„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აშშ-ს, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს მიმართავენ

„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ აშშ-ს, ევროკავშირისა და გერმანიის ელჩებს წერილობით მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიებისთვის არ იყო უზრუნველყოფილი თანასწორი პირობები.

როგორც გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, დაუშვებელია პოლიტიკური ძალების ხელისუფლებისთვის ბრძოლას შეეწიროს მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

„მივესალმებით თქვენს ძალისხმევას დღეს ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის მოგვარების საქმეში. ყველას კარგად გვახსოვს თქვენი განსაკუთრებული წვლილი 2020 წლის 8 მარტის შეთანხმების მიღწევაში. მაშინ, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერა არ მოხდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ, ეს ცვლილებები პარლამენტმა მიიღო უმრავლესობის გარეთ მყოფი სხვა დეპუტატების მხარდაჭერით.

რაც შეეხება 31 ოქტომბრის არჩევნებს, ჩვენ უკვე გამოვხატეთ საჯაროდ ჩვენი პოზიცია. არჩევნების შედეგები ადეკვატურად არ ასახავს მოსახლეობის განწყობას. მრავალი ადამიანის მიერ არჩევნებზე დაფიქსირებული ხმა, მათ შორის ჩვენი პარტიის მხარდამჭერების, არ არის ასახული საბოლოოდ საარჩევნო ოქმებში.

არჩევნების შედეგების შეუსაბამობის შესაფასებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია თუ როგორ მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პროცესი.

წინასაარჩევნო პერიოდში არ იყო უზრუნველყოფილი პარტიებისთვის თანასწორი პირობები. უთანასწორო მედია გარემო და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხელს უშლიდა ჩვენს შესაძლებლობას მოსახლეობამდე მიგვეტანა პოლიტიკური ხედვები. ამავე მდგომარეობაში აღმოჩნდა ბევრი სხვა პარტია. ამდენად პროცესი წარიმართა უსამართლოდ, როგორც არჩევნების დღეს, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.

სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, თუნდაც გაყალბების პროცესში ჩართულნი იყვნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც, საკუთარი პარტიების სასარგებლოდ.

არსებული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და იმისათვის, რომ საზოგადოების მიერ ლეგიტიმურად იქნას აღქმული არჩევნების შედეგები, აუცილებლად მიგვაჩნია ხელახალი არჩევნების დანიშვნა.

ამასთან ერთად, დღევანდელ ვითარებაში ქვეყანაში ყველაზე მწვავე მდგომარეობას ეპიდემიოლოგიური ვითარება ქმნის. შესაბამისად, პირველ რიგში აუცილებელია ყველა საჭირო ზომის მიღება, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობა. ამ ვითარებაში დაუშვებელია, როგორც არჩევნების მეორე ტურის ჩატარება, ასევე მოსახლეობის პროტესტის და უკმაყოფილების ქუჩის მანიფესტაციებით გამოხატვა.

ჩვენ რამდენიმე დღის წინ მივმართეთ პრეზიდენტსა და მთავრობას იმისათვის, რომ გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა და საარჩევნო პროცესი განახლდეს მხოლოდ ეპიდემიოლოგიური ვითარების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების შემდეგ. 31 ოქტომბრამდეც, ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით შეშფოთება, რომ საარჩევნო პროცესი და არჩევნები უდიდეს რისკებს ქმნიდა ეპიდემიოლოგიური ვითარების თვალსაზრისით.

სამწუხაროდ, ჩვენი ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა. დღეს ვითარება კიდევ უფრო საგანგაშოა (ბოლო ორი დღეა დღიური დაინფიცირების შემთხვევათა რაოდენობით საქართველო პროცენტულად პირველ ადგილზეა მსოფლიოში და რამდენჯერმე უსწრებს იმ ქვეყნებს, სადაც უკიდურესად მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ასევე აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მთავრობამ გადაწყვიტა მარტში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადება). დაუშვებელია პოლიტიკური ძალების ხელისუფლებისთვის ბრძოლას შეეწიროს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

საარჩევნო პროცესი უნდა შეჩერდეს, მოხდეს ფართო შეთანხმება იმ წესებზე, რომლებიც უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტის რეალურ თანასწორობას და სამართლიან პროცედურებს. კერძოდ: შეიზღუდოს ფინანსური რესურსების გავლენა არჩევნებზე, დაწესდეს ზედა ზღვარი პარტიების მიერ, საარჩევნო კამპანიის პერიოდში, დახარჯულ თანხაზე; შეიქმნას მედიაში პარტიების წარმოდგენის თანაბარი პირობები; დაწესდეს უმკაცრესი სასჯელი ამომრჩევლის მოსყიდვაზე და ზეწოლაზე, მათ შორის, პარტიის არჩევნებიდან მოხსნის ჩათვლით; უმკაცრესად დაისაჯონ საჯარო მოხელეები და საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებმაც ჩაიდინეს კანონდარღვევა; შეიცვალოს კომისიების დაკომპლექტების წესი, რათა ყველა პარტიას მიეცეს კომისიაში წარმომადგენლობის თანასწორი შესაძლებლობა.

ძვირფასო მეგობრებო, მოგმართავთ თხოვნით გამოიყენოთ თქვენი მაღალი ავტორიტეტი და ხელი შეუწყოთ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევას“,-ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა