გიორგი ვაშაძე - კომპრომისზე საუბარი ნაადრევია, ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ -  ველოდებით გარკვეული პოზიციების ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციის აქცია, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს, ძალაშია.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის, ხელისუფლებისა და დიპლომატების შეხვედრის შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე პოზიციები გაცვალეს, თუმცა ჯერჯერობით კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. მისი თქმით, მმართველი გუნდის მხრიდან გარკვეული პოზიციების ცვლილებებს ელიან.

„ორივე მხარემ - ოპოზიციამ და ხელისუფლებამ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიციები. საკმაოდ განსხვავებული პოზიციები გვაქვს. არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, იმიტომ, რომ გაყალბებული არჩევნებია, თუმცა დიდი ხანი მოვანდომეთ იმას, რომ დეტალურად გაგვეცვალა ჩვენი პოზიციები. ერთი, რაზეც შევთანხმდით ისაა, რომ აუცილებლად იქნება შემდეგი შეხვედრა. არ ვიცით, კონკრეტულად როდის, თუმცა ოპოზიციის პოზიცია არის ერთი, დავაფიქსირეთ ის, რასაც საჯაროდ ვამბობდით, ეს არის ახალი არჩევნები, საარჩევნო სისტემის სრული ცვლილება, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი, ბოიკოტი, არჩევნების გაგრძელება. შაბათს, 15:00 საათზე, აქცია გვაქვს, ეს ძალაშია და პარალელურად ველოდებით შემდგომი შეხვედრის თარიღს.

კომპრომისზე საუბარი ნაადრევია. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვართ, გავცვალეთ პოზიციები, მათ შორის მტკიცებულებები. ველოდებით გარკვეული პოზიციების ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან“,- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში უმრავლესობისა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ დიპლომატები.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს