ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვის პროცესში, ცენტრალური ონლაინკლინიკის მუშაობამ სისტემაში გარკვეული ხარვეზები გამოავლინა. როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს მონიტორინგი გაგრძელდება.
„გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც პაციენტთან არ ჰქონდა დარეკილი ოჯახის ექიმს, თუმცა, არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ოჯახის ექიმს ჰქონდა დარეკილი, მაგრამ პაციენტი საჭიროებდა დამატებით მეთვალყურეობას. აქედან გამომდინარე, მონიტორინგის ეს სამსახური საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. მაქვს მონაცემები, რომ 119 საქმის დაბრუნება მოხდა ოჯახის ექიმთან, რაც რა თქმა უნდა, არ არის დიდი რიცხვი, როდესაც ვიცით, რომ 8900 ადამიანი გადის ახლა მკურნალობას ბინაზე. ეს მონიტორინგი გაგრძელდება და დარწმუნებული ვარ, ამ სერვისის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის გახდება მეტად უფრო სანდო და ეფექტური“, - განაცხადა ტიკარაძემ.