ნაზი ჯანეზაშვილი - იუსტიციის საბჭოში კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ „კლანი“ ვისზეც წინასწარ შეთანხმდა, ყველა მოსამართლედ დაინიშნა

სასამართლოს კარი ღია არ არის პროფესიონალებისთვის, რაც ჩვენი სისტემის მთავარი პრობლემაა და გუშინდელი სია ამას მოწმობს. რამდენიმე კარგი მოსამართლეც დაინიშნა, მაგრამ ეს რამდენიმე კარგი მოსამართლე 300-კაციან სისტემაში ძალიან მცირეა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც ისაუბრა 36 მოსამართლის თანამდებობაზე განწესების შესახებ.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ „კლანი“ ვისზეც წინასწარ შეთანხმდა, ყველა ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა.

„პირველ რიგში, ამ კონკურსის დროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ორი წლის განმავლობაში არ აცხადებდა კონკურსს და საბოლოო ჯამში, როგორც კი გამოაცხადა კონკურსი, ისე აღმოჩნდა, რომ იურიდიული წრიდან პროფესიონალების ინტერესი ძალიან დაბალი დაფიქსირდა. 100 ვაკანსიაზე მივიღეთ 65 კანდიდატი. რეალურად, გამოდის, რომ ერთ ადგილზე ერთი ადამიანიც კი არ იყო. ახლა კი არის ისეთი სიტუაცია, რომ ერთი და იგივე ადამიანები მონაწილეობდნენ სხვადასხვა ვაკანსიებზე გამოცხადებულ კონკურში. პრობლემური იყო დაბალი კონკურენცია. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც კენჭისყრის დროს გამოიკვეთა ეს იყო „კლანური“ გადაწყვეტილებები, რაც ნიშნავს იმას, რომ როგორც ადრე, ახლაც აშკარა იყო, რომ საბჭოს წევრები კანდიდატებთან მიმართებით წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები.

კენჭისყრისას გამოჩნდა, რომ „კლანი“ ვისზეც წინასწარ შეთანხმდა ყველა ადამიანი მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა. იყო მომენტები, როდესაც სხდომას წყვეტდნენ იმისათვის, რომ ერთმანეთთან დამატებითი მოლაპარაკებები გაემართათ. ასევე გამოიკევთა ის, რომ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის საბჭოში დანიშნული წევრი თამარ ღვამიჩავა, რომელიც საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას ნათესავია, საბჭოს წევრთა პოზიციას იმეორებდა. ამდენი ხანია ის საბჭოს წევრია და ხმა ამ დრომდე არ ამოუღია. ახლა კი აშკარაა, თუ რატომ დანიშნა ის პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მან თავის როლი შეასრულა, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, კენჭისყრის წესით 36 მოსამართლე თანამდებობაზე განწესდა. უვადოდ დაინიშნა მოსამართლეთა ის ნაწილი, რომლებსაც სასამართლოში მუშაობის სამ წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ხოლო დანარჩენი სამწლიანი გამოსაცდელი ვადით განწესდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა