უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გათვალისწინებით დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე ისაუბრეს, რომელმაც უკვე 51 მილიონს გადააჭარბა და მორიგი რეკორდული მაჩვენებელია. აღინიშნა, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ქვეყანა წერტილოვანი და ლოკალური მიდგომების გამოყენების სტრატეგიას ინარჩუნებს და სისტემური შეზღუდვების ამოქმედება არ იგეგმება.

საუბარი შეეხო იმ წერტილოვანი შეზღუდვების აღსრულების პროცესს, რომელიც 9 ნოემბრიდან ამოქმედდა. მათ შორისაა დიდ ქალაქებში - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი - 22:00 საათიდან 05:00 საათამდე როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილების შეზღუდვა; ყველა ორგანიზაციის მუშაობა 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა; თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში როგორც მუნიციპალური, ისე კერძო საბავშვო ბაღების დროებით დახურვა.

გარდა ამისა, საბჭოს გადაწყვეტილებით, მიღებულია და ხორციელდება სპეციალური ზომები აღნიშნულ ქალაქებში მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ იზღუდება, ასევე 22:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები არ ვრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე;

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებით იმსჯელებს წერტილოვანი შეზღუდვების პაკეტზე, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შენელებას უფრო ეფექტიანად უზრუნველყოფს.

“საბჭომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დადგენილი წესების ზედმიწევნით აღსრულების აუცილებლობას, მათ შორის პირბადის ტარებას და დისტანციის დაცვას, მათ შორის პოლიტიკური პროცესის დროს, რაც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას და დამატებითი შეზღუდვების თავიდან აცილებას.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრო ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით ახორციელებს. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მძიმე შემთხვევების ჰოსპიტალიზაცია, რათა სისტემა არ გადაიტვირთოს და კლინიკის მიღმა ის ადამიანები არ დარჩნენ, ვისაც სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა პირველ რიგში სჭირდება. მსუბუქი შემთხვევები განაგრძობენ ბინაზე მკურნალობას ოჯახის ექიმებთან აქტიური კონსულტაციით, ხოლო ინფიცირებულები, რომელთაც თვითიზოლაციის შესაძლებლობა არ აქვთ - კოვიდ-სასტუმროებში, სადაც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა“, - ნათქვამია მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 63 650 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 47 390 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 521 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2 765 ადამიანი, კოვიდ-სასტუმროებში - 3 066 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 4709 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
რუსეთის პოლიტიკური-სამხედრო დემარში:   მეტად კონკრეტულად ცალკეული ასპექტების შესახებ
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!