განმტკიცდება ქართველი ერი ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, მით უფრო მალე დაგვიბრუნდება აფხაზეთი, სამაჩაბლო და ჩვენი ყველა დაკარგული ტერიტორია,- ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ძალიან სიმბოლურია, რომ სოხუმის ტრაგედია ჯვართამაღლებას მოხდა, რადგან ჯვართამაღლება ეს არის ერთდროულად ჯვარცმით გზა აღდგომისა და ამაღლებისაკენ.

მისი თქმით, დადგება ჟამი, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იზეიმებს ჯვართამაღლებას სოხუმში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში და ეს იქნება აღდგომა ღვთისმშობლის წილხვედრი ეკლესიისა და ღვთისმშობლის წილხვედრი ერისა.

„ჯვრის ამაღლებით ჩვენ ვიხილეთ მეორე აღდგომა ქრისტეს ეკლესიისა, ამიტომაც ეს უდიდესი მოვლენაა. თუმცა, ხედავთ, რომ ტრადიციის მიხედვით, დღევანდელი დღე არის მარხვა იმიტომ, რომ ერთდროულად ჩვენ ვიხსენებთ სწორედ ჯვარცმას. ვიხსენებთ, რის ფასად მოვიდა ქრისტეს და ქრისტეს ეკლესიის აღდგომა, მოვიდა დიდი ტანჯვის, დიდი წამების ფასად, მაგრამ ამ ტანჯვას, მსხვერპლს ქრისტეს ეკლესიამ ჭეშმარიტი სარწმუნოებით გაუძლო და ყოველგვარ ბოროტ ძალაზე გაიმარჯვა.

ძალიან სიმბოლურია, რომ სოხუმის ტრაგედია ჯვართამაღლებას მოხდა. დიახ, ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვითარცა ქრისტეს ეკლესიამ მიუხედავად ტანჯვისა, მიუხედავად დევნისა, უსამართლობისა, შეინარჩუნა მტკიცე სარწმუნოება, გაუძლო ყველაფერს და იზეიმა აღდგომა. ასევე, აფხაზეთი, სამაჩაბლო და ყველა ის ტერიტორია, რომელიც ჩვენს ერს ჟამთა სვლის გამო დაკარგული აქვს, აღდგება ჩვენი მტკიცე ჭეშმარიტი სარწმუნოებით. ამიტომ, დღეს ქართველი ერი ითმენს ამ უსამართლობას, მაგრამ ღრმად სწამს, როგორც ჯვარი, რომელმაც განიცადა უდიდესი შეურაცხყოფა, მიწაში 3 საუკუნე დაფვლა, ქრისტიანულმა ეკლესიამ განიცადა უსამართლობა, დევნა, შევიწროება, ასევე ჩვენი მოსახლეობა, მიუხედავად ამ დიდი განსაცდელისა, არ კარგავს რწმენას, რომ უფალი შეიწირავს ჩვენს სარწმუნოებას და კვლავ აღადგენს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენს დევნილ მოსახლეობას დააბრუნებს თავიანთ სახლებში.

დადგება ჯამი, როდესაც ჩვენ ვიზეიმებთ ჯვართამაღლებას სოხუმში, აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში და ეს იქნება აღდგომა ღვთისმშობლის წილხვედრი ეკლესიისა და ღვთისმშობლის წილხვედრი ერისა. ამიტომაც მოხდა ჯვართამაღლებას სოხუმის დაცემა, რომ ჩვენ გვახსოვდეს, ჯვართამაღლება ეს არის ერთდროულად ჯვარცმით გზა აღდგომისა და ამაღლებისაკენ. დიახ, ჩვენ გამოვიარეთ უღმერთობის ჟამი და სწორედ ჯვარცმით, სწორედ მსხვერპლით უნდა განვიწმინდოთ და კვლავ დავიბრუნოთ ჩვენი დიდება და პატივი, დავიბრუნოთ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები და დავბრუნდეთ სოხუმში,აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში. ყველას გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. გვწამდეს, რომ უკეთუ ჭეშმარიტი სარწმუნოებით იქნება აღვსილი ჩვენი ერი, ვერავითარი ბოროტი ძალა ვერ შეძლებს მის დამარცხებას, ივერია გაიმარჯვებს, ივერია გაბრწყინდება. რაც უფრო მალე აღორძინდება ჩვენი სულიერება, ქართველი ერი, რაც უფრო მალე განმტკიცდება ჭეშმარიტ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, მით უფრო მალე დაგვიბრუნდება აფხაზეთი, სამაჩაბლო და ჩვენი ყველა დაკარგული ტერიტორია. ამიტომაც, მხნედ იყავით ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, გაძლიერდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ აფხაზეთში ომი, როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, არ იყო ქართველთა და აფხაზთა შორის, ეს იყო ომი ქართველთა და აფხაზთან მეგობრობის, ერთობის, ძმობის წინააღმდეგ და მტერმა ეს შეძლო, მაგრამ შეძლო იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიარეთ უღმერთობის ჟამი, როდესაც სულიერად დასუსტებულები ვიყავით და მან შეძლო ჩვენს შორის შუღლის ჩაგდება. დღეს, როდესაც სულიერად ავმაღლდებით, აუცილებლად აღვადგენთ ამ ერთობას, მეგობრობას, ძმობას“,- განაცხადა მეუფე დანიელმა.

როგორც მან აღნიშნა, აფხაზეთი წმინდა მიწაა და წმინდა მიწაზე ცხოვრების უფლება წმინდა ერს აქვს.

„იმისთვის, რომ დავბრუნდეთ აფხაზეთში, ჩვენც უნდა დავიბრუნოთ სიწმინდე, რადგან აფხაზეთში არის მოციქულის საფლავი, აფხაზეთი წმინდა მიწაა და წმინდა მიწაზე ცხოვრების უფლება წმინდა ერს აქვს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ღმერთმა მალე გაგვამთლიანოს დედა ეკლესიის წიაღში სულიერად და მალე დაგვაბრუნოს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ტაო-კლარჯეთში და აღადგინოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა“,-განაცხადა მეუფე დანიელმა.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა