ქართული პრესის მიმოხილვა 20.11.2020

ოპოზიცია რადიკალურ გზას ირჩევს, აცხადებს, რომ ხელისუფლება სეპარატულ მოლაპარაკებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ

ვადამდელი არჩევნები 2021-ში და მეორე ტურის გადადება - რაზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება პოზიცია-ოპოზიციას შორის

შეძლებს თუ არა სოხუმის რეჟიმი ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას - “აფხაზეთში ისეთი სიღარიბეა, ეჭვი მეპარება თვითმფრინავით იმგზავრონ”

* * *

ოპოზიცია რადიკალურ გზას ირჩევს, აცხადებს, რომ ხელისუფლება სეპარატულ მოლაპარაკებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ

“ლელოს” ოფისში ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიცია ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა პროტესტის ფორმაზე, რომელსაც ისინი არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს მიმართავენ, თუმცა საბოლოოდ ყველა ლიდერი იმაზე ყაბულსაა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებენ. ამბობენ, რომ ხელისუფლებას ჰქონდა მათთან სეპარატული მოლაპარაკების მცდელობა, რათა პარალმენტში შესვლაზე დაეთანხმებინა, თუმცა ესეც ვერ შეძლო. ოპოზიცია არ თმობს არაფერს, მაგრამ ხელისუფლებასთან შეხვედრის მესამე რაუნდზე თანახმაა. ხელისუფლება კი პომპეოს ვიზიტის შემდეგ ოპოზიციას კვლავ პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოპოზიცია რადიკალურ გზას ირჩევს, აცხადებს, რომ ხელისუფლება სეპარატულ მოლაპარაკებას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ.

“დარწმუნებული ვარ, თითოეული პოლიტიკური პარტია და დეპუტატი იაზრებს ამ პასუხისმგებლობას, შესაბამისად მოიქცევა ისე, როგორც ეკადრება ქართველ ამომრჩეველს და საქართველოს მოქალაქეს, იმ მოლოდინებს და იმ პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს მოქალაქემ მისი თვალთახედვის შესაბამისად გადაანაწილა”, - აღნიშნა პრემიერმა გიორგი გახარიამ. ოპოზიცია კი კვალ ჯიუტად აცხადებს, რომ პარლამენტში არ შევა, ხოლო მათი სამოქმედო გეგმის შესახებ საზოგადოებას 20 ნოემბერს დღის 12 საათზე ეცნობება. “სხვადასხვა ვარიანტებს, ვერსიებს ვიხილავთ და ხვალ 12 საათზე ვიკრიბებით და საბოლოო გეგმა და გრაფიკი ეცოდინება საზოგადოებას და მედიას”, - განაცხადა გიგი უგულავამ. “ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების” პარტიის ხელმძღვანელი კი ხელისუფლებას მოუწოდებს, ენის მოჩლექვას და ხვეწნას შევიდნენ პარლამენტში თავი დაანებონ და რეალური შეთავაზება მიუტანონ ოპოზიციას, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ის მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგანაც ხალხს კიდევ ერთხელ ვერ სთხოვს ამ სიცივეში და კორონას პირობებში არჩევნებზე კვლავ მივიდნენ, რადგანაც აზრი არა აქვს და მათ ხმებს ისევ სანაგვეზე გადაყრიან”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტში ყოფნას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს ფორმალური არ უნდა იყოს. ხელისუფლებას მოვუწოდებ დაანებონ ამ ხვეწნას და ენის მოქლეჩქვას თავი. მოიფიქრონ რამე გონივრული წინადადება. ადრე კობახიძე დაგვცინოდა და ცინიკურ გამაღიზიანებელ განცხადებებს აკეთებდა. მიუხვდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა და ახლა გახარია ჩართეს, რომელიც იხვეწება. ბაღის ბავშვები ხომ არ ვართ, ძალით შეგვათრიონ. ის ფაქტი რომ შეერთებული შატატების მაღალი რანგის პირი თბილისში დარჩა, იმის მანიშნებელია, რომ ამერიკისთვის საქართველოს შიდა პრობლემები სულ ერთი არაა. ქვეყანა უმძიმეს სიტუაციაშია და ველით მოლაპარაკების მესამე რაუნდს. ხელისუფლებისგან ჯერჯერობით არანაირი წინადადება არ მიგვიღია. მათი ჯერია ახლა - რაღაცა ხომ უნდა თქვან. გამოსავალიც კი ჩვენ შევთავაზეთ. მათგან არაფერი არ ისმის. როდესაც საპარლამენტო კრიზისი იქმნება, ვადამდელი და რიგგარეშე არჩევნებია გამოსავალი. ამ კრიზის სხვა ვერაფერი განმუხტავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალეკო ელისაშვილი.

“მისივე თქმით, მეორე ტურებში მონაწილეობას აზრი არა აქვს - ერთი სული ჰქონდა სერგეენკოს მეორე ტურში შეხვედროდა და დარწმუნებული იყო პატიოსანი არჩევნების დროს მას მოუგებდა, თუმცა ყველაფერი ფარსი აღმოჩნდა: “ხალხი მეუბნებოდა, ხომ დავიცავდი მათ ხმებს. ამას ვერ ვახერხებ და მეორე ტურში მოდით-მეთქი ხალხს ამ სიცივეში რატომ მოვუწოდო? ბიულეტენებში უამრავი დისბალანსია და საოლქო კომისიაში მხოლოდ ერთი უბანი გადაითვალეს. ახლა რანაირად ვუთხრა საბურთალოელებს ამ წვიმაში, სიცივეში და კორონაში დადექით რიგში შემომხაზეთ და არა უშავს ნაგავში თუ გადაყრიან ამ ხმებს, აბა, ეს როგორ გავაკეთო?!” - მიიჩნევს ელისაშვილი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია ბარამიძე ასევე ფიქრობს, რომ მეორე ტურებში მონაწილეობა მათი მხრიდან არჩევნების შედეგების აღიარება იქნებოდა. მისი აზრით, ხელისუფლება ბოლოს მაინც გატყდება და იძულებული იქნება, რომ რიგგარეშე არჩევნებს დასთანხმდეს, სხვაგვარად არც ერთი ოპოზიციური ლიდერი სიტყვის გატეხვას არ აპირებს”, - განაგრძობს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, რეჟიმის ტონი შეცვლილია და დარბილებული. თურმე ახლა ჩვენი განადგურება კი არა პარლამენტში შესვლა უნდათ. ადრე მტრები ვიყავით და უნდა გავენადგურებინეთ. ჩვენი ასობით ათასობით ამომრჩევლის ამოხოცვას აპირებდნენ თუ რა უნდოდათ ვერ გეტყვით. თვალთმაქცები არინ და ახლა უცხოელ პარტნიორებს აჩვენებენ, ვითომ ცივილიზებულები არიან. არადა ყველამ იცის პრემიერი ვისაც ემორჩილება. ამათმა ვის რა პასუხისმგებლობაზე უნდა მოუწოდონ, ტოტალურად არის არჩევნები გაყალბებული. ეს ყველამ კარგად იცის. ივანიშვილის ამოცანაა გაარღვიოს ოპოზიციის ერთობა. წარმოაჩინოს ისე, რომ ვიღაც გიჟები პარლამენტში არ შევიდნენ და აი ნორმალურები აქ არიან. აი ამ წვალებაში არიან და ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი დამთავრდება”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ბარამიძე.

“რაც შეეხება ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მოწოდებას ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს, ბარამიძე ამბობს, რომ აბსოლუტურად ბუნებრივია, როცა ამერიკას იმ ქვეყნის სტაბილურობა უნდა, რომელიც მისი მოკავშირეა და მის განვითარებაში მილიონობით ლარია აქვს ჩადებული. ამერიკელები ოპოზიციას ლუკაშენკოს პარლამენტში შესვლისკენაც კი მოუწოდებს. ამიტომაც მათ განცხადებაში გასაკვირს ვერაფერს ხედავს: “ჩვენ არ გვაქვს უფლება ივანიშვილის მოგდებული მანდატები მივიღოთ. ამიტომაც ხალხის ნებას მივყვებით და მშვიდობინად არაძალადობრივ ბრძოლას ვაგრძელებთ. მეორე ტურებში მონაწილეობას არავინ აპირებს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ თავმოყვარე პოლიტიკოსები სიტყვას არ გატეხენ და პარლამეტში არ შევლენ”, - თვლის ბარამიძე, რომლის აზრით, “ერთი და ორი კაცი შეიძლება ფულით იყიდონ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს”, - დასძენს გამოცემა.

ვადამდელი არჩევნები 2021-ში და მეორე ტურის გადადება - რაზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება პოზიცია-ოპოზიციას შორის

“ხელისუფლებას და ოპოზიციას მეორე ტურამდე თუ ექნებათ მოლაპარაკებები, შეიძლება ორი მიმართულებით შეთანხმდნენ. მაგალითად არჩევნების მეორე ტური გადაიდოს ერთი ან ორი თვით და შემდეგ ოპოზიციამაც მიიღოს მასში მონაწილეობა, ხოლო მეორე ვარიანტია მოლაპარაკებებზე შუამავალი ელჩების შეთანხმება ოპოზიციასთან ვადამდელ არჩევნებზე მაგალითად 2021 წლის შემოდგომაზე იმ გარანტიით, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში. ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად და ამის გარდა სხვა რეალური ალტერნატივა არ არსებობს, - აცხადებს “რეზონანსთან”ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებზე საუბრისას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვადამდელი არჩევნები 2021-ში და მეორე ტურის გადადება - რაზე შეიძლება მოხდეს შეთანხმება პოზიცია-ოპოზიციას შორის.

“ოპოზიცია თავის ყველა განცხადებაში აფიქსირებს, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და საუბარი აქვთ მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. აქედან გამომდინარე ერთადერთი რეალური მოლაპარაკების თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეიძლება იყოს შუამავალი ელჩების გარანტიით ვადამდელი არჩევნები. თუკი ისინი მისცემენ ოპოზიციას გარანტიას, რომ შეთანხმდნენ ვადამდელ არჩევნებზე იმ დათქმით, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში, ეს იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. ვინაიდან ოპოზიცია საუბრობს სამომავლო არჩევნებზე, შეიძლება ეს შეთანხმება მოხდეს და ამას მოჰყვეს კოდექსის და ცესკოს დაკომპლექტების საკითხში ცვლილებები. თუ ამაზე შეთანხმდებიან, ალბათ მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. მანამდე კი ეს ყველაფერი სერიოზულად და საფუძვლიანად რომ გაიარონ, უბრალოდ ვერ მოასწრებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ძაბირაძე.

“ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში არ არის აუცილებელი მეორე ტურში მონაწილეობის მიღება, თან ორი დღე დარჩა და ვეღარც მოასწრებენ უკვე საარჩევნო კამპანიის ჩატარებასა და მობილიზებას. არის ერთი ვარიანტი - მეორე ტურამდე შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში და მაჟორიტარული არჩევნები გადაიდოს და შემდეგ მიიღებს ოპოზიცია მასში მონაწილეობას თუ დარჩენილ ორ დღეში ისინი მოახერხებენ ამაზე შეთანხმებას. სამართლებრივად შეიძლება ეს გამოსავალი მოიძებნოს და ისე რასაკვირველია არ მიიღებს ოპოზიცია ამ არჩევენებში მონაწილეობას”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “უშვებს თუ არა ოპოზიცია შეცდომას მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმით”.. - პასუხობს:

“ჩემი აზრით ოპოზიცია შეცდომას უშვებს, თუმცა ახლა როგორც არ უნდა სურდეთ მეორე ტურში მონაწილეობა, უკვე გვიანია. დღეს რომც უნდოდეს ოპოზიციას მეორე ტურში მონაწილეობა, ვეღარ მოასწრებენ. ამიტომ მაჟორიტარების არჩევაში გამორიცხულია, რომ მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ თუ გადაიდო ერთი თვით ან ორი თვით ეს უკვე სხვა საქმეა. მე თავიდანვე ვამბობდი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო და ეს სწორი იქნებოდა. ვფიქრობ, ოპოზიცია უშვებს შეცდომას, თუმცა მათ თავად გადაწყვიტეს ასე და თუ რატომ, ამაზე მათ მაგივრად სამწუხაროდ ვერ ვისაუბრებ”.

შეძლებს თუ არა სოხუმის რეჟიმი ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას - “აფხაზეთში ისეთი სიღარიბეა, ეჭვი მეპარება თვითმფრინავით იმგზავრონ”

“რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას აპირებს. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუ აეროპორტი აღდგა, ეს ფორმალობა და უკანონობა იქნება, რადგან ეს საქართველოს ტერიტორიაა, საქართველო კი საერთაშორიო ფრენების უფლებას არ იძლევა. რუსული მედიის ინფორმაციით, “როსავიაციის” წარმომადგენლები სოხუმის აეროპორტში იყვნენ, რომლებიც აპირებენ, რომ აეროპორტის ტექნიკურ მდგომარეობა შეისწალონ და შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრონ, კაპიტალური რემონტისა და ფუნქციონირებისთვის. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის მშენებლობის შესახებ 12 ნოემბერს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა. 17 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აეროპორტის ფუნქციონირება სრულიად შესაძლებელია, თუმცა ამისთვის აფხაზეთში ჯერ სათანადო პირობები უნდა შეიქმნას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეძლებს თუ არა სოხუმის რეჟიმი ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას - “აფხაზეთში ისეთი სიღარიბეა, ეჭვი მეპარება თვითმფრინავით იმგზავრონ”.

“როგორც ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ უკანონოა და ამ აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენებს ვერ განახორციელებენ, რუსეთში რეგულარული ფრენებით მოსახლეობა არ ისარგებლებს, რადგან თვითმფრინავით მგზავრობა დაახლოებით ათჯერ ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ. “საქართველოსთვის არსებითად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ იქ რაც მოხდება, უკანონო იქნება, ამაზე უკვე მრავალი წელია საუბარი მიდის, ყოველი დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლისას ამაზე ლაპარაკი იყო და მერე მიჩქმალდებოდა ხოლმე. საქმე იმაშია, რომ “ბაბუშერას” აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენებს ვერანაირად ვერ განახორციელებენ, “იკაო” (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) არ მისცემს უფლებას იმიტომ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საქართველო ამის უფლებას არ იძლევა”, - განმარტავს ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, “ამიტომ იქიდან ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ფრენები, რაც ხორციელდება კიდეც, უკანონოა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მაგალითად როცა რუსეთმა აფახაზეთის დამოუკიდებლობა უკანონოდ აღიარა, მაშინ ლავროვი სოუმში სახელწიფო თვითმფრინავით ამ აეროპორტში დაეშვა, ანუ ეს აეროპორტი იშვიათად წელიწადში ორ-სამჯერ, მაგრამ გამოიყენება. შესაძლოა სოხუმიდან რუსეთში უკანონო ფრენები მაინც აღდგეს, მაგალითად როსტოვში და იქიდან უკვე სოხუმში მცხოვრებლებმა საერთაშორისო ფრენები განახორციელონ, მაგრამ რატომ უნდა იწვალონ და სოხუმიდან იგივე ადლერში წავიდნენ, როცა ამავე ადგილამდე ავტობუსით უფრო იაფი დაუჯდებათ, ანუ მხოლოდ რუსეთში ფრენები არარენტაბელურია, შესაძლოა ზარზეიმით გაიხსნას, მაგრამ სინამდვილეში იქიდან ვერავინ იფრენს, ძალიან ძვირია, თან აეროპორტის უსაფრთხოებისთვის მთელი ინფრასტრუქტურაა საჭირო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ერთის მხრივ ეს უკანონობაა, მეორეს მხრივ კი ხალხი არ ყოფნის იმდენი, რომ მათ ფული ჩადონ და ეს ძვირადღირებული პროექტი აამუშაონ. მათთვის უკეთეს შემთხვევაში ეს პიარკამპანია იქნება, რათა გარკვეული ამბიციები დაიკმაყოფილონ, სინამდვილეში კი იქიდან შესაძლოა ფრენები ადლერში, სოჩაში, ან უკეთეს შემთხვევაში როსტოვში კვირაში ერთხელ განახორციელონ. ისე კი აფხაზეთში ისეთი სიღარიბეა, რომ ეჭვი მეპარება ადამიანებმა თვითმფრინავით იმგზავრონ, ეს ფორმალობაა, უკეთეს შემთხვევაში სიმბოლიზმია, რომ აეროპორტი მუშაობს, შუძლიათ ქართველებს მშვიდად იყვნენ, რომ უცხოეთში ამ აეროპორტიდან ფრენები ვერ განხორციელდება, ყველაზე მეტი ადამიანი თუ სოხუმის აეროპორში თვითმფრინავში ჩაჯდეს და ადლერში ან როსტოვში გაფრინდეს და იქიდან მაგალითად სტამბოლში გაფრინდეს ,მაგრამ ეს უკვე რუსული რეისი იქნება და არა აფხაზური”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა