თეა ახვლედიანი - ოკუპირებულ რეგიონებში გვაქვს გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს პანდემია

პანდემიის დროსაც კი ჩვენ არ შეგვიჩერებია კომუნიკაცია გამყოფი ხაზის მიღმა მყოფ საზოგადოებებთან და სიმართლე გითხრათ, გვაქვს ხელშესახები შედეგებიც კი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა , თეა ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ როგორია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ურთიერთობის დინამიკა და ხომ არ ვშორდებით აფხაზ და ოს ხალხს წლების განმავლობაში.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები გრძელდება პანდემიის პირობებშიც კი და ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ვითარებაა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით.

„პროცესი არ არის სტატიკური არც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებული დესტრუქციული ქმედებების კუთხით და არც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან განხორციელებული პოლიტიკის მიმართულებით. იცით, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში გრძელდება ოკუპაცია, მასთან ერთად ოკუპირებულ რეგიონებში გვაქვს გამწვავებული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს პანდემია და სამწუხაროდ, პანდემიის დროსაც კი არ შეჩერებულა ეს დესტრუქციული ქმედებები.

პანდემიის დროსაც კი ჩვენ არ შეგვიჩერებია კომუნიკაცია გამყოფი ხაზის მიღმა მყოფ საზოგადოებებთან და სიმართლე გითხრათ, გვაქვს ხელშესახები შედეგებიც კი. სადღაც ერთი თვის წინ, ვიტყოდი, რომ სწორედ აფხაზური საზოგადოების შესაბამის წარმომადგენლებთან საკმაოდ კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული დიალოგის გზით, ჩვენ შევძელით გადმოგვეყვანა ადმინისტრირებულ ტერიტორიაზე სტუდენტები ოკუპირებული აფხაზეთიდან, ის მოსწავლე-ახალგაზრდობა, რომელიც ამას ვერ ახერხებდა თავისუფალი გადაადგილების კუთხით შექმნილი ბარიერების გამო, რომელსაც ახლავს, ამავდროულად, კოვიდრეგულაციები და ჩვენ ვიტყოდით, რომ ერთობლივად შევძელით იმის მიღწევა, რაც ითვლება წარმატებულ მაგალითად“, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მან მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ არაფორმალური მოლაპარაკებები უფრო მეტად კონფიდენციალურია იმის გათვალისწინებით, რომ დიალოგში მონაწილე პირებს ოკუპირებული რეგიონების საფრთხისშემცველ გარემოში უწევთ ცხოვრება.

„დიალოგს რომ ვახსენებთ, არ შემიძლია არ ვახსენო აუცილებელი ფორმალური და უმნიშვნელოვანესი ფორმატები, როგორიც არის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. არაფორმალური დიალოგის წარმოებისას კი უმნიშვნელოვანესია გავითვალისწინოთ ის არაუსაფრთხო მდგომარეობა, რომელიც არის ოკუპირებულ რეგიონებში, სადაც უწევთ ცხოვრება ამ დიალოგის მონაწილეებს. ჩვენ ვითვალისწინებთ ამ სენსიტიურ გარემოს და შესაბამისად, ეს განაპირობებს იმ აღქმას და იმ რეალობას, რომ, რა თქმა უნდა, შედარებით კონფიდენციალურია ასეთ არაფორმალურ დიალოგთან დაკავშირებული დეტალები“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა