ნუგზარ წიკლაური - ვიღაცა თუ იყო გამყიდველი, ვიღაცა ხომ იყო მყიდველი და რა გამოდის, აზერბაიჯანი  იყო ჩართული სამარცხვინო და მიუღებელ ვაჭრობაში?

პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ამით ხელისუფლება არჩევნებისთვის გარკვეული დივიდენდების მოპოვებას ცდილობს.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, ხელისუფლების სამიზნე „ნაციონალური მოძრაობა“ და პერსონალურად მიხეილ სააკაშვილია.

ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენების უკან რუსეთი დგას, რომელიც საქართველოში ისეთი ვითარების შექმნას ცდილობს, რაც მთლიანად კავკასიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

„აღნიშნულ საკითხს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შინაარსი აქვს და ამას ყველა ხვდება. ეს პირდაპირ არჩევნებს უკავშირდება და არის მცდელობა, რომ 2-3 კვირის განმავლობაში ისეთი პოლიტიკური ქარბორბალა შექმნან, თითქოს რომელიღაც ხელისუფლება გადასცემდა მიწებს სხვა ქვეყანას, გადასცემდა დავით გარეჯს, რომელთანაც ქართველებს ძალიან ემოციური ბმა აქვთ, რადგან ის ჩვენი ეროვნული და კულტურული იდენტობის ნაწილია. ახლა უნდათ, 2-3 კვირის განმავლობაში დეზინფორმაციის ტალღა შექმნან, რომლის ძალითაც ისინი ვარაუდობენ, რომ ზედმეტ ხმებს აიღებენ.

ახლა უკვე დაიწყეს პოლიტიკური საუბარი, რასაც ყველანი ვვარაუდობდით, რომ ამას პოლიტიკური გაგრძელება ექნებოდა, აქ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, პერსონალურად მიხეილ სააკაშვილი. ყველასთვის გამყარდა ის აზრი, რაც ისედაც გვქონდა, რომ ამას პოლიტიკური მიზანი ჰქონდა და ეს მიზანი არჩევნებისთვის რაღაც დივიდენდების მოპოვებაა.

ხელისუფლებას აქვს ერთი ინტერესი, რომ როგორმე ხმები მოიპოვოს, ეს ყველასთვის ცხადია, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც ჭკუასთან მწყრალად არიან, რომ ამას არავითარი სამართლებრივი მხარე არ აქვს. ამას თავად მეცნიერების სახე, მათი სიტყვები, განმარტებები ადასტურებს. ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების ინტერესი, რუსეთის ინტერესი კი ის არის, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს. რადგან ივანიშვილი მთელი მსოფლოს მიერ, ასევე აშშ-ის კონგრესის 154 კონგრესმენის მიერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ არის აღიარებული ამ რეგიონში, ვფიქრობ, რომ ყველაფერი ნათელი ხდება - რუსეთი ორი კურდღლის მოკვლას ცდილობს, ეს არის ის, რომ როგორმე შეუნარჩუნოს ივანიშვილს მორყეული ხელისუფლება და მეორე მხრივ, საქართველოში ისეთი ვითარება შექმნას, რომელიც მთლიანად კავკასიაში დესტაბილიზაციას გამოიწვევს, რაც რუსეთისთვის მიზნის მიღწევას გაცილებით გააიოლებს“, -განაცხადა წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, მხოლოდ „გიჟის თავში უნდა მოთავსდეს აზრები, რომ ხელისუფლებამ დავით გარეჯი გაყიდა“.

„თუ მიმდინარეობდა ასეთი ვაჭრობა - წარმოვიდგინოთ ეს ფანტასტიკური სცენარი, ვიღაცა თუ იყო გამყიდველი, ვიღაცა ხომ მყიდველი იყო და რა გამოდის, აზერბაიჯანის

ხელისუფლება იყო ჩართული სრულიად სამარცხვინო, მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელ ვაჭრობაში?

პირდაპირ არის მცდელობები, რომ ხელი გაიშვირონ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილისკენ. არ არის გამორიცხული, ჰყავდეთ ცრუ მოწმე საგარეო საქმეთა სამინისტროში ან სხვაგან, რომელიც იტყვის, რომ ამ ტიპის დავალებები იყო, მაგრამ იმას, რისი დაჯარებაც არის შეუძლებელი, არ დაიჯერებს არავინ.

არჩევნებამდე რადგან ხედავენ, რომ კატასტროფა ხდება „ოცნების“ რეიტინგთან დაკავშირებით, წავიდნენ ვა-ბანკზე და ეს ვა-ბანკი იქნება ის, რაც მთლიანად გაანადგურებს მათ რეიტინგს და რეპუტაციას“, - აღნიშნა წიკლაურმა.

ცნობისთვის, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.

7 ოქტომბერს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით დააკავა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა