არჩილ თალაკვაძე - არ დავუშვებთ, რომ მომავალში პოლიტიკაში იყვნენ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“

ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად, იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ სამეგრელოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ალექსანდრე მოწერელიას წარდგენისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ სიტყვით გამოსვლისას განმარტა, ხელისუფლება მთლიანად მომავალზეა ორიენტირებული და არ დაუშვებენ, რომ ვინმემ ქვეყნის წარსულში დაბრუნება სცადოს.

თალაკვაძის თქმითვე, ისინი არ დაუშვებენ, რომ მომავალში პოლიტიკაში ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები იყვნენ, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“.

„ამ წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სფეროში წინა, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სამჯერ მეტი საგზაო ინფრასტრუქტურა არის გაკეთებული. ჩვენ გვაქვს ხელშესახები წარმატებები საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. სწორედ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროკავშირთან, შევძელით თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების და რეჟიმის მიღწევა და შევძელით უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მიღება. ეს ნიშნავს, რომ დღეს ევროპა ენდობა საქართველოს, ენდობა მის ხელისუფლებას. სხვა ნებისმიერ მიმართულებაში ჩვენ მზად ვართ, რომ ასეთი შედარებები გავაკეთოთ, მაგრამ დღეს ყველაზე მეტად, ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს მომავალი, რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ.

ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, მოქალაქეებზე ზრუნვასთან ერთად, იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ყველა პრიორიტეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ სამომავლო პროგრამაში არის გაწერილი უკავშირდება პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. ეს არის, პირველ რიგში, განათლება, რომელიც უფრო კონკურენტულ და უფრო ხარისხიან ცოდნას მისცემს თქვენს შვილებს, ახალ თაობას, პროფესიული განათლება, ინფრასტრუქტურული პროექტები, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა და ეს 20 მილიარდი ლარი, რასაკვირველია, პირდაპირ ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, მეტ დასაქმებულ ადამიანს. ეს არის სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ეს არის ბიზნეს-ინიციატივების მხარდაჭერა სხვა მიმართულებებითაც. ეს არის ჩვენი პროგრამა სამომავლოდ.

ჩვენ მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული, თუმცა, არ დავუშვებთ, რომ ვინმემ სცადოს ჩვენი ქვეყნის წარსულში დაბრუნება. არ დავუშვებთ, რომ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები მომავალში იყვნენ პოლიტიკაში, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით, შეძლეს კოვიდ-19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე - ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რასაკვირველია, ამას მოყვება ის, რომ ჩვენ კვლავ მოგვიწევს, აჭარაში გავაორმაგოთ სამედიცინო რესურსები, დავტვირთოთ ორჯერ უფრო მეტად ექიმები, ექთნები და ეპიდემიოლოგები, რომ ამას არ მოყვეს კიდევ შემდეგი გართულებები, არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც. ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დღეს საქმე და მის სატელიტურ სისტემასთან, რომელიც დეზინფორმაციით ცდილობს, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოს და კარგი ცუდად დააჯეროს.

არ დავუშვებთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში! ეს არის წარსული, მათ აქვთ პრობლემები საკუთარ წარსულთან, ჩვენ კი ვფიქრობთ მომავალზე და მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული.

მე მინდა, მხარი დავუჭირო ჩვენს კანდიდატს ამ ოლქში, ალექსანდრე მოწერელიას. რატომ უნდა ავირჩიოთ ეს ადამიანი? ის არის გამოცდილი საჯარო მოხელე, უკვე აქვს ჩამოყალიბებული ურთიერთობები და პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც სამთავრობო გუნდთან, ისევე საპარლამენტო პოლიტიკურ გუნდთან, პარტია „ქართულ ოცნებასთან“. მან ზუსტად იცის სად და როგორ უნდა გადაჭრას საკითხები, რომელიც თქვენს საზოგადოებას აწუხებს, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ის იქნება ყველაზე ღირსეული წარმომადგენელი თქვენი ოლქიდან და ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ გადავჭრათ საკითხები და უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამეგრელოს, თქვენი ქალაქის, თქვენი სოფლების წინსვლა და პროგრესი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა