გიორგი მელიქიძე - საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით

„საპენსიო სააგენტომ” საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა, რომელიც საპენსიო დანაზოგების ინვესტირების სტრატეგიას წარმოადგენს. კონკრეტულად რას გულისხმობს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი და რა მიმართულებით მოხდება მოქალაქეების საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, აღნიშნულ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ „საპენსიო სააგენტოს“ უფროსი საინვესტიციო ოფიცერი, გიორგი მელიქიძე ესაუბრა.

- რა ძირითად მიმართულებებს მოიცავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი?

- საინვესტიციო პოლიტიკა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და განსაზღვრავს საპენსიო აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას. ეს პოლიტიკა, კანონთან (საქართველოს კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ) და რეგულაციებთან ერთად, წარმოადგენს საინვესტიციო საქმიანობის მთავარ საინვესტიციო დოკუმენტს და განსაზღვრავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საინვესტიციო მიზნები, რისკების მართვა და საინვესტიციო პროცესები. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საშუალებას გვაძლევს, რომ საინვესტიციო პორტფელი გახდეს გაცილებით დივერსიფიცირებული და მიმართული გრძელვადიან რეალურ ამონაგებზე.

- კონკრეტულად რა მიმართულებით აპირებს „საპენსიო სააგენტო“ მოქალაქეების საპენსიო დანაზოგის ინვესტირებას?

- საინვესტიციო საბჭომ განსაზღვრა მიზნობრივი „ბენჩმარკ“ პორტფელი, რომელში ინვესტირებაც უზრუნველყოფს მონაწილეების სასარგებლოდ მაღალი რეალური ამონაგების მიღებას საშუალებას იძლევა, რომ სტაბილურად ვაჯობოთ ინფლაციას. ეს პორტფელი მოიცავს სადეპოზიტო სერთიფიკატებს, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებს და უცხოურ აქციებს. საპენსიო სააგენტო სამომავლოდ საგრძნობლად გააქტიურდება კაპიტალის ბაზარზე და მნიშვნელოვან წვრილს შეიტანს მის განვითარებაში. საპენსიო სააგენტო განიხილავს ყველა იმ საინვესტიციო ინსტრუმენტს ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზე, რომელიც აკმაყოფილებს საინვესტიციო მანდატის და საინვესტიციო პოლიტიკის მოთხოვნებს - განსაკუთრებით დაიწყებს ინვესტირებას მაღალი საკრედიტო ხარისხის მქონე ფასიან ქაღალდებში. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შედეგი გამოიხატება მონაწილეებისათვის ადეკვატური პენსიით. დაგროვებითი საპენსიო სქემის მოდელი 2+2+2 ასამმაგებს მონაწილის დანაზოგს მომენტალურად, რასაც შემდეგ საინვესტიციო საქმიანობით დამატებით ერიცხება სარგებელი, რაც ამჟამად წლიურ ეფექტურ 11.1%-ს შეადგენს, 2.3-ჯერ მეტს მიმდინარე წლიურ ინფლაციასთან შედარებით. საინვესტიციო საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელიც უცხოელი პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, ხოლო ზედამხედველობს ეროვნული ბანკი, რომელიც აგრეთვე დამოუკიდებელი მარეგულირებელია. ამ ფორმატში მონაწილეებისთვის იქმნება მაქსიმალურად დაცული გარემო, რომ არაფერი დაემუქროს მათ საპენსიო დანაზოგებს.

- როგორია ამ დროისთვის არსებული მაჩვენებლები და როგორ მიმდინარეობს საპენსიო დანაზოგების ინვესტირების პროცესი, რომელიც სააგენტომ რამდენიმე თვის წინ დაიწყო?

- “საპენსიო სააგენტოს“ მიზანია შეინარჩუნოს დაბალ რისკიანი პორტფელი და ამავდროულად მიიღოს, რაც შეიძლება მაღალი რეალური ამონაგები. არსებული საინვესტიციო პორტფელი საკმაოდ მიმზიდველია, რამეთუ მას უკვე დაერიცხა 100 მილიონ ლარამდე სარგებელი. საინვესტიციო პორტფელის წლიური ეფექტური მომგებიანობა 11.1%-ს შეადგენს, რაც მიმდინარე ინფლაციას 2.3-ჯერ აღემატება. „საპენსიო სააგენტოს“ მიერ გახორციელებული ინვესტიციები, რაც 1 მილიარდ ლარამდეა, უკვე ინვესტირებულია საქართველოს რეალურ ეკონომიკაში კომერციული ბანკების გავლით.

- მიმდინარე კრიზისის ფონზე, როდესაც გაურკვევლობაა შექმნილი პანდემიის გამო, ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვნად იზარალა, როგორ აისახება ეს ყველაფერი სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობაზე?

- საპენსიო სააგენტო არის ლარის გრძელვადიანი რესურსის მიმწოდებელი ქვეყნის ეკონომიკისთვის, რომელიც მუდამ აკლდა საქართველოს ეკონომიკას. მისი საინვესტიციო პოლიტიკა გრძელვადიან ინვესტიციებზეა მიმართული, რათა მაღალი რეალური ამონაგები მივიღოთ. გასულ თვეებში, პანდემიის დასაწყისში, საპენსიო სააგენტო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჭირო გრძელვადიანი ლიკვიდობა მიაწოდა საქართველოს ეკონომიკას. ინფლაციის მოკლევადიანი მერყეობა საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე გავლენას არ ახდენს, რადგან საინვესტიციო ჰორიზონტი გრძელვადიანია, ამიტომ თუ მოკლე ვადიან პერიოდში ინფლაცია გაიზრდება, ეს მხოლოდ დროებით დაუახლოებს პორტფელის შემოსავლიანობას ინფლაციას. ამჟამად ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული მიზნობრივი ინფლაცია 3%-ს შეადგენს. თუ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, შესაბამისად მიჰყვება მას საბაზრო განაკვეთებიც და საინვესტიციო პორტფელიც დინამიურად ასახავს ახალ საბაზრო შემოსავლიანობას. კანონი „საპენსიო სააგენტოს“ მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში ინვესტირების შესაძლებლობას აძლევს. ბენჩმარკ პორტფელიც შესაბამისად არის შერჩეული, რომ უზრუნველყოს მაღალი რეალური ამონაგები და რისკების დაბალი დონე.

- რაც შეეხება საპენსიო სქემაში გაწევრიანების და სქემის დატოვების მაჩვენებლებს, ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა?

- დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობა ერთი მილიონია. „საპენსიო სააგენტო“ ამ სტატისტიკას პროაქტიულად აქვეყნებს. ამჟამად საპენსიო სქემაში თვეში საშუალოდ 12 000 ადამიანი წევრიანდება და მინიმალური რაოდენობა ტოვებს სქემას, დაახლოებით 200 ადამიანამდე.

- მიმდინარე წლის იანვრიდან საპენსიო სააგენტოს დირექტორმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა თანამდებობა. რა ეტაპზეა ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი, რომელიც „საპენსიო სააგენტომ“ მეორედ გამოაცხადა?

- გამოცხადებულია დირექტორის შესარჩევი კონკურსი და კანონის შესაბამისად მიმდინარეობს. ამჟამად გასაუბრებების ეტაპზეა პროცესი. საპენსიო სააგენტოს საქმიანობას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი უძღვება და საპენსიო სააგენტოში მუშაობა არ შეფერხებულა, მიუხედავად პანდემიისა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „საპენსიო სააგენტოს“ გუნდი დაკომპლექტებულია დარგის მაღალკვალიფიციური თანამშრომლებით, რომელთა სამუშაო გამოცდილება 15 წელზე მეტია და ისინი მუშაობდნენ კერძო სექტორის იმ კომპანიებში, რომლებიც სისტემატურად აღწევენ მაღალ შედეგებს. ამავდროულად, თანამშრომლების უმეტესობას განათლება მიღებული აქვს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში და ბიზნეს სკოლებში, ისეთები, როგორიც არის ჰარვარდის ბიზნეს სკოლა და ლონდონის ბიზნეს სკოლა. შესაბამისად, მათ შეუძლიათ დადონ რეალური შედეგი და მოუტანონ წარმატება ამ რეფორმას.

მარიამ ტიტვინიძე

ინტერპრესნიუსი“

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით