ექიმებს თავი დაგვანებეთ, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. ჩვენ, ექიმები აპოლიტიკური პიროვნებები ვართ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გუშინ აქციის დაშლისას წყლის ჭავლის გამოყენების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ექიმების მიმართ ხდება პოლიტიკური ქვეტექსტების შემცველი კითხვების დასმა.
„ექიმები ჩართული ვართ ამ უზარმაზარ გამოწვევასთან ბრძოლაში ყველაზე უფრო წინა ხაზზე. ექიმებს თავი დავანებოთ, ნუ ვრთავთ პოლიტიკაში. ექიმებს ჩვენი საქმე გვაქვს, დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე. მე ხომ არ ვმალავ, როდესაც მეკითხებით როგორ მოქმედებს შეკრებები პანდემიაზე, გეუბნებით, ცუდად მოქმედებს. პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური პროცესი დღეს პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას უშლის ხელს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ქვეყანაში ვერავინ ვერ შეაჩერებს იმიტომ, რომ საპარლამენტო არჩევნები ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას მომავალი 4-5 წლის განმავლობაში, როგორი პარლამენტი იქნება, ამ პროცესს ვერავინ გააჩერებს, მაგრამ მეორე მხრივ, ექიმებს თავი დაგვანებეთ, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ. პოლიტიკაში არ ვერევი, განა არ შემიძლია, მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარია ქვეყანა, მოსახლეობის ჯანმრთელობა, ამას ვახმარ ჩემს გამოცდილებას და ცოდნას“,-აღნიშნა გამყრელიძემ.