სერგი კაპანაძე მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებაზე - ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტისა და უვიცობის გამო ციხეში ზის

ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო ციხეში სხედან , - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით გარეჯის საქმეს.

მისი თქმით, ის რასაც პროკურატურა ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილს ედავება, აბსურდია.

“საზღვრის დადგენისას ძალიან მნიშვნელოვანია საწყისი წერტილის შეთანხმება, ანუ, ორ ქვეყანას შორის რომელი წლის შეთანხმებიდან იწყებ მოლაპარაკებებს და რას იღებ ჩარჩოდ. ამ ე.წ. ახალი 200.000-იანი რუკის გამოყენებით, თურმე უნდა მოგვერღვია 1938 წლის შეთანხმება, როგორც საზღვრის დადგენის საწყისი წერტილი, რაზეც 1996 წელს შევთანხმდით აზერბაიჯანთან. ჰო, მართლა, აზერბაიჯანსაც უნდა ამ საწყისი წერტილის მორღვევა. თუ რატომ, თავად მიხვდებით. აზერბაიჯანთან იყო 1920 წლის, 1938 წლის, 1945 წლის (ნახევრად) და 1991 წლის (საკოლმეურნეო რუკები) შეთანხმებები.

1920 წლის - მისი გამოყენება შეუძლებელია ამხანაგი სტალინის დამსახურების გამო, რომელმაც ჩვენი ტერიტორიები გადასცა აზერბაიჯანს. ისე კი გვაწყობს, მაგრამ არარეალისტურია. ამაზე ორივე ქვეყანა ვთანხმდებით და სადავო, სამწუხაროდ არაა. ვინც გაბრაზდებით - დიდი ქართველი ამხანაგი სტალინი გაიხსენეთ სხვადასხვა ბრუნვაში.

1927-29 წლებში არის პრეზიდიუმის ოქმები, რომლებიც ასევე არ გვაწყობს. ამის გამოყენებას ბაქო ცდილობდა და ჩვენები წარმატებით ბლოკავდნენ. თუ 1938 წელზე ძველი რუკების გამოყენებას დავიწყებთ, ესე იგი, ამ ოქმებს გავაცოცხლებთ.

1938 წლის შეთანხმება - საჩვენოდ კარგია, გარდა დავითგარეჯის მცირე მონაკვეთისა.

1945 წლის - საჩვენოდ ცუდია. ოღონდ ამ შეთანხმებაზე საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებას აქვს ხელი მოწერილი, ხოლო აზერბაიჯანისას - არა. ამიტომ, ამ შეთანხმებას არ ვიყენებთ. ბაქოს ამის გამოყენებაც ძალიან უნდა.

1991 - ასევე ცუდია ჩვენთვის. თან საკოლმეურნეო და ადმინისტრაციული რუკები საზღვრის დადგენისას არ გამოიყენება.

ამ ვითარებაში 1996 წელს კომისიის ოქმით შეთანხმდნენ, რომ 1938 წლის შეთანხმებას და რუკას გამოიყენებდნენ. შეთანხმდნენ ჩვენი კომისიის წევრების ბრძოლის და დამსახურების შედეგად.

ამ შეთანხმებას მიყვებოდა ივერიც და კომისიაც. ყველაფერი რაც ოქმებით შუალედურად შეთანხმებულია, ამ 1938 წლის რუკით გავლებულ საზღვარს მიჰყვება.

ანუ, თურმე ივერის და ნატალიას უნდა (ა) მოერღვიათ 1938-ის საწყისი წერტილი, (ბ) გამოეყენებინათ 1938-მდე გამოცემული რუკა და გაეხსნათ პანდორას ყუთი აზერბაიჯანის სასარგებლოდ და (გ) ეჭვქვეშ დაეყენებინათ აქამდე შუალედურად შეთანხმებული მონაკვეთები.

და ეს უნდა გაეკეთებინათ იმიტომ, რომ ასე ფიქრობს ტლუ ღარიბაშვილი და მასზე კიდევ უფრო ტლუ რამდენიმე ვაი-პატრიოტი, რომელიც ამ დეტალებში ვერ ერკვევა და ასჯერაც რომ მოუყვე, ან წაიკითხოს, რაც მე ახლა დავწერე, მაინც ვერ გაიგებს.

რასაც ახლა ედავება პროკურატურა არის ენით აღუწერელი აბსურდი. ცალკე აღებული რომელიმე რუკით არ ხდება საზღვრის მონაკვეთებზე შეთანხმება, თქვე ტლუებო! ჯერ საწყის ათვლის წერტილ შეთანხმებას იღებ და იმით ადგენ ჩარჩოს და მერე იყენებ სხვა მასალებს! ესენი ამბობენ, უბრალოდ რუკა აგეღოთო.

აი, ეს საქმე არის სიბნელის, არაპროფესიონალიზმის და პოლიტიკური ძალაუფლების დაკარგვის შიშის დაპირისპირება პატრიოტ, მშრომელ და ჭკვიან ადამიანებთან. ავირჩიოთ მხარე. ამაზე ნათელი კონტრასტი ძნელად წარმოსადგენია. გავაგებინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ ეს ორი პატრიოტი ბოღმა პოლიტიკოსების სიბოროტის და უვიცობის გამო სხედან ციხეში!”, – აცხადებს კაპანაძე, რომლის კომენტარსაც "ევროპული საქართველოს" პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა