საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაში „გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეული იყო ჩართული.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ისინი მიესალმებიან ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, „ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად“.
„დღეს, აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტმა გამოავლინა „გრუ"-ს #74455 სამხედრო ერთეულის 6 მონაწილე, რომელიც ჩართული იყო რამდენიმე კიბერშეტევაში, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერ-თავდასხმაშიც.
ჩვენ მივესალმებით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მიერ გამოჩენილ ძალისხმევას, ამ უგუნურ შეტევებში პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად. საქართველოს მთავრობა მადლიერია აშშ-ს, თავისი მეგობრებისა და პარტნიორების მიერ ქვეყნის კიბერ უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით შეტანილი წვლილისთვის.
საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანებული ძალისხმევა სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ქვეყნის სტაბილურობის, ინსტიტუციებისა და დემოკრატიული განვითარების შესასუსტებლად გამოყენებული საფრთხეების დასაძლევად“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის („გრუ“) 6 ოფიცერს რამდენიმე ქვეყნის მიმართ ჰაკერული თავდასხმის გამო, ბრალი წაუყენა.
დეპარტამენტის განცხადებით, ჰაკერები კომპიუტერულ შეჭრასა და თავდასხმებში მონაწილეობდნენ, რითაც უკრაინაში, საქართველოსა და საფრანგეთში არეულობის მოწყობას ცდილობდნენ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპიუტერული შეტევების დროს „გრუს“ ჰაკერებმა მსოფლიოში ყველაზე მავნე პროგრამები -KillDisk-ი და Industroyer-ი გამოიყენეს.