გიორგი მარგველაშვილი - პარლამენტში არშესვლა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა - რომ შეხვიდე და ეს თაღლითობა გაუფორმო, აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, მომავალში სამართლიანი არჩევნები მოითხოვო

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, სწორია იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, რომლებიც საკუთარი და ამომრჩეველთა ხმების დასაცავად იბრძვიან.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, პარლამენტში არშესვლა ოპოზიციის ლიდერების ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის სტრატეგიული მიზანი ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა.

„პოლიტიკურად უაღრესად სწორია ის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი ოპოზიციონერი ლიდერები იღებენ. გარდა ამისა, საუბარია იმაზე, რომ პარლამენტში არშესვლა ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, რადგან სტრატეგიული მიზანი მდგომარეობს ახალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. შენ რომ იქ შეხვიდე და ეს თაღლითობა გაუფორმო, აღარ უნდა გქონდეს პრეტენზია, რომ მომავალში სამართლიანი არჩევნები მოითხოვო. შენ ჩემთან, როგორც ამომრჩეველთან ვერ მოხვალ და ვერ მეტყვი, მომეცი ხმა, რადგან ჩემი ხმა არ დაიცავი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და ძალიან ბევრი გამოწვევაა.

„ვითარებას, რომელშიც ჩვენ ვართ, ერთმნიშვნელოვნად კრიზისი უნდა ვუწოდოთ და მეტიც, ვთქვათ, რომ ეს არის საქართველოსთვის, ჩვენი პრობლემური პოლიტიკური კულტურისთვისაც კი უპრეცედენტო კრიზისი. უპრეცედენტოა განსხვავებულთა ისეთი გაერთიანება, რაც ძალიან ბევრის მთქმელია, როგორც ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არჩევნებზე, ასევე იმაზე, რამდენად გაზრდილია პოლიტიკური ფასი. (ოპოზიცია) არ შედის თამაშებში, რაღაც კულუარულ გარიგებებში, რომელთა ბედიც ყველამ კარგად ვიცით. ესეც მათ გარკვეულ გაზრდაზე მეტყველებს, რადგან მანამდე ასეთი რაღაცები სხვანაირად ხდებოდა.

რაც შეეხება ჩვენი უცხოელი პარტნიორების დასკვნას, მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო მკაცრი და მწვავე ენით არის ჩამოყალიბებული ის დანაშაულებები, რომელიც ამ არჩევნების დროს მოხდა“, - განაცხადა მარგველშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, რომ პარლამენტში შევიდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება მათ ინდივიდუალურად უნდა მიიღონ.

მარგელაშვილის ვარაუდით, თუ ვითარება არ დასტაბილურდება, მათი მხრიდან ხელისუფლების მისამართით ზეწოლის დინამიკა კიდევ უფრო გაიზრდება.

„მე ვარ ოპოზიციური ამომრჩეველი და ერთ-ერთი ჯარისკაცი იმ ბრძოლაში, რომელშიც ხსენებული პოლიტიკური ოპოზიციური ლიდერები ნათლად გვეუბნებიან მათ ამომრჩევლებს, როგორ იცავენ ხმებს. ისინი დღეს მეუბნებიან, რომ მიზანია ხელახალი არჩევნები. მეუბნებიან, რომ ჩემს ხმას არ დათმობენ. მეუბნებიან, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ და კიდევ ერთი-ისინი მეუბნებიან, რომ ხვალ საარჩევნო უბანზე არ უნდა წავიდე. მე, როგორც ერთი რიგითი ამომრჩეველი ვაფასებ მათ სტრატეგიას, როგორც წარმატებულს და მათ მივანდობ ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლებას. შესაბამისად, მე ვარ ოპოზიციური ამომრჩეველი, არ ვამბობ, რომელ პარტიას მივეცი ხმა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ მიმიცია. ის ლიდერები, რომლებიც იცავენ ჩემს და ასი ათასობით სხვების ხმებს, მე დღეს ნათელ გზავნილებს მიგზავნიან. ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებებში არიან და პრინციპულები იქნებიან, ისინი ამბობენ, რომ პარლამენტში არ შედიან და ხელახალი, სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან“,-განაცხადა მარგველაშვილმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია პრივატიზებულია ერთი პოლიტიკური ძალის-„ქართული ოცნების“ მიერ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა