გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან" შესრულების თაობაზე უმაღლესი კომისრის ანგარიში განიხილეს

ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 45-ე სესიის ფარგლებში, გაიმართა უმაღლესი კომისრის ანგარიშის განხილვა, ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან" შესრულების თაობაზე.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ეხება.

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრე მაისურაძემ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს გააცნო რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. მან ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს დესტაბილიზაციურ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის ინტენსიფიკაციითა და ჰიბრიდული ინსტრუმენტების გამოყენებით. აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. „გადასასვლელების" ჩაკეტვამ და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ, გამოიწვია ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილი. შედეგად, გასული წლის სექტემბერში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვიდან დღემდე 15 ქართველი გარდაიცვალა.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს. მან აღნიშნა, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე - გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულებელყოფას.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების პროცესს და აფერხებს, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას. მან რუსეთის ფედერაციას მოუწოდა, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამასთანავე, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, უპირველესად, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვების აუცილებლობას.

„აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ანგარიში მომზადებულ იქნა 2020 წლის 22 ივნისს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის (თანამშრომლობა საქართველოსთან) საფუძველზე.

სამწუხაროდ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაერო-ს უმაღლესი კომისრის წარმომადგენლებს, გასული წლების მსგავსად, კვლავაც არ მიეცათ ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, უმაღლესი კომისრის ოფისი ანგარიშში მოუწოდებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დაუშვას უმაღლესი კომისრისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები აღნიშნულ ტერიტორიებზე.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ავსტრალიის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, მოლდოვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთის, საბერძნეთის, უკრაინის, ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებმა.

დელეგაციები მიესალმნენ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესს, ასევე დადებითი შეფასება მისცეს COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევას. ამასთანავე, დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალში, ადამიანის უფლებათა დარღვევების კუთხით, არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, რაც COVID-19 პანდემიის პირობებში კიდევ უფრო სავალალო გახდა, ბორდერიზაციის მიმდინარე პროცესზე, თავისუფალი გადაადგილების დამატებით შეზღუდვასა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონში "სიკვდილის დასჯის შემოღებაზე". ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ხსენებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროება და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა. დელეგაციებმა გამოხატეს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა