ევროპარლამენტარები - პირველი ტურის შემდეგ მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ, ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული

გვსურს, მივულოცოთ ევროკავშირის საკვანძო პარტნიორს, საქართველოს, რთული ეპიდემიოლოგიური კონტექსტის მიუხედავად, არჩევნების პირველი ტურის წარმატებულად ორგანიზება, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების ერთობლივ კომუნიკეში, რომელსაც ხელს დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიულარდი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი აწერენ.

ევროპარლამენტარები განცხადებაში აღნიშნავენ, ევროპარლამენტმა პანდემიის გამო არჩევნებზე დაკვირვება ვერ შეძლო, თუმცა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიას “ევროპული დიპლომატიური ზედამხედველობის“ 70 გუნდი თბილისში ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით შეუერთდა.

„ჩვენ ყურადვიღებთ, რომ არჩევნები შეფასდა კონკურენტულად და მთლიანობაში თავისუფლებები დაცული იყო, იმის მიუხედავად, რომ არსებობდა ამომრჩეველზე ზეწოლის სამწუხარო ფაქტები და სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის არსებული ბუნდოვანი ზღვარი წინა საარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს“, - ნათქვამია კომუნიკეში.

ევროპის პარლამენტის წევრები ასევე დასძენენ, რომ კანდიდატებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ინტერესი კი ამ არჩევნების პოზიტიური ნაწილი იყო. ამას გარდა, ევროპარლამენტარები აგრეთვე აცხადებენ, რომ მედია და პოლიტიკური ლანდშაფტი ქვეყანაში ისევ პოლარიზებული რჩება.

„დღეს, პირველი ტურის შემდეგ, ჩვენ მხარეებს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი და პრეტენზია, რომელიც დეტალებით იქნება გამყარებული, სამართლიანად, გამჭვირვალედ და ზედმიწევნით უნდა იქნას განხილული.

ევროპარლამენტი ყურადღებით დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას საარჩევნო პერიოდის დასრულებამდე, არჩევნების მეორე ტურის ჩათვლით“, - აღნიშნულია კომუნიკეში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება