ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჟანგბადის კონცენტრატებით მკურნალობას კოვიდსასტუმროებშიც უზრუნველყოფს. ამის შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ეს მოდელი უკვე მოქმედებს აჭარაში განთავსებულ კოვიდსასტუმროებში.
„ჯანდაცვის სამინისტროს გეგმა არის კვლავ უცვლელი. ჩვენ მივყვებით დასახულ გეგმას, რომელიც ადაპტირდება მოცემულ სიტუაციებთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეფექტურად ვმართოთ ყველა ის შემთხვევა, რომელიც დგინდება, მოვახდინოთ სწორი ტრიაჟი ყველა იმ პაციენტის, ვისაც ესაჭიროება კლინიკაში განთავსება თუ სასტუმროში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, თუ ბინაზე დატოვება. ასევე ვაუმჯობესებთ სასტუმროებში პაციენტების კლინიკური მართვის მოდელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უკვე გარკვეული მაგალითები აჭარაში, როდესაც სასტუმროებში ჟანგბადის კონცენტრატებით უზრუნველვყოფდით პაციენტებისთვის საჭირო მკურნალობის მოდელის ჩატარებას, რომელი მოდელიც დაინერგება წარმატებით თბილისშიც“, - განაცხადა ტიკარაძემ.